ახალი ამბები

ამერიკის ელჩი დარახველიძეს შეხვდა

7 დეკემბერი, 2012 • • 1180
ამერიკის ელჩი დარახველიძეს შეხვდა

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე გუშინ შეხვდნენ და ლტოლვილთა და იძულებით გადასახლებულ პირთა დასახმარებლად თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ,- ნათქვამია საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალური ფეისბუკ გვერდზე.

 

2008 წლის კონფლიქტის შემდეგ შეერთებული შტატების მთავრობამ დევნილების თავშესაფრებისთვის და ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის პროგრამებისთვის $91.9 მილიონი გამოყო. ამ თანხის დაახლოებით $30 მილიონი საქართველოში დევნილთა უზრუნველსაყოფად განაწილდა.

 

დავით დარახველიძემ, სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამერიკის ელჩს სხვადასხვა მიმართულებით სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნო, მათ შორისაა დევნილთა მიღების დღეები. დავით დარახველიძემ აღნიშნა, რომ მეტი კომუნიკაციისა და ღია ურთიერთობებისთვის მინისტრი და მოადგილეები დევნილ მოსალხეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან. ასევე აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების დაძლევა პრიორიტეტულია ახალი ხელისუფლებისთვის და სწორედ ამას ემსახურება  ბიუჯეტის გაორმაგება კონკრეტულად დევნილი მოსახლეობისთვის საბინაო საკითხების მოსაწესრიგებლად.

 

დავით დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობაში ცვლილებების განსახორციელებლად, ასევე, კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა პრობლემების მოგვარების ირგვლივ დევნილთა განსახლების კრიტერიუმების შემუშავებაზე და სხვა საკითხებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი