ახალი ამბები

ჭიკაიძე: სააკაშვილმა ქაოსის შესაქმნელად 500-კაციანი ჯგუფის ჩამოყალიბების დავალება გასცა

10 სექტემბერი, 2014 • • 1643
ჭიკაიძე: სააკაშვილმა ქაოსის შესაქმნელად 500-კაციანი ჯგუფის ჩამოყალიბების დავალება გასცა

ჭიკაიძის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობასა და მასთან ასოცირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 500-კაციანი მობილური ჯგუფი შექმნის დავალება მისცა, რომელმაც პოლიციის პროვოცირება უნდა განახორციელოს და ქვეყანაში დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი:

გიდასტურებთ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუცირი ქმედებები. ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციისა და დესტრუქციული მოქედებების განხორციელებას. პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, მოვიდოდა ჩემზე და ჩემს სამინისტროზე. მათი მიზანი იყო ჩემი და ჩემის თანამშრომლების განეიტრალება, რასაც ვამბობ, ამის მტკიცებულებები და ფაქტები მაქვს.

მოგეხსენებათ, რომ კამერების წინ მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არ ვარ, თქვენ ნახეთ, რომ დაიწყო ჩემი პიროვნებისადმი შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენება. თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი და სუსტი თანამშრომლები მყავს, მაშინ რაღაში სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლა? კონკრეტული ჯგუფები აპირებდნენ ამ ნიუანსების გამოყენებას. სამწუხაროდ, დაემთხვა მკვლელობების ფაქტები და მათი გეგმის ნაწილი იყო, რომ დაწყებულიყო სამინისტროს დისკრედიტაცია. იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, ცდილობდნენ განწყობის შექმნას, რომ ქვეყანაში არის ქაოსი და შსს არის დემორალიზებული.  ეს პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, ქვეყანაში არ შემოვიდეს ინვესტორი და საქართველოს შეუქმნან იმიჯი, თითქოს არსებობს საფრთხეები, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ წელს საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, რამდენიც არასდროს ყოფილა”, – განაცხადა ჭიკაიძემ და დასძინა, რომ ის ძალა, რომელზეც იგი საუბრობს, ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

“ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები  ნაციონალური მოძრაობის წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა.  ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა. სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემის მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენული ვითარება, სოციალური და  ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, დევნილთა პრობლემები… სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, მათი მიზანია შექმნან ნგეატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე- უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში. მაგალითად, “თავისუფალი ზონის”  წევრებს მიეცათ დავალება სასწრაფო  დახმარების ექიმებისაგან მიიღონ ინფორმაცია პრიოვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლეობას სასწრაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. ამ გზით სურთ ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები, რაც მთარობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმისთვის”, – ამბობს მინისტრი.

 

მისივე თქმით, სააკაშვილისვე დავალებით ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები:

“უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველოში. ეს არის ნაწილი გეგმისა, რასაც სააკაშვილი აპირებს. ამ გეგმას განხორციელება არ უწერია. ისინი, ვინც ამ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია, მათი სურვილები დარჩება სურვილებად.  დღეს საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციია, ბევრი მათგანის აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელია და მათ საქმიანობას პატივს ვცემ, მაგრამ რომელი ორგანიზაციებიც თქვენ ჩამოთვალეთ [თავისუფალი ზონა, “დროა”, ‘აპრიორი”, “პიკასოს კლუბი”], სამწუხაროდ, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედებენ და რეალურად ემსახურებიან კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ ქვეყანაში შექმნან ქაოსის ილუზია. ყველამ გაიგოს,  ვინც ანტიკონსტიტუციურ გზით წავა და ქვეყანა საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება”.

 

ჟურნალისტის კითხვას, რას აკეთებს შსს იმ საკითხებზე რეაგირების კუთხით, რაც მინისტრმა ჩამოთვალა, ჭიკაიძემ ასე უპასუხა:

“ჩვენ განვახორციელბთ კანონით გათვალსწინებულ ყველა ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედბეების აღსაკვეთად… უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერ დაგიკონკრეტებთ”, – განაცხადა ჭიკაიძემ.


ალექსანდრე ჭიკაიძე
ალექსანდრე ჭიკაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი