ახალი ამბები

“საზმაუს” სამეურვეო საბჭომ სააღდგომო ტრანსლაციასთან დაკავშირებული საჩივარი არ გაიზიარა

19 ივლისი, 2014 • • 1209
“საზმაუს” სამეურვეო საბჭომ სააღდგომო ტრანსლაციასთან დაკავშირებული საჩივარი არ გაიზიარა

სამურვეო საბჭოს სხდომა 14 ივლისს ჩატარდა, ამ სხდომის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს 22 მაისს ამავე საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პრიორიტეტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მიენიჭა. 

 

საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სააღდგომო ტრანსლაციის დროს, რომელსაც სასულიერო პირი, დეკანოზი დავით ლასურაშვილი უძღვებოდა, დაირღვა მაუწყებლის კანონის მე–16 (ა) მუხლი,, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება. ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე–17, ( საავტორო პროგრამის შემთხვევაში, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს,  რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამებში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნას აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება და საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა) 31–ემაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების,  ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე) მუხლები და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მე–15 მუხლი, რომლის მიხედვითაც ახალი ამბების გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიუკერძოებლობის პრინციპის განუხრელი დაცვა.

 

სამურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მართალია, გენერალური დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ თვალსაზრისით საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების პროცედურული დარღვევების გამო, რადგან დაინტერესებული მხარეები  არ იყვნენ მიწვეული კომისიის სხდომაზე და არ მიეცათ საშუალება მონაწილეობა მეღოთ საჩივრის განხილვაში, თუმცა სამეურვეო საბჭო იქვე ადგენს, რომ ტრანსლაციის დროს სასულიერო პირის მიერ გაკეთებული განცხადებებით არ დაღვეულა ზემოთ ჩამოთვლილი მუხლები. 

 

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების ოქმში ნათქვამია, რომ სამურვეო საბჭო ეთანხმება მაიუწყებლის გენერალური დირექტორის 22 მაისის გადაწყვეტილებას და პრიორიტეტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ანიჭებს. 

 

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი კოდექსი სათანადოდ ვერ არეგულირებს ამ საკითხებს და ხარვეზებს შეიცავს, სამურვეო საბჭო შიდა აქტების დახვეწაზე იმუშავებს, ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რათა დაცული იქნას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ამავდროულად არ მოხდეს სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია:

 

“განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რელიგიური შინაარსის ტეკლეპროდუქციის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განათავსების რეგულაციებს”.– ნათქვამია გადაწყვეტილებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ტრანსლაციის განმავლობაში დეკანოზმა ისაუბრა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე და ჰომოფობიური განცხადებების გარდა, ხელისუფლებასაც მიმართა, ” რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება იმ სახით, როგორიც დღესაა წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირება გარდაუვალი იქნება საზოგადოებაში”.

 

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი არ საჩივრდება. 14 ივლისს ჩატარებული სხდომის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი