კომენტარი

PHR: შშმ ბავშვის შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში

14 აპრილი, 2015 • • 1233
PHR: შშმ ბავშვის შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში

“არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით მიმართა ქალმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ დაირღვა თანასწორობის პრინციპი, შეზღუდული შესაძლებლობის გამო. 



განმცხადებლის განმარტებით, 2014 წლის 16 სექტემბერს, ორ შვილთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი) გადაადგილდებოდა ვაკის ტერიტორიაზე. განმცხადებლის 6 წლის შვილი, რომელსაც აღენიშნება შეზღუდული შესაძლებლობა (აუტისტური სპექტრი, ეპილეფსიის მძიმე ფორმა), მგზავრობის დროს ფეხს ურტყამდა სკამის წინ დამონტაჟებულ ფიცარს, რაც იწვევდა მცირე ხმაურს. დედის მხრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს  განემარტა, რომ ბავშვის გამომწვევი ქცევა განპირობებული იყო ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობით და შეუძლებელი იყო აღნიშნული ქცევის იმწუთიერი აღკვეთა. მიუხედავად ამისა, ბავშვის ქცევას მძღოლის მხრიდან მოჰყვა ყვირილი და დისკრიმინაციული/შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რაც გამოიხატა შემდეგში, „თუ ავადმყოფია, საავადმყოფოში დააწვინე!“ და დედის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება). დედის ინფორმაციით, ბავშვის ქცევა არ ქმნიდა ტრანსპორტის მართვის პროცესში რეალური ხელშეშლის რისკს.



მძღოლის შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა გამოიწვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ძლიერი აღელვება, რამაც ეპილეფსიური შეტევის რისკი საგრძნობლად გაზარდა და ბავშვს განუვითარდა შეტევის წინმსწრები მოვლენები (ფიზიკური გაშეშება, რეაქციების შენელება). შედეგად, დედა იძულებული გახდა სატრანსპორტო საშუალებიდან ჩასულიყო, რათა ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა.



აღნიშნულმა ფაქტმა მავნე ზეგავლენა მოახდინა განმცხადებლის მეორე მცირეწლოვან შვილზეც (3 წლის), რომელმაც სტრესის გამო ორი დღის განმავლობაში საერთოდ შეწყვიტა მეტყველება.



აღსანიშნავია, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ამგვარ მოპყრობას აქვს სისტემატიური ხასიათი, რაც საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებლივ ეფექტურ ჩარევას.

 


საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“  კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას.


ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული მექანიზმები, რათა არ დაუშვას და/ან ეფექტიანად აღკვეთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დარღვევა.


,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ ორგანოდ სახალხო დამცველის აპარატს ასახელებს.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის14 აპრილს ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, რათა შესწავლილ იქნას საქმის დეტალები და მძღოლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების შემთხვევაში, განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.


„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განაგრძობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვაზე მუდმივ მონიტორინგს და ამ მიზნით გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი