2012.08.02

ვალერი მელაძე ბათუმში ქართული ოცნების მაისურით გამოჩნდა

ვალერი მელაძე და კახი კალაძე

ვალერი მელაძე და კახი კალაძე

"ვალერი მელაძე ქართველი ხალხის გვერდით. ბათუმი" - ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა რამდენიმე წუთის წინ კახი კალაძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტოები, რომლებზეც მომღერალი "ქართული ოცნების" მაისურშია გამოწყობილი.

ვალერი მელაძის კონცერტი დღეს, 21:00 საათზე უნდა გაიმართოს ბათუმში, პიაცაზე.

 

მელაძის კონცერტს წარმოადგენს კომპანია "ორბი ჯგუფი". აღნიშნული კომპანია აშენებს ბათუმში ახალ სასტუმრო-კომპლექსს, რომლის მშენებლობასაც დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად ჩაუყარა საფუძველი.

 

მელაძის კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორია დავით ოქიტაშვილი, კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა სამსახურის ხელმძღვანელი.

 

მელაძის დღევანდელ კონცერტზე დასასწრები ბილეთები 30-80 ლარი ღირდა. კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მოხმარდება.