2012.09.12

ამომრჩევლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საარჩევნო პროგრამებში

არჩევნები 2012, კოალიცია "ქართული ოცნება", ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,

სოციოლოგიური კვლევების შესაბამისად, უმუშევრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია და საქართველოს მოქალაქეებისთვის ის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხები. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ დასაქმება პარტიების საარჩევნო პროგრამებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გახდა.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 15 პროცენტია, თუმცა რეალურად ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მთავრობამ ახალი - დასაქმების სამინისტრო შექმნა, რომელიც  ქვეყანაში უმუშევარი მოქალაქეებისა და მოთხოვნადი პროფესიების სტატისტიკას ადგენს.

 

დათო ნადირაძე 10 წელია უმუშევარია:

 

„დასაქმების სამინისტროს აგენტმა სიაში ჩამწერა. იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც ჩავეწერე. თუ ქვეყანაში რამე არ შეიცვალა და ბიზნესი არ განვითარდა, სად უნდა დავსაქმდე? სახელმწიფო სამსახურში ვცადე, კონკურსიც გავიარე, დღესაც რეზერვში ვარ“.

 

როგორ აპირებენ პოლიტიკური პარტიები უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას?

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - "შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს"

 

“ნაციონალური მოძრაობა” უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად  მთავარ პრიორიტეტად ინვესტიციების მოზიდვას მიიჩნევს:


“მოზიდული იქნება 4 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ნიშნავს დამატებით დაახლოებით 80 000 ახალ სამუშაო ადგილს; ტურისტების რაოდენობა გაიზრდება  7 მილიონამდე, რაც ნიშნავს ტურიზმის სექტორში შექმნილ დაახლოებით 140 000  სამუშაო ადგილს; დაიგება 5000 კილომეტრი გზა, რაც ნიშნავს სტაბილურად დასაქმებულ დაახლოებით 40 000 ადამიანს; გაგრძელდება  ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა,  აღნიშნული პროექტები შექმნის დამატებით დაახლოებით 13 000 სამუშაო ადგილს”, - ნათქვამია მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაში “მეტი სარგებელი ხალხს”.

 

„ქართული ოცნება“ - შრომის ახალი კანონმდებლობა

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეფექტიანი და ცივილიზებული შრომის ბაზრის ჩამოყალიბებაა:


“კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ცივილიზებული შრომის ბაზრის ფორმირებისთვის საჭიროა: ახალი შრომის კანონმდებლობის შემუშავება და მიღება; შრომის კანონმდებლობის რეფორმირება ეკონომიკაში შრომითი რესურსების ეფექტიანი განთავსებისა და გამოყენებისთვის  დასაქმებულთა ძირითადი უფლებების მკაცრად დაცვით. კერძოდ, დასაქმებულს უნდა ჰქონდეს  შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება, სამუშაოდან დაუსაბუთებელი დათხოვნისგან დაცვის უფლება, გაფიცვის უფლება.”


„ქართულ ოცნებაში“ გეგმავენ აღრიცხვის საინფორმაციო ბანკის შექმნას. იმისათვის, რომ მოხდეს უმუშევრების გადამზადება და შესაბამისი სამუშაოს შეთავაზება; სახელმწიფოს მხრიდან უმუშევრების მხარდამჭერი ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდა; სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა.


„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის ერთ–ერთი ავტორი ნოდარ ხადური  ამბობს, რომ ქვეყანაში 800 ათასამდე უმუშევარია:


“ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის, ეს კატასტროფიული მაჩვენებელია. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი, ინვესტორები და იმისთვის უნდა შეიქმნას ყველა პირობა, რომ საქართველო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისათვის.“


ხადურის თქმით, მთავარია ქვეყანაში ბიზნესი იყოს დაცული:

„მცირე და საშუალო ბიზნესს ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ. ამ ბიზნესს აქვს დიდი პოტენციალი და ნაკლები ინვესტირებით შესაძლებელია სამუშაო ადგილების შექმნა.“

ხადურის შეფასებით, დასაქმების საკითხის მოგვარებისათვის მნიშვნელოვანია ბაზრის ანტიმონოპოლიური რეგულირება და ცივილური შრომის კოდექსი:

„რაც საშუალებას მოგვცემს, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დისბალანსი არ ყოს. დღეს მონური შრომაა საწარმოებში და საჭიროა დასაქმებულმა თავი იგრძნოს დაცულად.“

 

„ქრისტიან–დემოკრატები“ – ჩვენ უზრუნველვყოფთ სამუშაოს ყველასათვის

ამ პოლიტიკური ძალის აზრით, ახალი სამუშაო ადგილების შექნისთვის გადამწყვეტია სწორი სატარიფო პოლიტიკა:

“ენერგომატარებლებზე, ელექტროენერგიაზე და გაზზე ტარიფების შემცირება თავისთავად ნიშნავს საქართველოში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და ქართულსავე ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

პროდუქციის თვითღირებულების 5-8%-ით შემცირება, უახლოეს 3-4 წელიწადში გააორმაგებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და, დამატებით, ყოველწლიურად 50 000 ახალ სამუშაო ადგილს  შექმნის.”

გადამზადება და ღირსეული დასაქმება - ეს არის ის შეთავაზება, რომლითაც „ქრისტიან-დემოკრატები“ გამოდიან.

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ დასაქმების სამინისტრო, უმუშევრობის პრობლემას ვერ გადაჭრის:

„ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ  მერებს და გუბერნატორებს დავალება მისცა, რათა ხალხი დაასაქმონ. ყველას კარგად გვესმის, რომ არც ერთი ჩინოვნიკი სამუშაო ადგილს არ ქმნის.  ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და მას სჭირდება კონკრეტული საგადასახადო შეღავათები. ამ მიმართულებით ენერგოტარიფების შემცირება შედეგის მომტანი იქნება.“

 

„ახალი მემარჯვენეები“ -  უნდა განხორციელდეს ბიზნესის დეკრიმინალიზაცია

„ახალი მემარჯვენეების“ პროგრამის მიხედვით, დასაქმების ეფექტურ პოლიტიკას ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდა განაპირობებს. ამისთვის საჭიროა მოხდეს უსაფრთხო და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბება; აქტიური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება; მცირე ბიზნესის განვითარება და მისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა; სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესის დეკრიმინალიზაცია.


„ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი  ლევან კალანდაძე ამბობს, რომ  სამუშაო ადგილს ქმნის ბიზნესი:

„ახალი მემერჯვენეები არ გამოვდივართ სტუდენტების, ექიმების დასაქმების პროექტებით. ასეთი პროექტები არის მოკლევადიანი და შედეგი არ მოაქვს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ბიზნესს განვითარებისათვის შევუქმნათ ხელსაყრელი გარემო. ეს არის გასაღები ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევის და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის.“

 

„ლეობორისტული პარტია“ - ჩვენ მოვსპობთ უმუშევრობას

მემარცხენე ორიენტაციის პარტია, რომლის ლოზუნგიც არის „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“, ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე საუბრობს.  

„ლეიბორისტული პარტიის“  პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა  ამბობს, რომ  სამუშაო ადგილებს შექმნის რუსეთის ბაზრის გახსნა:

„მანამდე სამუშაო ადგილების შექმნის ილუზია ნურავის ნუ ექნება. მეორე აუცილებელი პრიორიტეტი, ეს არის საშუალო და მცირე ბიზესის ხელშეწყობა. უნდა გაიცეს უპროცენტო სესხები, რათა განავითაროს ბიზნესი და მოგება კვლავ წარმოებაში ჩადოს. შეიძლება საგადასახადო შეღავეთები დაწესდეს დასაქმების მონაცემების მიხედვით. პროგრამაა, რომ რაც მეტი სამუშაო ადგილი იქნება შექმნილი, მით უფრო ნაკლები საგადასახადო ტვირთი ექნება სახელმწიფოს მიმართ. რაც აუცილებლად განავითარებს ბიზენსს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.“

“დასაქმების სამინისტრო არ არის გამოსავალი”


ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ  დასაქმების სამინისტოს მთავარი ამოცანაა შექმნას პირობები იმისთვის, რომ მეწარმეს კაპიტალის დაბანდების სტიმული ჰქონდეს:

„მეწარმემ მიიღოს ინფორმაცია, რომელი პროფესიაა მოთხოვნადი და ბიზნესი ამ მიმართულებით განავითაროს. თუმცა აქ მთავარია, როგორი იქნება სამართლებრივი რეგულირება, ადგილი ექნება თუ არა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას.“

სოსო არჩვაძის შეფასებით, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება არ მოხდა, ქვეყანაში  შენარჩუნებული იქნება არსებული სტატუსკვო:

„მსხვილ ბიზნესს ქვეყანაში უჭირავს პროდუქციის გამოშვების და ბრუნვის 85 პროცენტი. თუ გვინდა, რომ იყოს რეალური კონკურენცია, ხელი უნდა შევუწყოთ ანტიმონოპოლიური პროცედურების განვითარებას, მხარდაჭერა უნდა ჰპოვოს მცირე და საშუალო ბიზნესმა. დასაქმების სამინისტროს შექმნა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ.“

ექსპერტის აზრით, სამინისტრო სამუშაო ადგილებს მხოლოდ  აპარატში და სახელმწიფო სექტორში შექმნის. მთლიანად სამუშაო ადგილების შექმნა  კერძო სექტორზე უნდა მოდიოდეს:  

„პრობლემა არის ძალზე მწვავე, მართალია, ოფიციალურად 15 პროცენტის დონეზეა უმუშევრობა, მაგრამ თუ მთლიანად დასაქმების სტრუქტურას გადავავლებთ თვალს, საქართველოში 40 პროცენტზე ნაკლებია დაქირავებით დასაქმებული, 60 პროცენტზე მეტი კი თვითდასაქმებული.“

არჩვაძის შეფასებით,  თვითდასაქმებულთა შემოსავლები გაცილებით ჩამორჩება დაქირავებით დასაქმებულების ხელფასს, ამიტომ საქართველოდან სამუშაოს მაძიებელთა მიგრაცია მაღალია:  

„იმისთვის, რომ უმუშევრობა დავძლიოთ, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა უნდა  გაიზარდოს. ევროგაერთიანებაში თვითდასაქმების დონე არის 15 პროცენტი,  ხოლო საქართველოში 62 პროცენტი. ამ შემთხვევაში უმუშევრობის დონეთა შედარება აზრს კარგავს. საბერძნეთში უფრო მაღალია უმუშევრობა, ვიდრე - საქართველოში, ესპანეთში კიდევ უფრო მაღალი. ამ ქვეყნებში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა არის დაქირავებით დასაქმებული და ღირსეულ ხელფასს იღებს.“