ახალი ამბები

რუსთაველი მძღოლები “ქართული ოცნების” ოფისთან ღამის გათევას გეგმავენ

3 აპრილი, 2014 • • 1136
რუსთაველი მძღოლები “ქართული ოცნების” ოფისთან ღამის გათევას გეგმავენ

ცოტა ხნის წინ აქციაში მონაწილე მძღოლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ. ისინი მეუფე თეოდორე ჭუაძეს შეხვდნენ და თავისი პრობლემების შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს.


მძღოლების თქმით, მათ საპატრიარქოში განცხადება დაწერეს პატრიარქის სახელზე და მიიღეს პირობა, რომ საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე ყველანაირად შეეცდება, რომ მათი სათქმელი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილამდე მიიტანოს.


მომიტინგე მძღოლები აპროტესტებენ რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ამ ხაზის განკარგვის უფლება კომპანია “ინტერტრასმა” მოიპოვა ახალი “ყვითელი მიკროავტობუსების” მეშვეობით. რუსთაველი მძღოლების თქმით, რომლებიც, ამავდროულად, ხაზების მფლობელებიც არიან, ეს ტენდერი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან მასში მონაწილეობას ხაზის ამჟამინდელი მფლობელი მძღოლები ვერ შეძლებდნენ.


აქციაში მონაწილე მძღოლების ადვოკატმა რევაზ ნიჟარაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან ვიცე–პრემიერი კახა კალაძე დგას. მისი თქმით, კომპანია “ინტერტრასი”, რომელიც მონოპოლისტი ხდება ამ ბაზარზე, დღეისათვის მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, რადგან დოკუმენტაციის მიხედვით არავითარი უძრავ–მოძრავი ქონება არ გააჩნია. ეს კომპანია კალაძის მეგობარმა ყოფილმა ფეხბურთელებმა, საქართველოს ნაკრების ექსწევრებმა- გიორგი დემეტრაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და ფირუზ ხურცილავამ დააარსეს. შემდეგ კი კვალის აბნევის მიზნით სხვა მოქალაქეზე, გვარად ლომოძეზე გადააფორმეს. ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, “ინტერტრასს” ტენდერში მონაწილეობისათვის საგარანტიო თანხა 1,5 მილიონი ლარი “პროგრეს ბანკმა” გამოუყო.  


მძღოლების თქმით, მათთვის ჯერჯერობით უცნობია, საერთოდ აპირებს თუ არა ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია, რომ სამუშაო ადგილები შესთავაზოს მათ, თუმცა, ასეც რომ მოხდეს, მძღოლების თქმით, უკვე ცნობილია, რომ კომპანია მათ კაბალურ პირობებს შესთავაზებს. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მძღოლს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში კომპაიაში გადასახადის სახით 210 ლარი ექნება შესატანი. ამ თანხაში იგულისხმება ბანკის გადასახადი, მანქანის ცვეთის გადასახადი. 


მძღოლი ვასილ სულაშვილი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ დღის განმავლობაში 210 ლარს ვერც ერთი მძღოლი ვერ გამოიმუშავებს გეგმის სახით და წაგებაზე მუშაობას კი არავინ არ აპირებს. სულაშვილის თქმით, ერთი წლის წინ რუსთავის მერიამ მათ ახალი მანქანების შეძენა მოსთხოვა და მძღოლები კრედიტით ნაყიდი მანქანების ვალს ბანკს დღემდე უხდიან. დღეისათვის ამ ხაზზე სულ 400–მდე მძღოლი მუშაობს.


მძღოლები აცხდებენ, რომ თუ ტენდერი არ გაუქმდება, ულუკმაპუროდ 1200–მდე ადამიანი და მათი ოჯახის წევრები დარჩებიან. ისინი ტენდერის შედეგების შედეგების სამი წლით გადადებას ითხოვენ, რათა ამ პერიოდში შეძლონ ბანკის ვალის გადახდა. 


მძღოლები აცხადებენ, რომ  საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებისაგან. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დღეს ღამე კოალიცია “ქართული ოცნების” წინ გაათენონ. 


დღეს “ქართული ოცნების” ოფისთან ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მძღოლმა შმაგი მიქელაძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა თვითმკვლელობის უფლება პოლიციამ არ მისცა. შმაგი მიქელაძე აცხადებს, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება, მას სხვა მძღოლებიც მიბაძავენ. 

 

რუსთაველი მძღოლების აქცია

რუსთაველი მძღოლების აქცია


     


   

მასალების გადაბეჭდვის წესი