ხელოვნება

კონკურსი “ალტერნატიული ხედვა”

14 დეკემბერი, 2011 • 1102
კონკურსი “ალტერნატიული ხედვა”

დღეს კინოთეატრ “რუსთაველში” კავკასიური დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში 11 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყო.

კონკურსში–  სახელად “ალტერნატიული ხედვა”– სომეხმა და აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ათწუთიანი დოკუმენტური ფილმები წარმოადგინეს. ფილმები ძირითადად სომხურ–აზერბაიჯანულ კონფლიქტს ეხებოდა, თუმცა სტუდენტები ახალგაზრდების პრობლემებსაც შეეხნენ.

პროექტი–  „ალტერნატიული ხედვა“– „ინტერნიუს-სომხეთის“ და „ინტერნიუს- აზერბაიჯანის“, „ინტერნიუს- საქართველოსთან“ თანამშრომლობით და აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის (USIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც “ინტერნიუს–სომხეთის” წარმომადგენელი და პროექტის მენეჯერი ნაირა მარტიკიანი აცხადებს, თავდაპირველად კონკურსი ცხადდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება ჟურნალისტიკისა და ტელე–სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ, მათ თავიანთი ფილმები უნდა წარადგინონ და მონაწილეობის უფლება მოიპოვონ:

“ერთის გარდა, ყველა ფილმზე აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები წყვილებად მუშაობდნენ, ეს მათ დაახლოებას განსაკუთრებით უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის დიდი კონფლიქტი არსებობს, ეს ყველაფერი ბავშვებზე არ აისახება”

ნაირა მარტიკიანის თქმით, ფესტივალი წელს მესამეჯერ ტარდება, წინა წლებში პროექტის მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველოც იყო, თუმცა წელს მათ გარკვებული მიზეზების გამო პროექტში ჩართვა ვერ მოახერხეს:

“ამჯერად კონკურსის დასახელებაც შეცვლილია, ადრე სახელი გადაცემა “გზაჯვარედინიდან” გამომდინარეობდა. ეს გადაცემა დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა როგორც სომხეთში და აზერბაიჯანშე, ასევე, საქართველოში და ამ ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებს გვაცნობდა. წელს კონკურსს სახელიც შეეცვალა და,  სამწუხაროდ, საქართველოს გარეშე ჩატარდა, თუმცა, ვფიქრობ, პროექტი მაინც გამოვიდა”, – აცხადებს ნაირა მარტიკიანი.

მონაწილეებს სიმბოლური პრიზები შემდეგ ნომინაციებში გადაეცათ: ალტერნატიული ხედვა, სპეციალური ხედვა, ერთობლივი ხედვა და ახალი ხედვა.

ერთ–ერთი საკონკურსო ფილმი საქართველოში არსებულ თითების თეატრს შეეხებოდა. ჩვენებას მთავარი გმირი, თითების თეატრის “მთავარი თითი” ბესო კუპრაშვილიც ესწრებოდა:

“ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც ბავშვები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ფილმის გადაღება უნდოდათ. მე ადრე ვაკეთებდი პროექტს, სადაც 15–15 აზერბაიჯანელი და სომეხი და 30 ქართველი ხელოვანი მონაწილეობდა. მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო და ამჯერადაც დავთანხმდი. ყველაზე მთავარი და კარგი იყო ის, რომ მათ შორის არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა, ბავშვები ძალიან მეგობრულად და შეხმატკბილებულად ცდილობდნენ, გაეკეთებინათ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ. ომი ისეთი საშინელი რამ არის, რაც ყოველთვის გაგყვება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ მიტევება. მთავარია ერთმანეთთან დაახლოება, თორემ დაშორებას წინ არაფერი უდგას”

პრიზები არა მხოლოდ საუკეთესო ფილმების ავტორებს, არამედ მათაც გადაეცათ, ვინც გადაღებისა და მონტაჟის პროცესში ყველაზე შეთანხმებულად იმუშავა.

ნომინაციაში “ალტერნატიული ხედვა” არტურ ხაჩატურიანმა და მისმა მეწყვილემ გაიმარჯვეს. არტურ ხაჩატურიანი ფილმის ავტორიცაა და მონაწილეც. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, თავიდან ასეთი შემოთავაზება ცოტა საეჭვოდ მოეჩვენათ, თუმცა საბოლოოდ დათანხმდნენ და ექსპერიმენტმა გაამართლა.

ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალი იყო. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი