ეკონომიკა

უკრაინა საქართველოში გასაღების ბაზარს ეძებს

16 სექტემბერი, 2014 • • 2156
უკრაინა საქართველოში გასაღების ბაზარს ეძებს

საქართველო–უკრაინის ბიზნესფორუმზე, რომელიც დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” შედგა, საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვიდა უკრაინიდან. ბიზნეს–დელეგაციას უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და კვების მინისტრი იგორ შვაიკა ხელმძღვანელობს. 

 

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და კვების მინისტრის იგორ შვაიკას ინფორმაციით, უკრაინის ეკონომიკამ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 15 მილიარდი გრივნის ზარალი განიცადა:

 

“რაც შეეხება ყირიმის ნახევარკუნძულს, როგორც უკრაინის სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიას, იქ ფინანსური ზარალი ათჯერ მეტია. სწორედ ამ დანაკარგებმა გვაიძულა საქართველოსთან ბიზნესურთიერთობების აქტივიზაციისკენ.” 

 

უკრაინა საქართველოში ხორბლის, რძის ნაწარმის, ხორცპროდუქტების და ღვინის იმპორტს იმ შემთხვევაში გაზრდის, თუ ქართულ მხარესთან შეთანხმება მოხდა.

 

“უკრაინის მთავრობა შეეცდება ქართულ მხარესთან ხორბლის შესყიდვაზე გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამ მიზნით საქართველოში უკრაინის სახელმწიფოს ხორბლის კორპორაციის წარმომადგენელი ჩამოვიდა. კორპორაცია ერთ–ერთი დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი მოთამაშეა ხორბლის ბაზარზე. ამიტომ ჩვენ გვინდა ქართულ მხარესთან განვიხილოთ გარანტირებული კონტრაქტების თემა უახლოეს 5 წელიწადზე მაინც. გვინდა გრძელვადიანი კონტრაქტის პირობით შემოვიტანოთ საქართველოს ბაზრზე ხორბალი, რომელიც არ ჰყოფნის თქვენს ქვეყანას.” 

 

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და კვების მინისტრის ინფორმაციით, მისი მიზანია საქართველოში რძის ფხვნილის ექსპორტი გაზარდოს:

 

“ახალი რძის პროდუტებს არ შემოვიტანთ საქართველოს ბაზარზე, თუმცა მშრალი რძის ექსპორტს გავზრდით. მისი შენახვის ვადა 8–9 თვეა, თუ ტემპერატურული რეჟიმი იქნება დაცული. რუსეთის ემბარგომ დაარტყა უკრაინის რძის და ხორცის ბაზარს. ჩვენ არ ვვარდებით პანიკაში. ეს არის სტიმული, რომ მოვძებნოთ ახალი ბაზრები.”

 

იგორ შვაიკა იმედს გამოთქვამს, რომ ექსპორტის ზრდის შემთხვევაში საქართველოს ბაზარზე უკრაინული ღვინო, წყალი და ყველი წარმატებულად გაიყიდება: 

 

“მოვახდენთ ღვინის ექპორტსაც დ იმპორტსაც. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ღვინოები. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პროდუქცია ქართულ ბაზარზე იქნება მიღებული. ქართველებიც აწარმოებენ ყველს და უკრაინელებიც. სხვადასხვა ყველია და შეიძლება ერთმანეთს მივყიდოთ. ჩვენ ვეძებთ გასაღების ბაზარს აზერბაიჯანში და თურქეთში, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ფუნდამენტალურია ის, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩემს მაგიდაზე დგას “ბორჯომი”, მაგრამ უკრაინული წყალი თქვენს მაგიდაზე არ დგას.”

 

გაუხსნის თუ არა ბაზარს საქართველო უკრაინას და მოხდება თუ არა ამ ქვეყნიდან იმპორტის ზრდა? – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ასე პასუხობს: 

 

“უკრაინიდან პროდუქციის იმპორტზე 2011 წელთან შედარებით არის მნიშვნელოვანი კლება, 2012 წელთან შედარებით არის მატება. ძირითადად, ეს არის საკონდიტრო ნაწარმი და გაზიანი სასმელები, საკვები ზეთი. უკრაინიდან იმპორტის ზრდა, ეს არის ერთ–ერთი საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ.”

 

დანელიას განცახდებით, საქართველოსთვის უკრაინის ბაზარი მზარდია, რადგან ექსპორტის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა:

 

“დღევანდელი შეხვედრის ერთ–ერთი გარემოება არის უკრაინელ მეწარმეებთან ერთად ერთობლივი საწარმოების გაკეთება საქართველოში და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. ამაში იგულისხმება ინვესტიციები. დღეს ბიზნესები შეხვდებიან ერთმანეთს პირისპირ და ეს საკითხები გადაწყდება.” 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტვირთბრუნვა, რამაც 400,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელთნ შედარებით 29,6 მლნ აშშ დოლარით გაზრდილია საქართველოში უკრაინული პროდუქციის იმპორტი. ხოლო უკრაინაში ქართული პროდუქციის ექსპორტი 17,6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს იმპორტიორთა ათეულში უკრაინა მეოთხე ადგილზეა. ამ ქვეყნიდან საქართველოში იმპორტი 6%–ს შეადგენს. 

 

საქართველოს ბიზნეს–დელეგაცია უკრაინაში 7 ოქტომბერს ჩავა. 

  

საქართველო–უკრაინის ბიზნეს–ფორუმი  16.09.2014
საქართველო–უკრაინის ბიზნეს–ფორუმი 16.09.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი