ახალი ამბები

კრწანისის რაიონის გამგებელს თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

20 მარტი, 2014 • • 1107
კრწანისის რაიონის გამგებელს თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

როგორც მიხეილ ქავთარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს, ია გრიგალაშვილს უკანონო დოკუმენტებზე ხელის მოწერას აიძულებდა.

 

საუბარია სხდომის ოქმზე, რომლითაც 355 სოციალურად დაუცველ და უმწეო პირებზე კრწანისის რაიონის გამგეობამ საგარანტიო ფურცლები გასცა. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, სინამდვილეში სხდომა, სადაც  ამ პირებზე სოციალური დახმარებების გაცემა უნდა გადაწყვეტილიყო, რეალურად არ ჩატარებულა, ხოლო სოციალური დახმარება პოლიტიკური ნიშნით შერჩეულ პირებზე გაიცემოდა

 

ქავთარაძის თქმით, კრწანისის გამგებელი სოციალურ დახმარებებზე მოქალაქეებს უარს ეუბნებოდა იმ მოტივით, რომ თბილისის ბიუჯეტი არ იყო დამტკიცებული და გამგეობას საამისოდ საკმარისი თანხები არ გააჩნდა. ბიუჯეტის მიღების შემდეგ კი 355 სოციალურად დაუცველ პირზე მიმდინარე წლის 12 მარტს ერთიანად გასცა გარანტიები.

 

,,როგორც ჩანს, ხათუნა ბერძენიშვილმა „მოასწრო“ ამ თანხების პარტიული ნიშნით გამოყენება. აღსანიშნავია, რომ შემოწმების დასკვნების წერა ხათუნა ბერძენიშვილის დავალებით კრწანისის გამგეობაში დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს დასკვნები გამგეობაში მისულმა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის წარმომადგენლებმა გამოითხოვეს და მათი შედგენა ხდებოდა უკანა თარიღით. შესაბამისად, საქმე გვაქვს დოკუმენტის გაყალბებასთან, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. ამდენად, ქალბატონი ხათუნას ქმედებებში დარღვევები იკვეთება სამი მიმართულებით – ერთი ის, რომ იგი პოლიტიკური ნიშნით არჩევდა სოციალური დახმარებების მიმღებ პირებს, მეორე დარღვევა არის ის, რომ იგი აიძულებდა სოციალური სამსახურის უფროსს, გაყალბებულ სხდომის ოქმზე მოეწერა ხელი. დაბოლოს, მესამე დარღვევა არის დოკუმენტის გაყალბება, ანუ შემოწმების დასკვნების უკანა თარიღით შედგენა”, –  განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ.

 

საკრებულოში  გამართულ ბრიფინგს კრწანისის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი ია გრიგალაშვილიც ესწრებოდა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ხათუნა ბერძენიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საპასუხო ბრიფინგის გამართვას საკრებულოშ 17:00 საათზე გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი