2013.05.13

ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება გადამზიდავების ბაზარზე დაბრუნებას აფერხებს

ბიზნესი,

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 2013 წლის 8 მაისს გამოცემული 133-ე ბრძანებით, 25 იანვარს თავისსავე გამოცემულ 30–ე ბრძანებას აბათილებს, თუმცა ახალი ბრძანება მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ, 2013 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

"საერთაშრისო გამჭვირვალობა საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე ამბობს, რომ ახალი ბრძანებით "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილები შედის, რომლის თანახმადაც, გადამზიდავები შემოსავლების სამსახურის „ასიკუდას“ პროგრამას დაბრკოლების გარეშე მიუერთდებიან და ბაზარზე 2014 წლის 1 იანვრიდან დაბრუნდებიან.

რას შეცვლის კომერციული ტვირთების გადაზიდვის ბაზარზე ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება? 


"8 მაისის ბრძანებით ფინანსთა მინისტრი, ფაქტობრივად, აუქმებს 25 იანვრის ბრძანებას, მაგრამ ეს გაუქმება ძალაში შედის 2014 წლის 1 იანვრიდან. მანამდე ყველა ეს რეგულაცია, რაც იყო 25 იანვრის ბრძანებით მიღებული, რჩება ძალაში, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ეს მეწარმეები კიდევ 7 თვის განმავლობაში ბაზარზე ისევ ვერ დაბრუნდებიან. თუ 25 იანვრის ბრძანება არის კანონსაწინაააღმდეგო, მაშინ გაუგებარია, რატომ ვინარჩუნებთ მას ამ ხნის განმავლობაში?!" – ამბობს ნათია კუტივაძე. 


გადამზიდავი კომპანია "სტარ გრუპი" ბაზარზე დაბრუნებას მეხუთე თვეა უშედეგოდ ცდილობს. კომპანიის ხელმძღვანელი თეა მაჭავარიანი ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრი ახალი ბრძანებით დროს წელავს:


"დროში გაიწელება ეს პროცესი. კანონის მიღებას თუ 6 დღე დასჭირდა, გაუქმებას 8 თვე რატომ სჭირდება? ეჭვი მაქვს, აქ არის კორუფციული გარიგება. "საქართველოს ფოსტის" გარდა ბაზარზე ვერავინ ვერ უნდა იმუშაოს. არ მჯერა, რომ 8 თვის შემდეგ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცემა. რა გარანტია არის, რომ ფინანსთა მინისტრი რაიმე ახალ ბრძანებას არ გამოსცემს."


2013 წლის თებერვლიდან კომერციული ტვირთების ბაზარზე "საქართველოს ფოსტა" ერთადერთი გადამზიდავია. 


მცირე და საშუალო გადამზიდავების უფლებებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტები იცავენ. ნათაია კუტივაძის განცხადებით, იმის  მიუხედავად, რომ ფინანსთა მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა, სასამართლო პროცესი გაგრძელდება.    


ნათია კუტივაძის განცხადებით, ნოდარ ხადურმა, 2013 წლის 25 იანვრის ბრძანებით, კანონი და კონსტიტუცია დაარღვია: 


"ფინანსთა მინისტრმა 25 იანვრის ბრძანებით შემოიღო სალიცენზიო–სანებართვო ტიპის რეჟიმი გადამზიდავების საქმიანობაზე, რისი უფლებამოსილებაც არ შედის მის კომპეტენციაში. ლიცენზიებისა და ნებართვების კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტი ამბობს, რომ დაუშვებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რაიმე ტიპის მოთხოვნების დაწესება ბიზნესის კონკრეტულ საქმიანობაზე და სალიცენზიო სანებართვო ტიპის რეჟიმის შემოღება. აქედან გამომდინარე, ცალსახად არის დარღვეული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. ჩვენი კანონმდებლობით, მხოლოდ ლიცენზიების და ნებართვების კანონით არის შესაძლებელი რაიმე ტიპის ლიცენზიის და ნებართვის შემოღება ბიზესის კონკრეტულ საქმინობაზე, ან საერთოდ რაიმე ტიპის მოთხოვნების დაწესება. ამის მიზანშეწონილობა უნდა განსაზღვროს პარლამენტმა და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს ლიცენზიებისა და ნებართვების კანონში. ფინანსთა მინისტრი არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა კანონქვემდებარე აქტით ამ ტიპის რეგულაციები. თითეული მოთხოვნის დაწესების მიზანშეწონილობა აბსურდულია."