ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტრო შარშანდელთან შედარებით მეტი ფულის დახარჯვას გეგმავს

15 იანვარი, 2013 • 856
ინფრასტრუქტურის სამინისტრო შარშანდელთან შედარებით მეტი ფულის დახარჯვას გეგმავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის საპასუხოდ, დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ  განცხადება გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს და დავით ნარმანიას განცხადებას აქვეყნებს. 

 

2013 წელს ჩვენი სამინისტროს მიერ პროექტების გახორციელების კუთხით 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა. გარდა ამისა, 2012 წელს დაწყებული ყველა გარდამავალი პროექტი აუცილებლად გაგრძელდება 2013 წელს. ასევე, საქართველოს 25-მდე მუნიციპალიტეტში ინიცირებულია წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტები. გახორციელდება დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა. პროექტების თვალსაზრისით 2013  წელი ძალიან დატვირთული იქნება და იმაზე  მეტი ადამიანი დასაქმდება, ვიდრე 2012 წელს იყო დასაქმებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამინისტროს პროექტების შეფერხებების გამო უმუშევრობის ზრდასა და საბიუჯეტო კრიზისს ნამდვილად არ ველოდებით. აღნიშნული სამუშაოების მასშტაბებიდან და საზოგადოების ინფორმირებულობის გამჭვირვალეობიდან გამომდინარე, წინასწარ ვაქვეყნებთ ინფორმაციას 2013 წლის  სამოქმედო გეგმის შესახებ,  – განაცხადა დავით ნარმანიამ.


მინისტრი საზოგადოებას 2013 წელს გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მიაწვდის. 


შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს, 15 იანვარს, ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისის დაწყების შესახებ ისაუბრა, რომლის ერთ-ერთ მიზეზად მან ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება დაასახელა.


“ამან უკვე გამოიწვია უმუშევრობის ზრდა და, შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების კლება. რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელ მთავრობას არ გააჩნია ერთიანი მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმა,”- განაცხადა მერაბიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი