ახალი ამბები

ლევან ვასაძემ საკრებულოში დემოგრაფიულ საფრთხეებზე ინიციატივები წარადგინა [VIDEO]

11 მარტი, 2014 • • 970
ლევან ვასაძემ საკრებულოში დემოგრაფიულ საფრთხეებზე ინიციატივები წარადგინა [VIDEO]

შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ვასაძის თხოვნით შეხვედრა მედიისთვის დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვასაძემ იმით ახსნა, რომ შეხვედრა სამუშაო იყო და ასეთი სახით უფრო კომფორტულად წარიმართებოდა ის.


მოგვიანებით, საკრებულოს მიერ გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე პრეზენტატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში სულ 15 დემოგრაფიული საფრთხე არსებობს და მათ მიერ უკვე  7 საკანონმდებლო ინიციატივა და 12 პროექტია შემუშავებული, რომლებიც პრობლემის მოგვარების საკითხებს მოიცავს.

“თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, თბილისში პრობლემებია მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელ ფართებთან და ამ ოჯახებში მცხოვრები მოზარდების განათლებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ასევე, ყველაზე მძიმე საკითხად განიხილება აბორტების თემა,”- წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ფონდის წარმომადგენლებმა დეპუტატებს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ინიციატივები გააცნეს და განაცხადეს, რომ სასურველი შედეგის დასადგომად აუცილებელია დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის ჩართულობა.

“მხარეების განცხადებით, პირველ რიგში, აუცილებელია დაიდოს თბილისში არსებული დემოგრაფიული პრობლემების სტატისტიკა, რის გამოც საჭიროა კვლევის ჩატარება. როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, ამ მხრივ ფონდი მზადაა თავად განახორციელოს კვლევის მენეჯმენტი და  გასცეს პროფესიონალური რეკომენდაციები. შეხვედრის ინიციატორის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – თბილისელების“ თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის განცხადებით, თბილისის საკრებულო მხარს უჭერს  ფონდის ინიციატივებს და მზადყოფნას გამოთქვამს დეპუტატებთან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული თემები, რომლებიც, ერთი მხრივ, პრობლემის აღმოფხვრას, მეორე მხრივ კი, თემის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება,”- წერია თბილისის საკრებულოს განცხადებაში.


დემოგრაფიული საკითხების განხილვის მიზნით, დღესვე შეხვედრა გამართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. ასევე ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ დემოგრაფიულ პრობლემებზე მომუშავე ჯგუფი უკვე შექმნა და მას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. 

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იმ რეგიონებში, სადაც არსებობს შობადობის მნიშვნელოვანი კლება, 1 ივნისიდან ყოველი მესამე შვილის მშობელი მთიან რეგიონებში 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი