2012.05.19

რა შეიცვალა სატელიტური ანტენების მასობრივი მონტაჟით კახეთში

მედია, ბიძინა ივანიშვილი, ადგილობრივი, კახეთი,

ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილმა კომპანია, შპს გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა, ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს რეგიონებში სატელიტური ანტენების მონტაჟი კახეთიდან დაიწყო.

ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილმა კომპანია, შპს გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა, ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს რეგიონებში სატელიტური ანტენების მონტაჟი კახეთიდან დაიწყო.


საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში თითქმის ყველა სახლის აივანზე ახალი სატელიტური ანტენაა დამონტაჟებული. ახალ ანტენები უფრო ადრე დამონტაჟებული ანტენებისგან წარწერით Global TV განსხვავდება.


ზოგიერთი სახლის აივანზე ოთხი სატელიტური ანტენაა, ორი ძველი და ორი ახალი. მოსახლეობის ნაწილმა Global TV-ის ცხრაწლიან საკრედიტო შეთავაზებაზე უარი არ თქვა. ოჯახს, რომელიც Global TV-სთან ხელშეკრულებას აფორმებს, პირველი წელი ფულის გადახდა არ მოუწევს. ერთი წლის შემდეგ ცხრა წლის განმავლობაში კი ყოველთვიურად 4 ლარი უნდა გადაიხადოს.


სოფელ მანავში მოსახლეობას დაანგარიშებული აქვს, რომ სატელიტური ანტენის რეალური ფასი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მისი განვადებით (432 ლარი) ყიდვის შემთხვევაში, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კომპანია გადასახადს ერთი წლის შემდეგაც არ გადაახდევინებს.
„ივანიშვილს საჩუქრების გაკეთების უფლება არ აქვს, ამომრჩევლის მოსყიდვად რომ არ ჩაუთვალოს მთავრობამ, ამიტომ მგონია, ესეთი გზა იპოვა ივანიშვილმა, რომ მხოლოდ „რუსთავის“ და „იმედის“ ანაბარა არ დავრჩენილიყავით,“– ამბობს სოფლის მკვიდრი ლევან ნანობაშვილი.


როგორც სოფელში ამბობენ, სატელიტური ანტენები აქამდე სოფლის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს, დაახლოებით 10-15 %–ს ჰქონდა, ამიტომ მათივე განმარტებით, სოფელში ინფორმაციის ერთადერთი წყარო „იმედი,“ „რუსთავი 2“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იყო.


სოფელ მანავში მცხოვრები ირინა მათითაიშვილის აზრით, ახალი სატელიტური ანტენის მიზანმა, მოსახლეობამ რომ ალტერნატიული ინფორმაცია მიიღოს, არ გაამართლა.


„მე ვიცოდი, რომ მე–9 არხზე სააკაშვილი საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ იმ დღეს მაგ არხზეც სულ მაგის ჩართვა იყო, ეგ რაღა განსხვავებული ინფორმაციაა,“- ამბობს სოფლის მკვიდრი.


მას შემდეგ, რაც სატელიტური ანტენა დაუმონტაჟეს, მე –9 არხზე საინფორმაციო გამოშვებებს არ უყურებს სოფელ მანავში მცხოვრები პენსიონერი ლევან ნანობაშვილიც, რომელიც სატელიტური ანტენის ყველაზე პოზიტიურ მოვლენად 25 -ე არხზე „ობიექტივს“ ყურების შესაძლებლობას მიიჩნევს.
„ ჩემი აზრით, მე-9 არხი მაინცდამაინც ისეთ ინფორმაციაზე არ არის ორიენტირებული, როგორიც მე მომეწონებოდა. აი, ობიექტივს მთელი ღამე ვუყურებდი გუშინ, ძალიან მომეწონა, კარგად აკრიტიკებდნენ მთავრობას,“–ამბობს ის.


უკმაყოფილებას გამოთქვამს სოფლის მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ახალი სატელიტური ანტენით რუსეთის სატელევიზიო არხების ყურების შესაძლებლობა მიეცემოდა.


„ისე ამონტაჟებენ ამ ანტენებს, რომ რუსეთის არხებს არ იჭერს, არადა, ძალიან მომწონს მაგათი გადაცემები,“-ამბობს ნანობაშვილი.
საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში, სადაც დაახლოებით 500 ოჯახი ცხოვრობს, შპს გლობალ კონტაქტ კონსალტინგის ათმა ჯგუფმა ყველა სახლში ერთ დღეში სატელიტური ანტენები უნდა დაამონტაჟოს.


კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, კახეთის რაიონებში მალე დასრულდება ანტენების მონტაჟი და კომპანია ანტენების დამონტაჟებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაიწყებს.


ამ დროისთვის კი, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, Global TV-მ  აღმოსავლეთ საქართველოს 25 სოფელში 5000 მდე სატელიტური ანტენა უკვე დაამონტაჟა.


კომპანიის თანამშრომელთა განმარტებით, თითქმის ყველა ოჯახში, სადაც კომპანია მიდის და ანტენის დამონტაჟებას სთავაზობს, თავდაპირველად პრობლემას აწყდებიან.


„ყველა გვეკითხება, ანტენების დამონტაჟებით ხომ არ გაუუქმებენ სოციალურ შემწეობებს, ან რაიმე სხვა საფრთხე ხომ არ ელით,“-ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც სოფელ ჩაილურში ერთ-ერთ სახლში ანტენას ამონტაჟებდა.


შიშის ფაქტორზე სოფლის მოსახლეობა თავადაც ლაპარაკობს, თუმცა ვერ ასახელებს კონკრეულ პირებს, ვისგანაც მუქარა მოისმინეს, უარი ეთქვათ ანტენის დამონტაჟებაზე.


„ხალხშია ჭორები და პანიკა, რომ ვისაც სოციალური დახმარება გვაქვს, მოგვიხსნიან. რა ვიცი, მაინც ყველამ გავრისკეთ და ვითომ შეგვიწვეტენ ამ დახმარებას?“- კითხულობს 73 წლის ზაირა ბორაშვილი, რომელმაც სახლში ტელევიზორის უქონლობის მიუხედავად, ანტენა მაინც დაამონტაჟებინა.
სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქვეყნის ხელისუფლებაც და ბიძინა ივანიშვილიც  საარჩევნოდ მათი გულის მოგებას ცდილობენ.


„ნეტა მალ-მალე იყოს არჩევნები, ხან ანტენებს დაგვიყენებენ, ხან სხვა რამეს მოგცემენ. აი, სააკაშვილიც სტუდენტურ დაღზვევებს აკეთებს. სამი სტუდენტი შვილიშვილი მყავს და მიხარია. ეს ყველაფერი ხომ არჩევნებისთვის კეთდება, აბა, რატომ არ მოგვიტანეს აქამდე ეს ანტენები. ივანიშვილს აქამდე ჩვენთვის, გლეხებისთვის, არაფერი გაუკეთებია. თავის სოფელი თუ მოაწესრიგა, ეგ არ ვიცი. ნახე, რას გავს ჩვენი სოფლის გზა, ისევ კომუნისტების დროს დაგებული ასფალტია. მარტო ბათუმი ხომ არ არის, ჩვენც გვინდა რაღაც,“- ამბობს სოფელ მანავის მკვიდრი ლევან ნანობაშვილი.

ანტენების დამონტაჟების შემდეგ სოფელ მანავში მოსახლეობა ივანიშვილის სხვა ინიციატივაზეც საუბრობს.
„ხალხში ჭორი დადის, რომ ანტენების შემდეგ, ვისაც ტელევიზორი ან მაცივარი არ აქვს, იმასაც მოგვცემენ და ხომ არ იცი, მართალია?“-კითხულობს სოფლის მკვიდრი.