ახალი ამბები

ძიუდოს ფედერაციაში აღიარეს, რომ აღმასრულებელ კომიტეტს მთავრობა აკომპლექტებდა

26 ნოემბერი, 2012 • 4782
ძიუდოს ფედერაციაში აღიარეს, რომ აღმასრულებელ კომიტეტს მთავრობა აკომპლექტებდა

ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი პრეზიდენტის არჩევნები დღეს, 26 ნოემბერს სკანდალური განცხადებით დასრულდა. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აღიარა, რომ ერთი წლის წინ აღმასრულებელი კომიტეტის დასამტკიცებელ წევრთა სია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროდან მიიღეს.

 

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამმართველოს უფროსის მოადგილის მერაბ ჩიქობავასთვის, რომელიც ერთი წელია ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ სამინისტროს მიერ ძიუდოს ფედერაციისთვის მიწოდებულ სიაში თავადაც აღმოჩნდა.

 

“მეგონა, ძიუდოს ოჯახის მიერ ვიყავი დასახელებული,” – განაცხადა ჩიქობავამ და სხდომაზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ სამინისტრო დატოვა.

 

“მე არ მახსოვს სხდომაზე რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიგვეღო ან მე ან სხვა წევრს. გაურკვეველია ჩემთვის, რატომ დაჭირდათ ჩემი აღმასკომის წევრად დანიშვნა და ახლაც გაუგებარია, დღეს რა პრეტენზიები აქვთ ჩემ მიმართ. ძალიან შორს ვარ პოლიტიკიდან და საერთოდ მგონია, რომ სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული და ასე ხშირად სიტყვა პოლიტიკა არც ერთ სახეობაში არ უნდა იხმარებოდეს.”

 

ჩიქობავა ეჭვობს, რომ დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები მისი და სხვა წევრთა დატოვების შესახებ ინიციატივა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

 

მას შემდეგ რაც ძიუდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ვლადიმერ ნუცუბიძემ განაცხადა, რომ არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ სამინისტრო თავად უგზავნიდა ფედერაციას აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა სიას, ძიუდოს ფედერაციის წევრმა და დეპუტატმა შოთა ხაბარელმა, განაცხადა, რომ იმ წევრებმა, ვისაც კონკრეტულად ძიუდოსთან კავშირი არ აქვთ, აღმასრულებელი კომიტეტი უნდა დატოვონ.

 

ასეთი 6 წევრი აღმოჩნდა. ორმა წევრმა, დავით ნამგალაურმა და გიორგი ალექსიძემ პირადი განცხადების საფუძველზე კომიტეტი სხდომამდე დატოვეს. ორი წევრის, მერაბ ჩიქობავასა და გიორგი უდესიანის აღმასკომიდან წასვლა ყოფილმა ძიუდოისტებმა დღეს მოითხოვეს. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, გიორგი ასანიძესა და დავით გობეჯიშვილს, ისინი წევრებად კომიტეტის შემდეგ ყრილობამდე დარჩებიან.

 

ძიუდოს ფედერაციამ შემდეგი ყრილობა 10 დეკემბერს იმის გამო დანიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც ფედერაციას 4 წლის ვადით უნდა უხელმძღვანელოს, დღეს ვერ აირჩიეს. ორივე კანდიდატმა, შოთა ხაბარელის შვილმა, მამუკა ხაბარელმა და დავით ხახალეიშვილმა, ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ, განცხადება გაავრცელეს და კანდიდატობაზე უარი თქვეს. როგორც აღმოჩნდა, იმის გამო, რომ მათი კანდიდატურები პოლიტიკურად არ ყოფილიყო შეფასებული.

 

ფედერაციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ პოლიტიკური მოტივებით თანამდებობაზე დანიშვნები ახალი ხელისუფლების დროსაც გამოიკვეთა.

 

22 ნოემბერს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა დავით ხახალეიშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის მიერ პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრა.

 

მისი განმარტებით, რამდენიმე დღის წინ ის ღამის 11-ის ნახევრისთვის ლევან ყიფიანმა დაიბარა, სადაც მას სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და მამუკა ხაბარელი დახვდნენ.

“მომთხოვეს კანდიდატურის მოხსნა, სანაცვლოდ კი ვიცე-პრეზიდენტობას მთავაზობდნენ, რაზეც არ დავეთანხმე. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და საქმეში ირაკლი ღარიბაშვილიც იყო ჩართული.”

 

საზოგადოების ნაწილში პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელთა არჩევაზე სპორტის სხვა სახეობებშიც საუბრობენ.

 

20 ნოემბერს ტყვიის სროლის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებული ტელევიზიის დირექტორი, კახა ბექაური აირჩიეს. ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე 33 დელეგატი მონაწილეობდა, კახა ბექაური კი, ერთადერთი კანდიდატი იყო.

 

ტყვიის სროლის ფედერაციას 2010 წლიდან გიორგი უდესიანი, თბილისის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელად და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა.

 

ის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში რაიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სპორტის ფედერაციებში არ იქნება, მაჟორიტარი დეპუტატი, შოთა ხაბარელი პირობას დებს და აცხადებს, რომ “დამთავრდა დრო, როდესაც ფედერაციების ხელმძღვანელები ინიშნებოდნენ და არა ირჩეოდნენ.”

 

სპორტის სხვადასხვა სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელის არჩევნები რამდენიმე დღეა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი