2012.05.23

ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ადგილობრივი, საქართველოს რეგიონები, აჭარა,

„ჩვენ დავიწყეთ არჩევნებისთვის კონსულტაციების გამართვა, მაგრამ  ჩვენ ვიხრებით  იქითკენ, რომ მინიმალური აზრი მაინც ქონდეს არჩევნებში მონაწილეობას,” - განაცხადა დღეს ბათუმში სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. იგი, რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად, საარჩევნო ერთობის ჩამოყალიბებას გეგმავს, თუმცა, კონკრეტულად ვისთან ერთად, ნინო ბურჯანაძეს დღეს არ დაუკონკრეტებია: 

 

„ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, მოლაპარაკებები დაწყებულია და საბოლოო გადაწყვეტილებაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ბევრი რამ არის ასაწონი და გასათვალისწინებელი, ამ ეტაპზე არ ვაკონკრეტებ, ვისთან მაქვს კონსულტაციები.“  

 

კითხვაზე, აწარმოებს თუ არა რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს ივანიშვილთან, ნინო ბურჯანაძე პასუხობს: 

 

„მზად ვართ  ვითანამშრომლოთ  ყველა ოპოზიციურ ძალასთან, ვინც რეალურად ებრძვის  ხელისუფლებას, არსად შესვლის სურვილი არ გვაქვს, მით უმეტეს, იქ, სადაც არ გველიან. გარდა ამისა, პრინციპულად მიუღებელია იმ ადამიანების ფსიქოლოგია, იმ ადამიანების შეხედებულება  სახელმწიფოს განვითარებასთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილი  არის "ქართულ ოცნებაში“. 

 

მიუხედავად ამ განცხადებისა, ბურჯანაძე გამოთქვამს მზადყოფნას, კორდინირებულად  იმოქმედოს ოპოზიციურ სპექტრთან:

 

"ჩვენთან იქნება ის ხალხი, რომელსაც არც პროამერიკულობა მოსწონს, არც პრორუსულობა და არც პროავსტრალიელობა.“

 

ვინ იგულისხმა პრორუსულ ძალაში, ნინო ბურჯანაძემ არ დააკონკრეტა: 

 

„რა მნიშვნელობა აქვს,  ვინ არის, ზოგადად ვთქვი. ჩვენ დავიკავებთ ეროვნულ პოზიციას, რომელიც გულისხმობს ისეთ  დასავლურ ფასეულობებს,  როგორიც არის დამოუკიდებელი მედია და  თავისუფალი სასამართლო .“

 

ნინო ბურჯანაძეს დღეს ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ღია წერილთან დაკავშირებითაც მოუხდა კითხვაზე პასუხის გაცემა. ბურჯანაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის გუშინდელი განცხადება მართებულია, მაგრამ დაგვიანებულია.

 

„სახალხო კრების“ ლიდერმა  დღეს ბათუმში,  21 მაისის აქციის წლისთავთან დაკავშირებით, საინფორმაციო მიტინგში მიიღო მინაწილეობა, აქცია სიმბოლურად  აჭარის ტელევიაზიასთან გაიმართა. აქციას ბათუმელი "ლეობორისტებიც" შეურთდნენ.

 

2011 წლის 21 მაისს აჭარის ტელევიზიის წინ საპროტესტო აქციის დროს „სახალხო კრების" შვიდი აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ბათუმის უნივერსიტეტის მაგისტრი ცოტნე ანანიძეც. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და აჭარის ტელევიზიის ბლოკირების ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 

 

ფასული წლის  21 მაისის შემდეგ დღემდე "სახალხო კრების"  სულ  41  აქტივისტია დაკავებული. ამ პირების სია დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრის  დერეფანში იყო გამოკრული, სადაც ნინო ბურჯანაძე თანამოაზრეებს შეხვდა. ეს სია ბადრი ბიწაძით სრულდება. 

 

შეხვედრას, სახალხო კრების აქტივისტების გარდა, „ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენლები და ნოღაიდელის პარტიის ყოფილი წევრებიც ესწრებოდნენ. ნოღაიდელის პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გურამ ხოზრევანიძე ახლა „სახალხო კრების“ რეგიონული ორგანიზაციის  ხელმძღვანელია  აჭარაში.

 

შეხვედრაზე ბაკურ ბაკურაძის მიერ დამზადებული კლიპიც აჩვენეს, სადაც თბილისში გასული წლის 26 მაისს გამართული აქციის დარბევაა ასახული.