ახალი ამბები

შეტაკებები კიევში [განახლებადი/LIVE]

19 თებერვალი, 2014 • • 1625
შეტაკებები კიევში [განახლებადი/LIVE]

15:25 [კიევის დროით] – ოპოზიცია აცხადებს, რომ მორიგი შტურმი მაიდანზე 18:00 საათზე განხორციელდება.

 

მათი ინფორმაციით, ამ წუთებში ძალოვანებს საბრძოლო მზადყოფნისთვის სპეციალურ აღჭურვილობით და საბრძოლო მასალით ამარაგებენ.

 

“ვთხოვთ კიევის ყველა მცხოვრებს, ვისაც სურს დაიცვას საკუთარი დედაქალაქი და ქვეყანა მოვიდნენ მაიდანზე, რათად მოვიგერიოთ თავდასხმა და თავიდან ავიცილოთ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან ტერიტორიის”წმენდა”. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ, რათა გავიმარჯვოთ”, – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

 

12:27 [კიევის დროით] – უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, მასობრივი არეულობის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო 20 თებერვალი გლოვის დღედ გამოაცხადა. პრეზიდენტის ბრძანებულება უკრაინის მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

 
ბრძანებაში წერია, რომ ხვალ, 20 თებერვალს, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების შენობა–ნაგებობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. გაუქმდა დაგეგმილი საკონცერტო–გასართობი და სპორტული ღონისძიებები, ბრძანების თანახმად პროგრამების შესაბამისად შეცვლა დაევალათ ტელე–რადიო მაუწყებლებსაც.
 
 

10:48 [კიევის დროით] მაიდანზე, აქტივისტებს საკვები და გენერატორებისთვის საწვავი სჭირდებათ.

 

”გვჭირდება ბუტერბროდები. ასევე საწვავი -დიზელი და ბენზინი. მივმართავთ კიევის მოსახლეობას დახმარებითსთვის, და ეს დახმარება გვჭირდება დაუყოვნებლივ. მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენს თხოვნას გამოეხმაურება,” – ნათქვამია აქტივისტების განცხადებაში. 

 

09:51 [კიევის დროით] უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პროფკავშირების სახლი დამწვარია. აქტივისტები სამართალდამცავებს ადანაშაულებენ, პოლიცილები კი პასუხისმგებლობას მოწინააღმდეგებებს აკისრებენ.

 

უკრაინის დედაქალაქში ბერკუტსა და ევროინტეგრაციის მომხრე მომიტინგეებს შორის გუშინ მომხდარი შეტაკებების შედეგად ერთი ჟურნალისტი გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილი “ვესტის” ჟურნალისტი ვიაჩესლავ ვერემია, რომელიც უკრაინის მედიის ცნობით, ტაქსიდან გადმაიყვანეს, სცემეს და შემდეგ ჩაცხრილეს. 

 

ვიაჩესლავ ვერემი
ვიაჩესლავ ვერემი

გუშინ ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა და ოპოზიციას მოუწოდა გაემიჯნონ “რადიკალებს, ვინც დაპირისპირებების პროვოცირებებს ახდენს”. 

 

“მოხდა უბედურება, დაიღუპნენ ადამიანები, ეს არის დიდი ტკივილი და ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის, თუმცა, ესეც ჩვენ ერთად უნდა გადავიტანოთ”, – განაცხადა იანუკოვიჩმა. 

 

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ძალის გამოყენების, მითუმეტეს სისხლისღვრის: 

 

“ეს ჩემი ცხოვრების პრინციპია – არცერთი ძალაუფლება არ ღირს მისთვის გაღვრილი არცერთი წვეთი სისხლისთვის”.

 

თუმცა გუშინ მომხდარი შეტაკებების შედეგად კიევში უკვე რამდენიმე ადამიანია დაღუპული. 

 

“გულწრფელად ვიტყვი, მყავს ისეთი მრჩეველები, ვინც უფრო ხისტი ნაბიჯების გადადმისკენ მომიწოდებს – ძალის გამოყენებისკენ, თუმცა მე ამას ყოველთვის მცდარ ნაბიჯად ვთვლი… კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჯერ გვიან არ არის და შევაჩეროთ კონფლიქტი,” – აცხადებს ვიქტორ იანუკოვიჩი. 

 

თავის მხრივ უკან დახევას არ აპირებს ოპოზიცია და ის ადამიანები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა უკრაინის ევროინტეგრაციის მოთხოვნით აქციებს მართავს.

 

შეტაკებები კიევში, ფოტო: Reuters
შეტაკებები კიევში, ფოტო: Reuters

უკრაინაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს, რასაც მოჰყვა სისხლისღვრა უკვე გამოეხმაურა ევროკავშირის, გაეროს და აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები. ისინი გმობენ ძალადობას და მოუწოდებენ მხარეებს დიალოგისკენ.

 

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ოფიციალურ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტს კიევის ქუჩებიდან პოლიციის გაყვანისკენ და ოპოზიციის ლიდერებთან დაუყოვნებლივი დიალოგისკენ მოუწოდა, გარდა ამისა, მისი განცხადებით, უნდა მოხდეს პოლიტიკური რეფორმისთვის სერიოზული წინადებების შეთავაზება.  

 

 

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კიევში დაწყებული ხელახალი ესკალაციების და მსხვერპლის გამო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი. განცხადებაში, რომელიც ქეთრინ ეშტონმა გუშინ გაავრცელა ის გმობს ყველანაირ ძალადობას, მათ შორის თავდასხმას პარტიების და საზოგადოებრივ შენობებზე და მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას გაარკვიოს კრიზისის ძირეული მიზეზები.

 

ეშტონი აცხადებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს პარლამენტში და უკრაინაში უნდა აღდგეს საპარლამენტო პროცესები:

 

“უკრაინელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ ნდობის აღდგენის პასუხისმგებლობა და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ეფექტური გზები მოძებნონ. გამოსავალი უნდა გულისხმობდეს ახალი მთავრობის ფორმირების გზას, საკონსტიტუციო რეფორმას და გამჭვირვალე და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას”, – განაცხადა ეშტონმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა ამ პროცესებში უკრაინას დახმარება გაუწიოს.

 

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 19 თებერვლის დილის 6 საათის მონაცემებით კიევის ცენტრში მომხდარი შეტაკების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას სულ 351–მა დაშავებულმა მიმართა.

 

დაშავებულთაგან 241 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. მათ შორის 79 სამართალდამცავია, 5 ჟურნალისტი, 1 დეპუტატი და 3 არასრულწლოვანი პირი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ჰოსპიტალიზებულთა შორის არ არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

 

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილია 25 ადამიანი.

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი