წიგნის ფესტივალი [Video]
წიგნები,წიგნის ფესტივალი დღეს, დილის 11 საათზე გაიხსნა. ფესტივალზე დილიდანვე უამრავი ხალხი მივიდა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები მკითხველს 20%–დან 80%–მდე ფასდაკლებებს სთავაზობენ, რაც, ორგანიზატორების განცხადებით, უპრეცედენტო შემთხვევაა.
ყოველ საათში ერთხელ ფესტივალის მთავარ სცენაზე გათამაშება იმართება, კითხვაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში, მყიდველები 10– ლარიან ვაუჩერს იგებენ, რომელიც ნებისმიერ სტენდთან შეუძლიათ გაანაღდონ.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა "პალიტრა ელის" აქციას, მაკულატურის ჩასაბარებლად რიგები დილიდან დგას. როგორც "პალიტრა ელის" წარმომადგენლები აცხადებენ, მაქსიმალური რაოდენობით, 325 კილოგრამი, მაკულატურა ორმა გოგონამ ჩააბარა.
როგორც გამომცემლობების წარმომადგენლები აცხადებენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა ნათარგმნ და საბავშვო ლიტერატურაზეა.
ფესტივალის ფარგლებში ეწყობა შეხვედრები წიგნების ავტორებთან. დღეს საკუთარი წიგნი "ავღანური დღიურები" შვედეთის ელჩმა საქართველოში დიანა იანსემ წარადგინა, შემდეგ კი მკითხველთან დისკუსია გაიმართა.
ფესტივალი დღეს, 19:30 წუთზე დაიხურება და ხვალ, დილის 11 სათიდან მყიდველისთვის კვლავ ღია იქნება.

კომენტარი