ახალი ამბები

“ენერგო პრო ჯორჯია”: ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი არ ექნება

12 დეკემბერი, 2013 • • 3301
“ენერგო პრო ჯორჯია”: ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი არ ექნება

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა  ავთო დვალიშვილმა განუცხადა. 

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ არ დააწესა “ენერგო პრო ჯორჯიამ” ბათუმისთვის ელექტროენერგიის გრაფიკი? ავთო დვალიშვილმა განმარტა:


“ბათუმს ელექტროენერგია მიეწოდება 24 საათის განმავლობაში, ოღონდ შეზღუდვებით. ელექტროენერგია მიეწოდება ხან ერთ უბანს, ხან- მეორეს. რადგან არის შეზღუდვები, გრაფიკს ვერ დავაწესებთ. თანაც ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ელექტროენერგიაზე შეზღუდვა ბათუმში დღის ბოლომდე მოიხსნება”.

 

უკვე მეოთხე დღეა, რაც აჭარის მოსახლეობის უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბათუმს, სადაც 60 ათასამდე აბონენტია რეგისტრისტრირებული, ელექტროენერგია მეორე დღეა დაუდგენელი გრაფიკით მიეწოდება, რაც თურქეთიდან ელექტროენერგიის მიღებით გახდა შესაძლებელი. 

 

აჭარის გადამცემი ხაზით ხორციელდება თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, თუმცა დენის იმპორტის შეზღუდულად ხორციელდება. რატომ ვერ ხერხდება იმპორტირებული ელექტროენერგიით ბათუმისა და აჭარის მოსახლეობის ელექტროენერგიით უწყვეტ რეჟიმში მომარაგება უამინდობის დროს? – ამ კითხვაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პასუხი ასეთია:

 

“ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად არ დავტვირთოთ, რადგან არ გვინდა, რომ ეს ხაზები დაზიანდეს ამ დიდთოვლობის პერიოდში. თურქეთი იმიტომ არ გვაწვდის სრულად, რომ იქაც ცუდი ამინდებია.”

 

ილია ელოშვილის თქმით, ბათუმის მოსახლეობის 20% ექცევა გრაფიკის ქვეშ: “პერიოდულად ვაწვდით გრაფიკით დენს უბნებს. მონაცვლეობით ხდება უბნების ჩართვა”.

 

ბათუმში მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია ზუსტი გრაფიკის შესახებ, თუ რომელი უბანი დღის რომელ მონაკვეთში მიიღებს ელექტროენერგიას, გათიშვა ხდება სისტემატიურად და სტიქიურად, ხოლო 1.5 დღის განმავლობაში ქალაქს შუქი საერთოდ არ მიეწოდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი