ხელოვნება

კინო საღამოს შვიდზე [Video]

2 აპრილი, 2014 • • 1470
კინო საღამოს შვიდზე [Video]


თეატრალური უნივერსიტეტის კინოკლუბი, აღმაშენებლის 40 ნომერში, თეატრალური უნივერსიტეტის შენობის დარბაზში მდებარეობს.  კინოკლუბის სტუმრებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა ნახონ ისეთი ფილმები, რომელთაც თბილისის ვერცერთ კინოთეატრში ვერ ნახავენ.

 

„ცოტა ხნის წინ გვქონდა საკმაოდ ვრცელი იაპონური კინოს რეტროსპექტივა, დავიწყეთ 50-იანი წლებიდან, რომელიც გაიხსნა ცნობილი კლასიკოსით, კენჯი მიზოგუჩით, შემდეგ გადავედით ოზუზე, კუროსავაზე,  და მივედით თანამედროვე კინომდე,“- ამბობს ვახო ჯაჯანიძე. სწორედ ვახოს და მისი მეგობრების ინიციატივით განახლდა კინოკლუბის ცხოვრება თეატრალურ უნივერსიტეტში ოთხი წლის წინ.

 

„4 წლის წინ გაჩნდა იდეა, რომ აღგვედგინა ეს სივრცე. შეიცვალა ლოკაცია, გადმოვედით ამ სივრცეში, მოვითხოვეთ უნივერსიტეტისგან, შეეძინათ პროექტორი, გამწოვი და სხვადასხვა ტექნიკური საშუალება. კვირაში ავიღეთ სამი დღე, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, საღამოს 7 საათი.  პირველი კურსიდან, მე და ჩემი მეგობრები ვუჩვენებთ როგორც ქართულ,  ასევე არაქართულ ფილმებს,  გვყავს მოწვეული სტუმრები. რაღაცნაირად,  ეს სივრცე გადაიქცა სივრცედ, სადაც იკრიბებიან ადამიანები, განურჩევლად პროფესიისა, არა მხოლოდ სტუდენტები. უყურებენ ფილმებს, ეძლევათ კომუნიკაციის საშუალება, გამოთქვამენ საკუთარ აზრს, იღებენ ინფორმაციას, გარკვეულწილად განათლებასაც,“- ამბობს ვახო.

 

ფილმებს, რომელიც კინოკლუბში გავა, ძირითადად, თავად არჩევს.

 

„პირველ კურსზე ვცადე დავკავშირებოდი კინომცოდნე პედაგოგებს,  და არა მხოლოდ. მათ აქვთ თავიანთი სილაბუსები და გარკვეული პროგრამა, რომელიც ვთხოვე გადმოეგზავნათ. მინდოდა რაღაცნაირად ამერჩია მათთან შეთანხმებით ფილმები, და მერე კინოკლუბში გამეშვა. სწავლების პროცესის ფარგლებში გვინდოდა სტუდენტებს ჰქონოდათ საშუალება, რომ დავალებული ფილმები ენახათ ჩვენს სივრცეში. ამან გარკვეულწილად იმუშვა, თუმცა, შემდეგ უკვე სხვა სახე მიიღო. დღეს, პერიოდულად ვირჩევთ ქვეყანას, აუდიტორიასთან შეთანხმებით ვირჩევთ ფილმებს, ხანდახან ერთპიროვნულად,  გააჩნია შემთხვევას. ზოგჯერ რომელიმე ქვეყნის კინოს დაბადებიდან თანამედროვე კინოს ჩათვლით მივყვებით. არის ხოლმე, როცა მოვლენას ვირჩევთ და ამ მოვლენის ფარგლებში ვარჩევთ ფილმებს, გააჩნია. არ ვართ ამ მხრივ შეზღუდული.“

 

მსგავსი მიზნებით შექმნილი პირველი კინოკლუბი თეატრალური უნივერსიტეტის ბაზაზე, დაახლოებით, 2004-დან 2007 წლამდე ფუნქციონირებდა.

 

„დასაწყისში VHS-ის კასეტებზე გვქონდა საკმაოდ იშვიათი ფილმები, რომლის ჩვენებაც გვინდოდა ქართულად.  მიკროფონი არ გვქონდა და ხმამაღლა, სინქრონულად ვახმოვანებდით. კინოჩვენება კვირაში ორჯერ იყო. კვირის ერთი დღე რეტროსპექტივა იყო, მეორე – შედარებით თანამედროვე ფილმები. რექტორს ვთხოვეთ და უფლება მოგვცა გურამ საღარაძის აუდიტორიაში გაგვეშვა.  მგონი ლარი კლარკი [Larry Clark] გავუშვით, კენ პარკი [Ken Park] და საღარაძის თხოვნით გამოგვიშვეს მაგ აუდიტორიიდან, საიდანაც თეატრალურის სარდაფში გადავედით.  იქ სასწავლო სტუდია იყო, მგონი, და ხშირად ხელს ვუშლიდით გადაღებებს. შემდეგ მარჯანიშვილზე გადავედით, იქ, სადაც დღეს არის. მაშინ თეატრალურის ეგ კორპუსი არ იყო პოპულარული, არ იყო ფეისბუქი, რომ სოციალურ ქსელებში რეკლამა გაგვეკეთებინა და ხალხიც ცოტა მოდიოდა. ადამინისტრაციასთანაც პრობლემები შეგვექმნა და შევწყვიტეთ ჩვენებები,“- ამბობს დათო გურგენიძე, კინოკლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი.  

 

მალევე თეატრალურში ახალი კინოკლუბი – FILMLOVERS CLUB, ახალმა სტუდენტებმა დააარსეს. ერთ-ერთი, მათ შორის,  სტუდენტი ეკა წოწორია იყო.

 

„მე და რამდენიმე ჩემმა კურსელმა [კინომცოდნეებმა] გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა კინოკლუბი, სადაც ნაჩვენები იქნებოდა ერთდროულად, ჩვენი აზრით, კარგი მხატვრული ღირებულების ფილმები, რომლებიც ამასთან შეეხებოდა ჩვენი თანატოლებისთვის აქტუალურ საკითხებს, რომლებზეც ფილმის დასრულების შემდეგ ვიმსჯელებდით. ჩვენდა გასაკვირად გაცილებით მეტი ხალხი მოდიოდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გარედან,  ვიდრე „პროფესიონალები“ უნივერსიტეტიდან. პოსტერები ქალაქის ცენტრში ბევრგან გვქონდა ხოლმე გაკრული.“



 

„ იმავე ადგილას ვმართავდით ჩვენებებს, მაგრამ არასდროს გვხიბლავდა ჩვენებებისთვის, დისკუსიისთვის ძალიან არადემოკრატიულ, არამიმზიდველ და არამომხიბვლელ სივრცედ გვეჩვენებოდა სააქტო დარბაზი, აღგზნებული ცხენებითა და ეკლესიებით კედლებზე. ასე რომ, მომდევნო წელს გადავინაცვლეთ ქვედა სართულზე  (ჩვენი აზრით, უფრო „ანდერგრაუნდ“ სივრცეში, რომელიც ჩვენ თვითონ მოვაწყეთ და ჩვენი აზრით, უფრო უშუალო და თავისუფალ გარემოს სთავაზობდა ყველას დისკუსიებისთვის. ამ სივრცეს თავისი მინუსები ჰქონდა, ცოტა ნესტიანი იყო. ჩვენება კვირაში ერთხელ გვქონდა. ალბათ, ორი წელი იარსება, ოღონდ წყვეტებით,“ – ამბობს ეკა წოწორია. 

 

დღეს კინოკლუბში ჩვენებები ისევ სააქტო დარბაზში იმართება. როგორც ვახო ჯაჯანიძე ამბობს,  დარბაზს პირველ რიგში დარბაზის დიგიტალიზაცია, კარგი ხარისხის პროექცია,  კარგი ხარისხის ხმა და კომფორტული სკამები სჭირდება, თუმცა, მათი არ არსებობა ხელს არ უშლის ჩვენებების გამართვას.

 

„დროთა განმავლობაში ძალიან იხვეწება კინოკლუბი,  მიხარია, რომ ვახო კარგად არჩევს ფილმებს. ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ კინო უნდა ნახო. არა მხოლოდ კინოხელოვნებას და მის პოპულარაზიციას, სხვადასხვა რეჟისორების გაცნობას ემსახურება,  ეს არის ადგილი, რომელსაც სოციალური დატვირთვაც აქვს.  პლატფორმა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეიკრიბონ, მითუმეტეს, როცა კინოჩვენებებს მოყვება ხოლმე დისკუსიები. ბევრი მოსწავლე აქ ჩამოყალიბდა, რა უნდოდა სამომავლოდ. მერე ზოგმა ჩააბარა კიდეც აქ,“- ამბობს თამთა ხელაია, თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კინომცოდნე.

 

„ძალიან კარგად შერჩეული ფილმებია. გარდა ამისა, ფილმებზე პროფესიონალი და სხვა პროფესიის ადამიანების აზრების მოსმენა არის ძალიან საინტერესო.  მე თავად კინოსთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ეს არის ერთ-ერთი, თუ არა ერთდადერთი ინტერდისციპლინური სივრცე ჩვენს ქალაქში,“- ამბობს სპეციალობით ისტორიკოსი, ნიკა აგლაძე. 


პერიოდულად კინოკლუბი სტუმრებსაც მასპინძლობს. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა კინოკლუბში რეჟისორ, ელდარ შენგელაიასთან გაიმართა. 



მასალების გადაბეჭდვის წესი