ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა შენარჩუნებულია

13 თებერვალი, 2012 • 1315
საპარლამენტო უმცირესობა შენარჩუნებულია

 

დეპუტატთა გადანაცვლებების შედეგად საპარლამენტო უმცირესობა შენარჩუნებულია.

 

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებში” გაწევრიანდა, დეპუტატი რატი მაისურაძე ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატებიდან” ფრაქცია “ძლიერ საქართველოში” გადავიდა.

დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა კი ფრაქცია “ძლიერი საქართველო” დატოვა და ფრაქციაში “ერთობა სამართლიანობისთვის” გაწევრიანდა.

თუმცა დღეს შეიქმნა იმის საშიშროებაც, რომ საპარლამენტო  უმცირესობა დაიშლებოდა. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმცირესობას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატთა ნახევარზე მეტი. უმცირესობაში კი, რომან მარსაგიშვილის  ფრაქცია “ძლიერი საქართველო”–დან წასვლის შემდეგ, 12 დეპუტატი იყო.

იმის გამო, რომ უმრავლესობის გარეთ, მმართველი პარტიის დეპუტატ ბეჟან ხურციძის გარიცხვის შემდეგ, 24 დეპუტატი აღმოჩნდა, უმცირესობის შესაქმნელად საჭირო იყო 12+1 დეპუტატის არსებობა. შესაბამისად, ის დამატებით ერთი დეპუტატი იქნება უმრავლესობიდან წასული კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი, რომელმაც გამოთქვა თანხმობა ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებში” გაწევრიანების შესახებ.

დღევანდელ ბიუროზე ასევე ითქვა, რომ ნებისმიერ ფრაქციაში ცვლილებები ეცნობება საპროცედურო საქმეთა კომიტეტის საორგანიზაციო დეპარტამენტს და ხვალინდელ პლენალურ სხდომაზე განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი