კომენტარი

თბილისის მერიის პოლიტიკა უსახლკაროების მიმართ

14 თებერვალი, 2012 • 1807
თბილისის მერიის პოლიტიკა უსახლკაროების მიმართ
მამუკა ქაცარავა
მამუკა ქაცარავა

თბილისის მერის ინიციატივით, ყინვების გამო იმ ადამიანებს, ვისაც ღამის გასათევი არ გააჩნია, დროებით თავშესაფარს რაიონულ უფასო სასადილოებში აძლევენ, თუმცა თავშესაფრები მხოლოდ მანამდე გააგრძელებენ ფუნქციონირებას, სანამ ყინვები გაგრძელდება, უსახლკაროთა ნაწილს კი დროებითი თავშესაფრის შესახებაც ინფორმაცია ჯერაც არ აქვს.

იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა უსახლკარო ადამიანებს და როგორია მათ მიმართ მერიის პოლიტიკა, ნეტგაზეთის ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ესაუბრა.

წუხელ მხოლოდ ოთხმა უსახლკარომ მიმართა თავშესაფარს, ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია თავშესაფრის არსებობის შესახებ, რა ღონისძიებები გაატარეთ იმისთვის, რომ ინფორმაცია გაგევრცელებინათ?

ინიციატივა გაშუქდა და ვისაც მიუწვდება ხელი პრესასთან ან ტეელვიზიასთან, აქედან შეეძლო გაეგო, სხვა შემთხვევაში ჩვენ უფრო მოსახლეობის იმედი გვაქვს, რომ მოგვაწოდებენ ინფორმაციას და შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ ამ ადამიანის გადაყვანას თავშესაფარში.
მოქალაქეები სხვა დროსაც ხშირად რეკავენ ცხელ ხაზზე და ჩვენ მაშინვე ვიღებთ ოპერატიულ გადაწყვეტილებას. უსახლკარო ადამიანებისთვის საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო.

გარდა დროებითი თავშესაფრებისა, რა სტრატეგია აქვს მერიას უსახლკაროებთან დაკავშირებით?

უსახლკაროები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: ადამიანები, რომელთა ცხოვრების წესი არის ქუჩა, ანუ ე.წ. “ბომჟები” და ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრების წესით ცხოვრობენ და გარკვეული პირობების გამო ბინა დაკარგეს.
ე.წ. “ბომჟებთან” მიმართებაში სისტემურ მიდგომაზე ფიქრი ახლა დაიწყო. ოპერატიული გადაწყვეტილებაა უფასო სასადილოების გამოყენება დროებით თავშესაფრებად. როგორც მერმა განაცხადა, მომავალში შემუშავდება პროექტი იმისათვის, რომ აშენდეს ერთი თავშესაფარი და ვნახოთ, როგორი გამოყენებადი იქნება იმიტომ, რომ ამ ადამიანების დაკავება თავშესაფარში ძალიან ძნელია, რამდენადაც ქუჩაში ცხოვრება მათი ცხოვრების წესია. ამაზე ვიმსჯელებთ, როდესაც ბიუჯეტის დამტკიცებაზე იქნება საუბარი, ამიტომ თავშესაფრის აშენების კონკრეტული თარიღები ჯერ ვერ დასახელდება.
რაც შეეხება მეორე ტიპის ადამიანებს, ვინც ობიექტური მიზეზების გამო დაკარგა ბინა, მათთან მიმართებაში ჩვენ გარკვეული პოლიტიკა გაგვაჩნია, ეს არის სოციალური ბინები. ამჟამად არის 54 სოციალური ბინა, ჩვეულებრივი საცხოვრისი, სადაც ჩვენ შეგვყავს ოჯახები, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა კერძო საკუთრების უფლებით.

რა კრიტერიუმებით ირჩევიან ადამიანები, ვინც ამ სოციალურ სახლებში ხვდება?

ჯერჯერობით ეს საკმაოდ მოზომილი და დაბალანსებული პოლიტიკაა. ამ სოციალურ ბინებში საკმაოდ მკაცრი შერჩევის პირობები გვაქვს. თუ ჩვენ მოსახლეობას შესახლების გარანტიას მივცემთ, ეს კატასტროფულად გაზრდის უბინაოთა რიცხვს და ძალიან ძნელი გახდება კონტროლი. ჩვენ რომ ხვალ დავიწყოთ 500 სოციალური ბინის მშენებლობა, უბინაოთა რაოდენობა მაშინვე გაიზრდება და არაპროგნოზირებადი გახდება.
ამ ეტაპზე ჩვენ ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ მოწოდებულ კონსულტაციას მივყვებით. რაც შეიძლება მოზომილად უნდა მოხდეს ამ ბინების აშენება და შესახლების გარანტია არავის არ უნდა ჰქონდეს.
შესაძლებელია გარკვეული წლების შემდეგ ჩვენც გვქონდეს იგივე პოლიტიკა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებშია სოციალურ სახლებთან მიმართებაში, რომ ვინც მოითხოვს, ყველას შეუძლია გამოიყენოს ეს საცხოვრებელი, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური პოლიტიკა არ გვაძლევს ამის საშუალებას.

ახლა რამდენია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სახლ–კარი არ აქვს და რამდენია აქედან დაკმაყოფილებული ბინით?

სულ 4000–მდე განაცხადი გვაქვს მიღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უბინაოა. 54 დავაკმაყოფილეთ და ამ 54–შიც კი 5 ისეთი შეგვეპარა, ვისაც ბინა აქვს. ძალიან ძნელია ამის შემოწმება. 4000–დან რომ გადაამოწმოთ, 3000 შეიძლება ჩვენზე უკეთეს პირობებში ცხოვრობდეს.
ახლა დიდ დიღომში დამატებით 28 ბინის მშენებლობა იწყება, აქამდეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ყინვებმა შეუშალა ხელი. თუმცა აშენება არ არის პრობლემა, რთული ბენეფიციარების შერჩევაა, ამიტომ ჩვენ ღია ვტოვებთ კარს კომისიის წევრებისთვის და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა იმ ბენეფიციარების შერჩევაში, ვინც ამ 28 ბინაში შევა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით სოციალურ აგენტებთან ერთად, რომ იმ ადამიანების ობიექტური შერჩევა მომხდარიყო, ვინც უკვე აშენებულ 54 სახლში შევიდა, მაინც შევცდით, რადგან ადამიანებს ზოგჯერ იმდენად დამალული და შენიღბული აქვთ თავიანთი ქონება, რომ ვერ აღმოვაჩინეთ.

რა ბედი ეწიათ ასეთ ადამიანებს, ვინც შევიდა სოციალურ ბინაში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკუთარი ბინა ჰქონდა?

ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან ასეთ ერთ–ერთ ბენეფიციარს, რომელსაც აღმოჩნდა, რომ საკუთარი ბინა გაქირავებული ჰქონდა, 8 შვილი ჰყავს. იმ პერიოდში, როდესაც დარღვევა აღმოვაჩინეთ, ის ორსულად იყო და ძალიან ძნელი იყო მათი გამოსახლება 8 ბავშვთან ერთად. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ სახლებში შევასახლოთ ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებულად მძიმე პირობებში არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი