ახალი ამბები

მოქალაქეები დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად ვერ რეგისტრირდებიან

1 აპრილი, 2014 • • 1201
მოქალაქეები დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად ვერ რეგისტრირდებიან

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა და რამდენიმე მოქალაქე “ნეტგაზეთასაც” დაუკავშირდა. მათი განცხადებით, ისინი აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს, ცდილობენ რეგისტრაციის გავლას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, თუმცა იღებენ პასუხს, რომ არის სისტემური შეცდომა ან მათ შესახებ ბაზაში ინფორმაცია არ იძებნება. 

 

შემოსავლების სამსახურის, სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რიმ სისტემა სრულიად გამართულია და კარგად მუშაობს:


“ის მოქალაქეები, ვინც ვერ რეგისტრირდებიან, 360 ლარი არ ეკუთვნით. ალბათ არ ჯდება მათი ფინანასური მონაცემები ამ კრიტერიუმებში. ამას აკეთებს კომპიუტერი, ადამიანი ხომ არ აკეთებს. ბაზაში არის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე ეუბნება სისტემა მათ, რომ ეს თანხა არ ეკუთვნით. როგორც ჩანს, ამ ადამიანების სახელზე არის დარიცხული სხვა შემოსავალი და ალბათ იმიტომ აჩვენებს სისტემა, რომ მათ ეს თანხა არ ეკუთვნით.”


მოქალაქეს, ვისაც ხელფასის სახით 2013 წელს (მიუხედავად იმისა, კერძო კომპანიაში იყო დასაქმებული, თუ საჯარო სამსახურში) დარიცხული აქვს წლის განმავლობაში მაქსიმუმ 6000 ლარი (ანუ ხელზე წლის განმავლობაში აღებული აქვს მაქსიმუმ 4800 ლარი), მას სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს.


360 ლარს დაიბრუნებს ყველა ის მოქალაქე, რომლებმაც გასულ წელს ხელფასის სახით ხელზე აიღეს 1800-დან 4800 ლარამდე (არ აქვს მნიშვნელობა, მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდით და აიღეთ ეს ხელფასი, თუ მხოლოდ რამდენიმე თვეში);

 

მას, ვისაც ხელზე აღებული აქვს 1800 ლარზე ნაკლები, მას თანხა დაუბრუნდება შესაბამისად 360 ლარზე ნაკლები (მაგალითად, თუ შარშან მთლიანობაში ხელფასი აიღეთ 1600 ლარი ხელზე, უკან დაგიბრუნდებათ 320 ლარი);


2014 წლის 1 აპრილიდან მოქალაქე სახლიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში მხოლოდ პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის (ანგარიშის ნომრის) მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. დეკლარაციის შევსება და გაგზავნა უკვე ითვლება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნად;

 

ბ) მოქალაქეს ასევე შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვისცენტრს (თან იქონიეთ პირადობის მოწმობა და თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც უნდა დაგერიცხოთ თანხა). მოქალაქეს სერვისცენტრში შეავსებინებენ შესაბამის დეკლარაციას თანხის დაბრუნების შესახებ;

 

გ) მოქალაქეს ასევე შეუძლია მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილ ბანკთაგან ნებისმიერს, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში, ან გახსნის პირად ანგარიშს: ბანკი „რესპუბლიკა“; „პრივატბანკი“; „თიბისი ბანკი“; „საქართველოს ბანკი“; „ლიბერთი ბანკი“; „ბაზისბანკი“; „ქართუ ბანკი“; „კორსტანდარტ ბანკი“; „ბანკი კონსტანტა“; „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებში თქვენ დაგეხმარებიან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაციის შევსებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი