ახალი ამბები

გიორგი მელაძე: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაუწყებელში მიუკერძოებელი დამოკიდებულება

5 მარტი, 2013 • • 1357
გიორგი მელაძე: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაუწყებელში მიუკერძოებელი დამოკიდებულება

აღნიშნული განცხადება გიორგი მელაძემ დღეს, 5 მარტს, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გააკეთა.

 

გიორგი მელაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც სამეურვეო საბჭომ დირექტორი გადააყენა თანამდებობიდან. მისი თქმით, ის სკანდალური ფორმა, რა ფორმითაც მიმდინარეობდა ურთიერთობა მაუწყებლის დირექტორსა და საინფორმაციო სამსახურს შორის, არ პასუხობდა მაუწყებლისთვის წაყენებულ მაღალ სტანდარტს.

 

სამეურვეო საბჭოს წევრის თქმით, 2 თვის წინ საბჭომ არჩევანი გიორგი ბარათაშვილის სასარგებლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მაშინ იგი არ ასოცირდებოდა რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან და ძალიან კარგად იცნობდა მაუწყებლის შიდა სტრუქტურას. გიორგი მელაძის თქმით, შიდა სტრუქტურის ცოდნა გიორგი ბარათაშვილს წაადგებოდა, რადგან ის შეძლებდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ისე განხორციელებულიყო რეფორმა და თანამშრომელთა შემცირება, რომ ეს არ ასახულიყო თავად მაუწყებელზე.

 

გიორგი მელაძე ასევე გამოეხმაურა მაუწყებლის თანამშრომლების გარკვეული ნაწილის მიერ მაუწყებლისთვის წაყენებულ ბრალდებას, რომ მათ არ მიეცათ საშუალება 4 მარტის საღამოს პირდაპირ ეთერში ესაუბრათ მაუწყებლის გარშემო შექმნილ პრობლემაზე.

 

“იმ ვითარებაში, როცა მაუწყებლის მიმართ წაყენებულია ძალიან მაღალი სტანდარტი და მე მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს, მე არ მინდა მხოლოდ გუშინდელ ეთერზე ვისაუბრო, გადავხედოთ ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს. თქვენ ნახავთ, რომ ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მისთვის კრიტიკულ პოზიციას უთმობს ადგილს. ასევე არიან მაუწყებლის თანამშრომლები, რომლებიც აკრიტიკებენ მაუწყებელს მისსავე ეთერში. მე მგონი, ეს ძალიან ნორმალური, ჯანმრთელი პროცესია”, – განაცხადა გიორგი მელაძემ. მისივე თქმით, მაუწყებელმა უნდა შეინარჩუნოს დაბალანსებული და მიუკერძოებელი დამოკიდებულება პროცესებისადმი.

 

სამეურვეო საბჭოს წევრი ზეწოლად აღიქვამს პარლამენტარებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიერ საუბარს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი საქართველოში შემუშავებულია სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი