2012.05.23

ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულების საჩივარი არ დააკმაყოფილეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს   მოსამართლეთა კოლეგიამ  არ დააკმაყოფილა ტეორიზმში ბრალდებული 7 პირის  სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

საუბარია 2010 წლის შემოდგომაზე საქართველოში განხორციელებული ტერაქტებში ბრალდებულ 7 პირზე, რომლებიც   თბილისის საქალაქო სასასამართლომ 2011  წელს გაასამართლა და მათ სასჯელად 20-30– წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრებმა  ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წელს განახლდა. ერთ-ერთ სხდომაზე პატიმარმა მერაბ ყოლბაიამ, [იგივე კოჭოიამ], რომელიც აშშ-ის საელჩოსთან მოწყობილ ტერორისტულ აქტში ედება ბრალი, განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მისცა.

საქმე სწორედ ყოლბაიას და გოგიტა არქანიას თავდაპირველ  აღიარებით ჩვენებს ეყრდნობოდა.

 23 მაისს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ  მოითხოვა,  პროკურორს წარმოედგინა  რაიმე მტკიცებულება, რომელიც მათ დანაშაულს დაამტკიცებდა, რადგან პატიმრების მიმართ წაყენებული ბრალდება მერაბ ყოლბაიას [კოჭოიას] და გოგიტა არქანიას თავდაპირველ აღიარებით ჩვენებებს ეფუძნება.

პროკურორს დღეს დაცვის მხარის საპასუხოდ არანაირი სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია  და სასამართლოს 2009-10 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული აქტების ქრონოლოგიის სლაიდშოუ შესთავაზა.

23 მაისს გამართულ სასამართლო პროცესს დარბაზის ყველა კუთხიდან 6 ვიდეოკამერა იღებდა,   ჟურნალისტებისთვის კი ნებადართული იყო  აუდიოჩაწერა.