2012.05.28

რა გელოდებათ Tbilisi Open Air-ზე

Music Breaks Free! - ამ სლოგანის თანხლებით Tbilisi Open Air–ი 2 და 3 ივნისს მსმენელს განახლებულ გარემოში უმასპინძლებს.

Tbilisi Open Air 2012  ახალ, ე.წ. საფესტივალო ქალაქში ტარდება, რომელიც ორგანიზატორებმა შეარჩიეს:

”ჩვენ შევარჩიეთ პატარა საფესტივალო ქალაქი, რომელსაც Tbilisi Valley დავარქვით. ამ დიდ, მწვანე მდელოს ნებისმიერი ადამიანი ადვილად შეამჩნევს მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი სამანქანო გზიდან”, - ამბობს Altervision ჯგუფის მედია-კოორდინატორი სოფო ებრალიძე.

ფესტივალი, რომელზეც მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები წარსდგებიან, სტუმრებს რამდენიმე სიახლეს სთავაზობს:

”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება camping-ია, ანუ ყველას შეუძლია მოიტანოს თავისი კარავი და მთელი ღამის განმავლობაში დარჩეს ჩვენთან ერთად. კარვისთვის ადგილები ბევრია და ღამე დასარჩენად არანაირი დამატებითი თანხის გადახდა საჭირო არ იქნება. იმ ადამიანებისთვის, ვინც ღამე დარჩენას გადაწყვეტს, 11 საათიდან დილის 6 საათამდე ივენთი –Electro Sunrise გაიმართება, რომელშიც მონაწლეობას ქართველი და უცხოელი დიჯეები მიიღებენ”, - აცხადებს სოფო ებრალიძე. მისივე თქმით, თუკი იდეამ გაამართლა, მომავალი წლისთვის ორგანიზატორები დარჩენის მსურველებს კარვებს თავადვე შესთავაზებენ.

ყოველწლიურად იცვლება Tbilisi Open Air-ის დიზაინიც, წელს ორგანიზატორებმა თემად ხილი აირჩიეს:

tbilisi open air

tbilisi open air

”მძიმე და ცივი ზამთრის შემდეგ “Fresh” იმიჯის ქონა გადავწყვიტეთ. ყველა ხილი, რაც კი არჩეული გვაქვს, სხვადასხვა ჯგუფების სიმღერების ტექსტებით არის გაფორმებული და ხალისიან და ჯანსაღ ცხოვრებასთან ასოცირდება”, - ამბობს სოფო ებრალიძე.

Tbilisi Open Air 2012-ში მონაწილეობას 8 უცხოელი და 14 ქართველი შემსრულებელი/ჯგუფი იღებს მონაწილეობას.

ფესტივალს 2 ივნისს, 17:00სთ-ზე ჯგუფი Svansikh გახსნის, ამავე დღეს გამოვლენ: Pornopoezia, Outsider, Wasp’n’hornet(ბელარუსი), Tai Chi Swayze(უკრაინა) და Lyapis Trubetskoy(ბელარუსი)

მეორე დღეს მსმენელის წინაშე წარსდგებიან: Plus Master, Rema, ZurGi, LOUDspeakers, TransMITTER(გერმანია/დიდი ბრიტანეთი),  Dub FX (ავსტრალია), საღამოს კი რუსული ჯგუფი DDT დახურავს.

ორგანიზატორების განცხადებით, ჯგუფი მსმენელის წინაშე ძველი ჰიტებით წარსდგება:

”DDT ჩამოდის არა ახალი პროგრამით Иначе, რომელიც დახურული სივრცეებისთვისაა, არამედ ძველ და ცნობილ კომპოზიციებს შესთავაზებს საზოგადოებას”.

ფესტივალზე დასწრების საფასური დღეში 10 ლარს შეადგენს, ბილეთის შეძენა რამდენიმე გზა არსებობს. ბილეთები იყიდება როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საფოსტო ჯიხურებში, შესაძლებელია ონლაინ შეძენა საიტზე www.biletebi.ge, ასევე მუშაობს ალტერვიზიის დილერების საშუალებით
ბილეთების უფასოდ მიტანის სერვისი.

Tbilisi Open Air 2012-ის გახსნამდე კი სპორტის სასახლის მთავარ შესასვლელთან ფესტივალის კარავი დაიდგა, სადაც ბილეთებთან ერთად სხვადასხვა ნივთების, მათ შორის, მაისურები, ჩანთები და ა.შ. იყიდება.