ხელოვნება

უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი”

25 მარტი, 2011 • • 2466
უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი”

დღეს თიბისი ბანკის გალერეაში გამომცემლობა დიოგენე უმბერტო ეკოს რომანის „ვარდის სახელი“ პრეზენტაციას მართავს.

წიგნი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე, ის იტალიელი მწერლის პირველი რომანია.

წიგნი 1980 წელს გამოიცა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია.

მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. მკვლელობები მონასტრის ბიბლიოთეკაში შენახულ საიდუმლო სიბრძნის შემცველ წიგნს უკავშირდება, რომლის ხელში ჩაგდების მსურველებიც უცნაურ ვითარებაში იღუპებიან.

რომანის გამოქვეყნებამ ეკოს მსოფლიო აღიარება მოუტანა. წიგნი ათობით ენაზე ითარგმნა და დღემდე მსოფლიო ბესტსელერების სიაშია. რთული ფილოსოფიურ-თეოლოგიური მსჯელობებით გაჯერებული წიგნი ეკრანიზაციის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა, ხოლო დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ აკადემიურ წრეებში აღიარებული მეცნიერი და მოაზროვნე უმბერტო ეკო ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ციტირებად ავტორად იქცა.

ეკოს მომდევნო რომანებმა მისი, როგორც შემოქმედის, ავტორიტეტი უფრო გაამყარა, თუმცა ‘ვარდის სახელი’იტალიელი მწერლის მაგნუმ ოპუს-ად რჩება. 
წიგნის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს ‘ვარდის სახელის’ შექმნის ისტორიას.
წიგნი ქართულად თარგმნა ხათუნა ცხადაძემ.

გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია შედგება დღეს  საღამოს, 7 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი