კომენტარი

ვარცხნილობა, წითელი ბარათები და ვარდისფერი მაისურები

7 თებერვალი, 2012 • 2062
ვარცხნილობა,  წითელი ბარათები და ვარდისფერი მაისურები

ასე 20, მეტი თუ ნაკლები, წლის წინ ჩვენს სოფელში მეხივით გავარდა ამბავი… 14 წლის ბავშვმა თავი ჩამოიხრჩოო. იმ დღეს მისი ბებია სახლიდან სადღაც გავიდა, რომ დაბრუნდა, ბიჭი ხეზე  ჩემოკიდებული იპოვნაო. გვიანი იყო შველა. ამბობდნენ, მასწავლებელი დაემუქრა, საშემოდგომოს გამოგაყოლებ თუ რაღაც ამდაგვარიო.  ჯანმრთელი, ჩვეულებრივი მოზარდი იყო, კომუნიკაბელური, ცუდად არ სწავლობდაო… თუმცა სუიციდოლოგია ( სპეციალისტები, ალბათ, უფრო სრულწლოვნების ასაკს მიღწეულებს გულისხმობენ) გვამცნობს, რომ ამ ქვეყნიდან თავისი ნებით სრულიად ჯანმრთელი და წარმატებული ადამიანიც შეიძლება წავიდეს. არაა აუცილებელი, რომეო და ჯულიეტას, მადამ ბოვარის ანდა მარტინ იდენის ვნებებით იყოს შეპყრობილი… მახსოვს, აღდგომის მეორე დღეს ბაბუაჩემის საფლავზე რომ ავდიოდით,  მუხის ძველ, უზარმაზარ ხესთან იმ ბავშვის საფლავს ვხედავდი.  მგონი, ყველას ავიწყდებოდა თავისი მიცვალებული და იქ შეკრებილებს თანაგრძნობით უყურებდა. მათ ოჯახს არ ვიცნობდი, არც გარდაცვლილს, მაგრამ მინდოდა მის საფლავზეც, როგორც ამბობენ, წითელი კვერცხი გადამეგორებინა. რატომღაც ვერ ვბედავდი. განა ვინმე მიშლიდა? უბრალოდ, არ მინდოდა გრანიტის ქვაზე ამოტვიფრული მისი სახე დამენახა. ბავშვის სახე. ისიც მახსხოვს, ამბობდნენ, რელიგიური წესით, თვითმკვლელს სასაფლაოს ღობის იქით ასაფლავებენო. არა, მისი საფლავი არ იყო ღობის იქით. შემოღობილს შიგნით მდგომი ახლობლები კი დედამიწაზე ყველაზე ჩუმ, უსიტყვო და უსაზღვროდ სევდიან არსებებად მეჩვენებოდნენ. მშობლებისთვის არასოდეს მომიკრავს თვალი. უბედურებამ გაანადგურაო. საფლავზე ვერ ამოდიოდნენო.  მერე, მგონი, რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ჰოდა, დაირხა ხმა და მეც რატომღაც მეგონა, რომ იმ მოზარდს სკოლაში  თანაკლასელებმა ან პედაგოგებმა დასცინეს, მასხრად აიგდეს ან დააშინეს, ან კიდევ, ღმერთმა უწყის, რა… ან მეზობელმა/მეზობლებმა, ნაცნობმა/ ნაცნობებმა, უცნობმა/უცნობებმა…  ხშირად,  ერთი შეხედვით, უწყინარი დაცინვა, აბუჩად აგდება, „ჯიგრული ხუმრობა“, გაპამპულავება, ფაქტობრივად, დაშინებაცაა, შეურაცხყოფაც, დატერორებაც, დაშანტაჟებაც, რადგანაც ვერბალური, ერთი შეხედვით,  არაცინიკური „მესიჯები“ გარეგნულ სიმსუბუქეში შენიღბულ, ჯოჯოხეთურ ძალადობად შეიძლება გადაიქცეს. რაც ერთი ადამიანისთვის წვრილმანი და ყურადღების ღირსიც არაა, სხვისთვის – მსხვილმანი და  შინაგანის დამანგრეველია. რაც ერთისთვის უწყინარი ხუმრობა და სილაღეა, მეორესთვის – სერიოზული შეურაცხყოფა და პრობლემა. მგრძნობელობის საერთაშორისო სტანდარტი ანდა შეურაცხყოფაზე პროფილაქტიკური აცრა არავის შეუმუშავებია–დაუპატენტებია. ეს ხომ ნიუტონის პირველი კანონი არაა, რომ ყველაზე ერთნაირი ძალით იმოქმედოს. სიმძიმის ძალა კიდე კოსმოსურ სივრცეში უძლურია. უფრო სწორად, იგი იქ უბრალოდ არ არსებობს. იმ ბიჭის თვითმკვლელობის მოტივი თუ მოტივები არავის გამოუძიებია. არადა, საქართველოს კანონმდებლობით თვითმკვლელობამდე მიყვანა კრიმინალი, დასჯადი დანაშაულია. მაგრამ მკვლელობის ერთადერთი „მოწმე“  მკვდარია და თანაც თავისი ნებით. როდის იყო, რომ კარგ გამოძიებასა და დამნაშავის გამოვლენას საზოგადოება გამოეფხიზლებინოს, შეეცვალოს, თუ ეს, როგორც მინიმუმ, პოლიტიკური „უოთერგეითი“ არაა? ანდა, შესცვალა კი? მერე რა, რომ იციან დევნილ  ნანა ფიფიას თავის დაწვის მიზეზი?… ბოლოს იმ უბედურ ბავშვზე ითქვა, რომ შეიძლება სულაც შემთხვევით მოუვიდაო… გამოდის, რომ სიკვდილთან თამაშობდა. არადა,  14 წელი თითქოს ძალიან ადრეა ამ „საგანთან“ შეთამაშებისთვის. ათასგვარი სავარაუდო მიზეზი შეიძლება  დასახელდეს, ათასგვარი ჭორ–მართალი… ნახევრადსიმართლე თუ ნახევრადტყუილი . . .

ჩემს სკოლაშიც და, უდავოდ, არა მარტო ჩემს სკოლაში, ერთმანეთის აბუჩად აგდება, დაშინება, დაცინვა, უხამსი შეთავაზება, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა (Bullying)  ჩვეულებრივი ამბავი იყო. ხუთოსნები ოროსნებს დასცინოდნენ, მაღლები – დაბლებს, სწორწვივიანები – არც ისე სწორწვივიანებს, „შმოტკებიანები“ – ძველტანსაცმელიანებს, პარტიულების შვილები – უპარტიოებს, „გაზ–24“– იანები – „მოსკვიჩიანებს“ , მასწავლებლები – მოსწავლეებს და პირიქით. ვინ მოსთვლის, რამდენი ფსიქო–სომატური დაავადება, მათ შორის, ყველაზე „პოპულარული“ გასტრიტი ანდა ბანალაური ნევროზი ჩამოყალიბდა სწორედ იქ, სადაც ბავშვებს, წესით, გეოგრაფიისა და ლიტერატურის გარდა, ადამიანის, არა აბსტრაქტული ცნების, არამედ, მაგალითად, კონკრეტული კლასელის ანდა პარალელურკლასელის პატივისცემა უნდა ესწავლათ და სადაც ყველაზე ბედნიერ წლებს – ბავშვობას ატარებენ; ანდა, სად გადის ფსიქოლოგიური ზღვარი დაცინვასა და მუქარას შორის? ჩემს მეხსიერებას ნათლად შემორჩა ჩვენი სკოლის ერთ „ხუთოსანა ბიჭზე“ განხორცილებული „ხუმრობა“. იგი განსაკუთრებული სიბეჯითითა და დისციპლინირებულობით გამოირჩეოდა, ამიტომ ლამის ყოველ მესამე დღეს არახუთოსნები, უფრო სწორად, ოროსნები და ისინიც, ვისაც ოთხიან–ხუთიანებს „კარგი მამიკოების“ გამო უწერდნენ,  მას ეზოში დაეტაკებოდნენ და ასე სიცილ–ჟრიამულით სკოლის ეზოში, წყლის „ფანტანზე“ აჯენდნენ. ის კი ეწინააღმდეგებოდა, ხელ–ფეხს, როგორადაც შეეძლო, განწირულად იქნევდა. ჩვენი, გოგონების ყვირილს– „თავი დაანებეთ!“– აზრი არ ჰქონდა. მაშინ მინდოდა ამ  ბიჭების იმ ზედახორაში ჩავრეულიყავი. ნეტავ, ხელს თუ მკრავდნენ? არადა, რომც მეცადა, ფაქტობრვად, ამ „ხულიგნობას“ ფიზიკურად ვერ აღვკვეთდი, რადგანაც მსხვერპლის  შეპყრობა, მისი „ტრანსპორტირება“ და  წყალზე დასმა რამდნეიმე წამში ხდებოდა. ჰოდა, ამგვარი „ცუღლუტობის“ გამო მას შარვლის ზედა ნაწილი ხშირად უსველდებოდა. პედაგოგები კი ამ სცენას მშვიდად აღიქვამდნენ, რადგანაც ეს  გაკვეთილებს შორის დასვენებაზე გამოშვებულ ორთქლად მიიჩნეოდა. და ისედაც, ბიჭი რისი ბიჭია, თუ მისნაირი ანდა მასზე ნაკლები  არ მიბეგვა, როგორც მინიმუმ, პანჩური არ ამოარტყა, ანდა გვარიანად არ შეაგინა?!  სხვათა შორის, ჩემი თანაკლასელი მერე, სამედიცინო ინსტიტუტიდან ჯარში, რუსეთში, წაიყვანეს… იქ ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოხტომის დროს პანიკური შიშის შეტევა დაემართა, მაგრამ ოფიცერმა მაინც ჰკრა ხელი და გადააგდო. ჰაერში. „სამშობლოს დასაცავად“. მშვიდობით კი დაეშვა. პარაშუტი გაიხსნა. დაშვებისას ფიზიკური ზიანი არ მიუღია. მაგრამ იმ დღიდან ლოგინად ჩაწვა. მწვავე დეპრესია დაემართა და ვეღარ ადგა. ცოტა ხანში კი საშინელი დიაგოზი – ლეიკემია. ძალიან უნდოდა სიცოცხლე. ოპერაციის შანსი თავად მოიძია. საზღვარგარეთ.  გზად, გერმანიისკენ  მიმავალ მატარებელში გარდაიცვალა. 20 წლის იყო…

იმ სკოლაში მეც ვიყავი ერთგვარი  სამიზნე. ჩემი ხუჭუჭა თმების გამო, რომელიც მაშინ უფრო „გაბურძგნული“ იყო, ვიდრე – ახლა. არა, თანაკლასელებისგან შერქმეული  „ჩაის ბუჩქი“  სულაც არ მწყინდა. რადგანაც მეც მეცინებოდა და ვიცოდი, რომ ეს მეგობრობისა და შინაურობის გამოხატულება იყო. მაგრამ სკოლის დირექტორს რატომღაც ჩემი თმების დანახვაზე ალერგიული  რეაქცია, უფრო სწორად, აგრესიის შეტევა ემართებოდა და  ამას დიდი ენთუზიაზმით გამოხატავდა კიდეც. თუ დამინახავდა, ბებიას ტოლი ქალი აუცილებლად მომცემდა შენიშვნას და დამარიგებდა, რომ  მოსწავლე გოგონას შუბლზე თმები არ უნდა ჰქონდეს ჩამოწეული („ნევეძიმკების“ სიმრავლის მიუხედავად, თმები ჯიუტად შუბლზე „ჩამოდიოდნენ“), მაშინებდა, რომ  შუბლზე თმა ამომივიდოდა და მაიმუნს დავემსგავსებოდი, რომ სკოლის მოსწავლის შუბლი ისეთივე ნათელი უნდა იყოს, როგორიც, ალბათ, სკოლის დირექტორის რეპუტაცია (მოგვიანებით  სკოლიდან პენსიაში სწორედ მისი პედაგოგობასთან შეუთავსებელი ქმედების გამო გაუშვეს). ანუ წესიერ მოსწავლე გოგონას თმები  გადასლექილ–გადაწეული უნდა ჰქონდეს და, საუკეთესო ვარიანტში,  უკან, ნაწნავში შეკრული და ბაფთით დამშვენებული. მახსოვს, სკოლაში  „ჩოლკიან“ გოგონებს ვეძებდი და თუ შევამჩნევდი, ვერ ვბედავდი მეკითხა, დირექტორის „რჩეულები“ისინიც იყვნენ,  თუ მხოლოდ მე? მეხუთე კლასში, ერთ–ერთი სასკოლო ღონისძიების დროს, სადაც სიმღერაც ვიმღერე და ლექსიც წავიკითხე, დასასრულს სკოლის მთავარმა ქალბატონმა უცებ მხოლოდ მე გამომიძახა, მთელი სკოლის აუდტორიის წინ, მადლობის მაგივრად, ჩემს „ჩოლკას“ რწყილივით ჩაეჭიდა, ლამის თმები ამაძრო და თან განაცხადა: ვინც თმებს წესიერად არ დაივარცხნის, აი, ეს ბედი ელისო. არ დამავიწყდება ჩემი სიტყვით აუწერელი  მტკივნეული განცდა. განა, ფიზიკური? მოგვიანებით, მარტო თმის არა, სხვა მიზეზთა გამოც, ჩემი თხოვნით მშობლებმა სხვა სკოლაში გადამიყვანეს. ძალიან კარგოსანი მოსწავლე ვიყავი და სკოლას არ აწყობდა… სკოლიდან გადასვლამდე კი, ერთ – ერთი გაკვეთლის დროს, ჩემს ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად  დირექტორის კაბინეტში გამომიძახეს. კაბინეტში მამა დამხვდა. ამჯერად დირექტორს ჩემი მაინც გაბურძგნული თმები აღარ დაუწიწკინია, არც მშობლისთვის უსაყვედურია შვილის ვარცხნილობის გამო, არამედ ძალიან მშვიდი ხმითა და დედობრივი მზრუნველობის ინტონაციით ცდილობდა გადავერწმუნებინე, რომ სკოლა არ დამეტოვებინა. მე ხმა –კრინტი არ დამიძრავს. თითქოს იგი არც არსებობდა. რადგან იგი ჩემთვის იმ სახალხო დასჯის შემდეგ მართლაც აღარ არსებობდა. განა მხოლოდ როგორც დირექტორი, არამედ როგორც … „ვინ ჯგუფის“ (არც „რა ჯგუფში“ იყო) არსება. სხვა სკოლაში კი მეორე სემესტრი ისე დავამთავრე, რომ წინა სკოლამ, სადაც მხოლოდ „დავარცხნილებს“ სცნობდნენ, ჩემი საბუთები  ახალს არაფრით გადასცა.  ანუ ფორმალურად ძველ სკოლაში ვირიცხებოდი, არაფორმალურად – ახალში. ჩვეულებრივად ვსაწვლობდი, ახალი მასწავლებლები გაკვეთილს კი მეკითხებოდნენ, მაგრამ საბუთების არარსებობის გამო სასკოლო ჟურნალში ნიშნებს არ და ვერ მიწერდენენ, ანუ მოცემულ სკოლაში ფიზიკურად ვარსებობდი როგორც მოწაფე, მაგრამ ახალი სკოლის ქაღალდებზე –არსად. საბუთის გარეშე ხომ სრულფასოვანი არც ბავშვი ხარ, არც ზრდასრული და არც მოხუცი. მიცვალებულსაც დოკუმენტი სჭირდება. დასტური იმისა, რომ ცოცხლებში აღარაა.  მახსოვს, ჩემთვის უკვე სტრესულ სიტყვაზე „საბუთები“ რაღაც უცნაური, უსიამოვნოდ „წებოვანი“ განცდა მეუფლებოდა, რომელმაც მხოლოდ 2–3 წლის შემდეგ გამიარა.

ჩემი თმების  ბავშვობისდროინდელი თავგადასავალი სრული სიცხადით არ გამახსენდებოდა, რომ  არა ჩემი ამხანაგის ამასწინანდელი მონათხრობი… ისევ და ისევ თმებთან დაკავშირებით. ამჯერად ფიზიკური ძალდობის გარეშე. მანდატურების თანდასწრებით. რამდენიმე ხნის წინ  საჯარო სკოლაში, სადაც მან ბავშვი ასევე „რეფორმირებული“ სკოლიდან სასწრაფო წესით გადაიყვანა, მისი შვილის თმის სიგრძე და ვარცხნილობა დაიწუნეს. თან მთელი კლასის თანდასწრებით (ეტყობა, ამგვარი დამუნათება „პედაგოგიური ეთიკის“ შემადგენელი ნაწილია). მშობელმა შვილს თმა ოდნავ დაუმოკლა, მაგრამ, როგორც ჩანს, არასაკმარისად, რადგანაც ბავშვის თმის სიგრძე ისევ არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი. დირექტორმა აღშფთოთებულ მშობელს კედელზე გაკრულ შინაგანაწესზე მიუთითა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ თმის სიგრძის რეგულაციაზე არაფერია ნათქვამი. ბოლოს  მასწავლებელმა   ნათელი მოჰფინა საქმეთა ვითარებას და პირდაპირ განუცხადა: “ჩემს კლასში ჩემი განაწესი მაქვსო!“; მანდატურმა კი მშობელს აცნობა, რომ ერთ–ერთი მოსწავლე, რომელიც სკოლის „კონსტიტუციის“ თანახმად მშობელმა თმა შეჭრა, მეორე დღეს სკოლაში ტირილით მოვიდა. როგორც ჩანს, პედაგოგიური ეთიკის „მორჩილი“ პედაგოგები „ურჩი“ თმის „ქცევის კოდექსს“ ინდივიდუალურად არეგულირებენ; მანდატურს კი მხოლოდ ბავშვებს შორის წაკინკლავება და ცივი იარაღის ტარების აღკვეთა ევალება. არადა ტელევიზია გვამცნობს, რომ  მანდატურების გამოისობით ქართულ სკოლებში ძალადობის ფაქტები – 95 პროცენტით, ცივი იარაღის ტარების – 82 –ით  და ვანდალიზმის ფაქტები 98 – ით შემცირდაო. თუმცა  ვერ მოვისმინეთ, ამ მშვიდობიან და იდილიურ გარემოს შექმნაში პედაგოგების მხრიდან  ბავშვებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შემცირებამ რა წვლილი შეიტანა.

ფართო საზოგადოებისთვის ასევე მიუწვდომელია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება სასულიერო სკოლებში, რომლებიც სერთიფიცირებულია, ფასიანიცაა (როგორც წესი, ფასიანი სწავლება ხარისხიანის სინონიმიცაა) და ცხადია, იქ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისგან განსხვავებული შინაგანაწესი აქვთ, პედაგოგები კი უფრო საღმრთო სჯულითა და რომელიმე სასულიერო პირის დაწერილი თუ დაუწერელი ქადაგებებით სარგებლობენ, ვიდრე – სახელმწოფოს მიერ აღიარებული პედაგოგიური ეთიკითა და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით. აი, მაგალითად, რა ხდება ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სკოლაში, სადაც ფეხბურთში არსებული დასჯის მეთოდის, ყვითელი ბარათების, არ იყოს, აქაც შემოუღიათ დასჯის საბარათო სისტემა. ოღონდ წითელი. თან ამგვარი ბარათების დაფა კორიდორში მთელი სკოლის დასანახად ყოფილა გამოკრული. . .  სამარცხვინო დაფაზე. პირველი წითელი ბარათის ეკვივალენტი– ბავშვის დასჯის ზომა – დასვენებაზე არგაშვებაა; მეორე– ერთი ბავშვის გამო მთელი კლასი ისჯება და დასვენებაზე არ გადის; მესამე – ბავშვი მარტო ტრაპეზობს, ანუ 300 ბავშვი ერთად მიირთმევს, დასჯილი კი – ცალკე (იმედია, განსხვავებულ საკვებს არ აძლევენ); მეოთხე –  ბავშვი ვერ ხდება კვირის საუკეთესო მოსწავლე, თუნდაც  ძალიან კარგად სწავლობდეს; მეხუთე– ბავშვს სკოლის სამკერდე ნიშანს წაართმევენ; მეექვსე – ბავშვმა მიტროპოლიტის სახელზე ახსნა–განმარტებითი ბარათი უნდა დაწეროს (თუ ჯერ არ იცის წერა–კითხვა, როგორ?). ბავშვის დასჯის მიზეზებს კი რა გამოლევს, მათ შორის, შესაძლებელია იყოს მოუწესრიგებელი ან სახლში დავიწყებული სასაწავლო ნივთები. როცა ერთ–ერთ პირველკლასელს პროტესტის განცდა გაუჩნდა ამგვარი ინკვიზიციური წესების მიმართ, სასწავლო ნაწილის გამგემ, იღუმენიამ, რომელიც შეთავსებით რატომღაც  ფსიქოლოგიცაა, ბავშვს „ფსიქიკური აშლილობის“ დიაგნოზი დაუსვა და მშობელს ტვინის სამედიცინო გამოკვლევა ურჩია. „ინტრიგან დედას“ კი, რომელმაც „კანონი“ გააპროტესტა, სირცხვილის გრძნობის „აღსაზრდელად“ გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებანის წაკითხვა ურჩიეს. ამ სკოლაში წიგნის იატაკზე დავარდნის გამოც ისჯებიან. მაგრამ რახან ბიბლია უფრო მეტია, ვიდრე მათემატიკის სახელმძღვანელო, ადვილად წარმოსდგენია, რომ ამ „უპატიებელი“ ცოდვის გამოსასყიდად დასჯის ხუთქულიან–წითელბარათიანი სისტემა საკმარისი ნამდვილად არ იქნება. თანაც ამ სასულიერო სკოლებში ბავშვების მიღებაზე კონკურსიც კი ყოფილა. გამოცდები ტარდება. თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რა გამოცდა უნდა ჩაუტარონ 6 წლის პატარას?  რა წერია ლუკას სახარებაში, თუ რა აზრისაა  იგი დარვინის თეორიაზე?


მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით, ყოველდღიურად 160 000 ბავშვი არ მიდის სკოლაში, რათა სასწავლო დაწესებულებაში მოდებულ აბუჩად აგდებასა და მუქარას თავი აარიდოს. მსუქანი გოგონები სამჯერ უფრო მეტად არიან დაცინვის სამიზნე, ვიდრე მისი ასაკის „საშუალო ზომის“  გოგონები. სხვადასხვა კვლევები კი ცხადყოფს, რომ მოძალადე დაშინებას მისი მსხვერპლის დამცველის ან ამ „ხულიგნობის“ მოწმის ჩარევიდან 10 წამში წყვეტს. აბუჩად აგდება, დაშინება  მოიცავს ემოციურ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი ერთგვარი საყოფაცხოვრებო ტერორი და შანტაჟია. შანტაჟისა და შანტაჟით ადამიანისთვის მიუღებელი ქმედების იძულების საფუძველი შეიძლება გახდეს– კანის ფერი, ეროვნება, რელიგია, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, პოლიტიკური მრწამსი, ფიზიკური და გონებრივი უნარშეზრუდულობა, სოციალური სტატუსი, მარგინალობა, უბრალოდ, განსხვავებულობა; ადგილი: სახლი (ბავშვთა სახლიც), სამეზობლო, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, ქუჩა, სკვერი, ჯარი (ე.წ. „დედოვშჩინა“), ციხე, ეკლესია, საავადმყოფო,  მედია, ინტერნეტი და სოციალური ქსელი, ქვეყანა… სახელმწიფოებიც ემუქრებიან და აშინებენ ერთმანეთს. ფაშისტური, ტოტალიტარული სახელმწიფოების „ქცევის კოდექსი“ და „ცივი ომი“ ამის კარგი მაგალითებია. შოვინიზმი, რასიზმი, ქსენოფობია, სექსიზმი, ეიჯიზმი, ობსკურანტიზმი, მესიანიზმი, ურა–პატრიოტიზმი არის და შეიძლება გახდეს სხვაზე, განსხვავებულზე, მოწყვლადზე მიმართული შეურაცხყოფის, ცილისწამებისა და დაშინების, დატერორების, მანიპულაციის, აგრესიის, ძალადობის მცდელობისა და თავად „კლასიკური“ ძალადობის განხორციელების საფუძველი. პირდაპირი დაშინება ფიზიკურ შეურაცხყოფას გულისხმობს, არაპირდაპირი კი – ადამიანზე ჭორების გავრცელებას, სიძულვილის ენას, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, მანიპულაციას, მოტყუებასა და ა.შ.

ერიკ ჰარისი და დილან კლებოლდი
ერიკ ჰარისი და დილან კლებოლდი

იყვნენ… მაგრამ შურისძიებამ  არ იცის მუხრუჭები. შეურაცხყოფის „დრამა“ მთელი სკოლის თვალწინ თამაშდებოდა. თუმცა  ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. სკოლა ბრმა და ყრუ  აღმოჩნდა. უფრო სწორად, ადამიანები აღმოჩნდნენ უყურადღებონი, უგრძნობელნი. თვლიდნენ, რომ ეს იმის პრობლემაა,  ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ და მსხვერპლი თავად უნდა გაუსწორდეს დამცირების ზვავს. აკი გაუსწორდნენ კიდეც. სხვების დაუხმარებლად. თავად. მხოლოდ ერთი „მცირედის“ – ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ სტატიებიც დაიწერა, წიგნებიც, სიმღერებიც, გადაცემები მიუძღვნეს, ფილმები გადაიღეს, კვლევებიც ჩაატარეს და … ვიდეოთამაშიც გაჩნდა. ისევ და ისევ ძალადობის დემონსტრირებით. მაგრამ ინეტში განა მხოლოდ ომობანას ანიმაციური თამაშებია?  აი, მაგალითად, ამას წინათ ინტრენეტში გაჩნდა ნატურალური ძალადობის ამსახველი  კადრები, თუ როგორ სცემს შვიდი მოზარდი ერთ ყმაწვილს . . . 180 დოლარისთვის.  ძირს დაგდებული მსხვერპლი კი ჩანასახის პოზაში მოკუნტულა და მისივე ასაკის ბიჭებს, ბუნებრივია, წინააღმდეგობას ვერ უწევს. მაგრამ ისინი ურტყამენ, ურტყამენ, ურტყამენ… და ამ სცენას ვიდეოზე ერთ–ერთი მოძალადე იღებს, იღებს, იღებს. მერე მოძალადეებმა ეს „დოკუმენტური ფილმი“  „იუთუბზე“ ატვირთეს. დატკბითო, რა მაგრები ვართო… ბუნებრივია, პოლიციამ მათ ადვილად მიაგნო და დააპატიმრა კიდეც. მაგრამ ეს, მგონი, ის უნიკალურია შემთხვევაა, როცა ადამიანებმა ვირტუალურ სამყაროში თავადვე დადეს თავიანთ სისაძაგლის „აღიარებითი ჩვენება“ – ვიზუალური მტკიცებულება შემდეგი გზავნილით: მოდით, დატკბით ჩვენი „მაგრობით“, ქვეყანა კი არა, მსოფლიო უნდა იცნობდეს თავის გმირებს  და… დაგვიჭირეთო. აშშ–ში წამყვანი თუ ადგილორივი ტელევიზია ყოველთვის აშუქებს Bullying „ქეისებს“. რამდენიმე დღის წინ ტენესის შტატის ქალაქი ბრისტონი საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა. აღმოჩნდა, რომ მის ერთ–ერთ სკოლაში ურჩ ბავშვებს „ყვირილის ოთახში“ ათავსებდნენ. სკოლის საკუჭნაოში განთავსებულ ოთახს ამ სკოლის მოსწავლეებმა „ყვირილის ოთახი“ შეარქვეს, რადგანაც  თანასკოლელებს „საპყრობილეში“ მყოფთა ტირილი და ძახილი ესმოდათ… როცა ამ სიტყვებს ვწერ, CNN   ლოს–ანჯელესის დაწყებითი სკოლის (7–10 წლის ბავშვები) მასწავლებლის  დაპატიმრების ამბავს გადმოსცემს. იგი 23 მოსწავლეზე, ძირითადად, ლეიკოპლასტის გამოყენებით ბავშვების პირზე დაწებებით ძალადობდა და ამის დასტურად 400 სურათიც გადაიღო. მისი ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ელოდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ისაა, რომ ამ ბავშვებს არ ესმოდათ, რომ ისინი ძალადობის მსხვეპრლინი იყვნენ. განსხვავებით იმ ქართული სასულიერო სკოლის პირველკლასელისგან, რომელმაც წითელი ბარათების დიქტატურა ტირილით გააპროტესტა და მშობელიც საქმის ყურში ჩადგა.

2004 წლიდან ბრიტანეთში აბუჩად აგდების, დაშინების საწინააღმდეგო კვირეული იმართება. 2009 წელს კი ამ დიდი კამპანიის ფარგლებში, რომელსაც „აბუჩად აგდების საწინააღმდეგო ალიანსი“ (აერთიანებს 130 ორგანიზაციას) ატარებს, გაიმართა ღონისძიებათა სერია კიბერდაშინების წინააღმდეგ დევიზით „იყავი დაცული კიბერსივრცეში“. თანამდეროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად დაცინვის, შეურაცხყოფისა და დამაკნინებელი იარლიყების მიწებების ყველაზე ეფექტური საშუალება სწორედ ინტერნეტი გახდა. სოციალური ქსელები კი არა მარტო ადამიანების რევოლუციური შემართების აღგზნების, ადამიანის უფლებების დაცვის, მნიშვნელოვანი,  საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელების, თანადგომის, სიყვარულის ახნისა და ზოგადად ადამიანების, თემის თუ ორგანიზაციების  სასიკეთო საქმისთვის მობილიზაციის ყველაზე სწრაფი საშუალებაა, არამედ ადამიანზე ინდივიდუალური თუ „თემური“ თავდასხმის „მოწყობის“ ეფექტიანი და მასშტაბური იარაღიც. სამწუხაროდ,  არც ისე ცოტა ქართველი ფეისბუკელი გამოირჩევა დიდის ჯენტლმენობით. შეიძლება ითქვას, ღმერთმა უწყის რა ხდება ინბოქსსა და ჩატში, მაგრამ თვალი ხომ  უწყის თუ რა ხდება მავანთა კედელზე და როგორ შეუძლიათ ავტორიტეტიანებს თუ არაავტორიტეტიანებს მიზანმიმართულად დევნონ ადამიანი მისი აზრისა და მსოფლმხედველობის გამო. „ონლაინ“ აბუჩად აგდება, დაშინება და ღირსების შემლახველი სექსუალური მეძიებლობა „მოდაში“ შემოვიდა. თუ ადრე ტლანქი ეელექტრონული ფოსტა გამოიყენებოდა, ახლა – მოსწრებული ტექსტმესიჯები, ათასგვარი „ონლაინ“ ფორუმები, სოციალური ქსელები, რომელიც, ფაქტობრივად, თვალსა და ხელს შუა ასოციალური ხდებიან. ინეტი იმის საშუალებას იძლევა, რომ ძალადობა უფრო ეფექტურად, ოპერატიულად და მრავალჯერადად განხორციელდეს, ვიდრე ეს „კლასიკური საშუალებებითაა“ შესაძლებელი. აშშ–ის „დანაშაულის პრევენციის საბჭოს“ მონაცამებით ამერიკელი მოზარდების ნახევარი კიბერდაშინების მსხვერპლია. აქედან თითქმის 60 პროცენტი თავის მშობლებსა და  უფროს მეგობრებს კიბერდაშინების თუ კიბერდაცინვის შესახებ არ უყვება; უფროსებს კი არა აქვთ საშუალება, რომ შვილების Bullying – კონტაქტები  გააკონტროლონ და შესაბამისი ზომები გაატარონ – ბავშვები ძალადობისგან და მოძალადედ გახდომისგან დაიცვან. ერთ–ერთი მარტივი მიზეზის გამოც. უმცროსი თაობა თანამედროვე „ესემეს“ კომუნიკაციის, ინეტერნეტექლოგიებში უფროსებზე უკეთესად ერკვევა.

 

2010 წელს რატგერსის უნივერიტეტის 18 წლის სტუდნეტი, ვიოლინისტი ტაილერ კლემენტი ხიდიდან გადახტა და თავი მოიკლა მას მერე, რაც მისმა ბინის მეწყვილემ  ტაილერისა და მისი გეი–მეგობრის სასიყვარულო სცენა ვიდეოკამერით გადაიღო და ინეტში განათავსა. სამწუხაროდ, ინტერნეტი დუღს და გადადუღს აბუჩად აგდების სამაგალითო ეგზემპლარებით. ორი წლის წინ ირლანდიიდან ამერიკაში საცოხვრებლად გადმოსულმა 14 წლის ფიბი პრინსმა, რომელსაც სკოლაში თანაკლასელებისა და თანასკოლელების მხრიდან მუდმივ აბუჩად აგდებას ვერ გაუძლო, იგივე გააკეთა, რაც  წლების წინ ქართველმა 14 წლის ყმაწვილმა. მაგრამ გოგონას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგაც კი ფეისბუკზე, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯგუფის კედელზეც კი არ შეწყვეტილა ფიბის აბუჩად აგდება. მოგავინებით ფეისბუკის ეს შეურცხმყოფელი კომენტარები წაშალეს.  .   . ეს არც ისე უნიკალური შემთხვევა გახლავთ. მახსოვს, როცა ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეისბუკის ჯგუფი გაიხნა, პარალელურად ანალოგიური სახელით რამდენიმეც გაიხსნა, სადაც არა მარტო დაღუპული ქართველი სპორტსმენის, არამედ ზოგადად ქართველების შეურახმყოფელი კომენტარები გაჩნდა.

მას მერე რაც ჯორჯიის შტატში ე.წ. აბუჩად აგდების საწინააღმდეგო კანონმდებლობა (Antibullying Legistlation) მიიღეს ამერიკის დანარჩენმა 46 შტატმაც გაიზიარა მისი მიღების აუცილებლობა. კალიფორნია კი პირველი შტატია, რომელმაც კიბერდაშინების საწინააღმდეგო კანონმდებლობა მიიღო .  2008 წლიდან კი კანადაში თებერვლის ბოლო ოთხშაბათს „აბუჩად აგდების საწინააღმდეგო დღეს“ (Anti-Bullying Day), სხვაგვარად „ვარდისფერი მაისურის დღეს“ აღნიშნავენ. 2007– ში სასწავლო წლის ერთ მშვენიერ პირველ დღეს ნოვა სკოტიას სკოლაში ერთი მოსწავლე ყმაწვილი  ვარდისფერ მაისურში გამოწყობილი მივიდა. რადგანაც, „წესით“, „წესიერმა მამაკაცმა“ ვარდისფერი არ უნდა ატაროს,  თანასკოლელებმა მის სექსუალურ ორიენტაციას დასცინეს და ცემით დაემუქრნენ. ერთი პატარა სოფლის „ვარდისფერმა ისტორიამ“ ქვეყნის პოლიტიკოსებამდე მიაღწია და კანადის საზღვრებსაც გასცდა.  მას მერე თებერვლის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით უმცროსები და უფროსები ვარდისფერ მაისურებში იმოსებიან, ატარებენ სხვადასხვა სახის პერფორმანსებს, მღერიან, Anti- Bullying – ის აღმნიშვნელ ბარათებს, ტანსაცმლებს, ქუდებს ჰყიდიან ანდა უბრალოდ ადამიანებს მოუწოდებენ: „არა აბუჩად აგდებას!“

მსოფლიო ქსელში უამრავ ინეტერნეტ – რესურსს იპოვით, სადაც  არა მარტო აბუჩად აგდების/ დაშინების ფატალური თუ არაფატამური ისტორიები, ამ საკითხის კვლევის შედეგები, არამედ სკოლის, თემის, ქალაქის, არასამათავრობო ორგანიზაციის თუ სახელმწიფო სტრუქტურის მიერ აბუჩად აგდების/დაშინების საწინააღმდეგო კამპანიები და პროექტებია აღწერილი. ამგვარ ვებსაიტებს შეურაცხყოფისა და ძალადობის მსხვერპლნიც ქმნიან. ქმნიან მათი ახლობელებიც. 2009 წელს სირდინერ უოლკერის 11 წლი ბიჭმა კარლმა თავი ჩამოიხრჩო. მას სკოლაში დასცინოდნენ:  გეივით იქცევიო. დედა შვილს

აქცია ერთად დავდგეთ
აქცია ერთად დავდგეთ

ამ ბავშვების დასახელებას ეხვეწერბოდა. ბიჭი კი თავს იკავებდა, რადგან თვლიდა, რომ მას ახალ იარლიყს მიაწებებდნენ: ჩამშვებისა და მაბეზღარის. კარლმა თავის მოკვლა „ამჯობინა“. მისი სიკვდილის შემდეგ დედამისმა თავისი ცხოვრება აბუჩად აგდებისა და დაშინების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. სირდინერ უოლკერის მიერ დაარსებულ ვებსაიტზე, რომელსაც „დავდგეთ ერთად“ ჰქვია, შესაძლებელია ამ ქალისა და არა მარტო ამ ადამიანის გვერდით ყოველგვარი პათეტიკის გარეშე დავდგეთ, თანავუგრძნოთ და ვუთხრათ „არა!“ შეურაცხყოფას, აბუჩად აგდებასა და ძალადობას. მე მე – 162 388–ე ვარ მათ შორის, ვინც კარლსა და კიდევ ბევრს თავის მოკვლის უფლებასა და საშუალებას არ მისცემდა. თქვენ?

P.S. ფეისბუკზე შექმნილია ჯგუფი „არა აბუჩად აგდებას!“ (No Bullying). შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიები, შეხედულებები და იდეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი