ახალი ამბები

პროკურატურა: თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

24 მარტი, 2014 • • 901
პროკურატურა: თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

პროკურატურის განმარტებით, 2014 წლის 24 თებერვალს თბილისის პროკურატურაში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტანემტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილე, შალვა თათუხაშვილი მის მიერვე წარმოდგენილი ორი ადვოკატის თანდასწრებით მოწმის სახით დაიკითხა.

 

დღეს გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა განმარტავს, რომ დაკითხვის შემდეგ თათუხაშვილმა მოითხოვა დაცვა, რადგან მან გამოძიებას მისცა დათა ახალაიას, ლევან ქარდავას და სხვა მაღალჩინოსნების მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენებები და მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შექმნოდა. 

 

პროკურატურამ გაითვალისწინა მისი სურვილი და იმავე დღეს დაენიშნა პირადი დაცვა. პროკურატურის განმარტებით, მისივე თხოვნით  მალევე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას მოეხსნა დანიშნული დაცვა. თათუხაშვილის ჩვენებაში, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა, ნათქვამია, რომ თათუხაშვილმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ მისი დაცვა შესაძლოა შეკრული ყოფილიყო დათა ახალაიასთან.

 

შალვა თათუხაშვილი დამატებით დაკითხვის მიზნით თბილისის პროკურატურაში დაიბარეს, რის თაობაზეც შესაბამისი უწყება ჩაბარდა მის ძმას, მიხეილ თათუხაშვილს და 2014 წლის 18 მარტს სათანადო პროცესუალური ნორმების ზედმიწევნით დაცვით მოხდა მისი მოწმედ განმეორებით დაკითხვა. 

 

მთავარი პროკურატურის განცხადებით, გენერალურ ინსპექციაში შ. თათუხაშვილის თითქოსდა გაუჩინარებასთან დაკავშირებით შესაბამისი მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ შალვა თათუხაშვილის გატაცებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მის გატაცებასთან დაკავშირებული განცხადებები იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა. პროკურატურის განცხადებით, შალვა თათუხაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საკუთარ სახლში.


 

შალვა თათუხაშვილის მიმართ პროკურატურის მხრიდან ზეწოლასა და დევნაზე მისი ოჯახი ერთი თვის წინ ალაპარაკდა ღიად. დღეს, 24 მარტს შალვა თათხუხაშვილის მამამ, გოგი თათუხაშვილმა “ფეისბუქზე” განცხადება გაავრცელა, სადაც შვილის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დააკისრა. 

 

შალვა თათუხაშვილი იყო მომწე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში დათა ახალაიას, ლევან ქარდასავა და შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხირდან ძალის გადამეტების ფატქზე. 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკვდა სამი ახალგაზრდა: მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი