ახალი ამბები

ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ თედო ჯაფარიძე ბრიტანეთში ელჩობაზე გადაწყვეტილებას გადახედავს

11 ივნისი, 2013 • • 981
ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ თედო ჯაფარიძე ბრიტანეთში ელჩობაზე გადაწყვეტილებას გადახედავს

როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის ადამიანურად გასაგებია, თუ რატომ ამბობს უარს ბრიტანეთში ელჩობაზე თედო ჯაფარიძე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების მიერ დანიშნული პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რომელსაც ფანჯიკიძე გამოცდილ დიპლომატად ახასიათებს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში, ბულგარეთში, გერმანიასა და ჩინეთში ახალი ელჩების დანიშვნის პროცესი ჭიანურდება. ხელისუფლება ამ ფაქტს პრეზიდენტის ადმინისტრაციას აბრალებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ზემოხსენებულ ქვეყნებში დასანიშნი ელჩების კანდიდატურების დამტკიცების გადაწყვეტილებას (მათ შორის თედო ჯაფარიძის კანდიდატურას) ხელს არ აწერს.

 

“არამხოლოდ თედო ჯაფარიძის დანიშვნას არ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი, არამედ კიდევ სამი ელიჩის კანდიდატურაა უკვე მასთან შესული და ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო მათი პარლამენტში გადაგზავნა ამ დრომდე არ მომხდარა. მიუხედავად საჯაროდ რამდენჯერმე დასმული შეკითხვისა, მე პასუხი ვერ მივიღე იმაზე, თუ რატომ ფერხდება ამ კონკრეტული ელჩების დანიშვნის საკითხი. მაინტერესებს, არის თუ არა რაიმე პიროვნული და პერსონალური ამ კანდიდატების წინააღმდეგ?! დიდ ბრიტენეთში, ჩინეთში, ბულგარეთსა და გერმანიაში უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ ელჩი არ გვყავს და დღესვე, რომ გადაიგზავნოს ეს კანდიდატურები პარლამენტში, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება იმას, რომ ისინი მუშაობას შეუდგნენ”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

თედო ჯაფარიძემ მიმდინარე კვირის განმავლობაში ბრიტანეთში ელჩობაზე უარი თქვა. ფანჯიკიძე კი იმედოვნებს, რომ იგი თავის გადაწყვეტილებას შეცვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი