2012.05.29

By Night - ”დიალოგი” [Video]

”დიალოგი მარტო მონაცვლეობით საუბარს, რეპლიკების ერთობლიობას, ჟესტებს და მიმიკებს არ მოიცავს. დიალოგი მუდმივი პროცესია, ურთიერთობა სამყაროსთან..”

სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის სპეციალობის მაგისტრანტის, ანდრია დოლიძის მიერ ამ კონცეფციის ქვეშ შექმნილი გამოფენა შარდენის #19-ში მიმდინარეობს.

გამოფენის მონახულება მხოლოდ დაბნელების შემდეგაა შესაძლებელი, რადგან მის ძირითად ნაწილს ორი ქანდაკება წარმოადგენს, რომელზეც ნახატი ე.წ. უხილავი საღებავებითაა შესრულებული და მხოლოდ სიბნელეში, ულტრაიისფერი დასხივების შემდეგ ჩანს.

ანდრია დოლიძის გამოფენა, მედია-ინტეგრირებული ქანდაკების გარდა, ვიდეო პროექციას და ფერწერას მოიცავს. ყველა ნამუშევარი დიალოგის თემაზეა შექმნილი, არა მარტო ორ ადამიანს შორის, არამედ საზოგადოებასთან და საკუთარ თავთან.

გამოფენა პროექტ By Night-ის ფარგლებში მიმდინარეობს. ე.წ. ღამის გამოფენებს ოთხი სტუდენტი წარმოადგენს. დიალოგის გარდა, გამოფენის თემებია ფაშიზმი, ფული და არასწორი არქიტექტურა.

ანდრია დოლიძის გამოფენა ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.