ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” კითხვები თათუხაშვილის საქმეზე

3 აპრილი, 2014 • • 1001
“ნაციონალური მოძრაობის” კითხვები თათუხაშვილის საქმეზე

ეკა ბესელიას თქმით, პროკურატურის ხელმძღვანელობა მზად იყო აბსოლუტურად ღიად ესაუბრა იმ ფაქტებზე, რაც მნიშვნელოვანია შალვა თათუხაშვილის საქმეში.

 

“საპარლამენტო უმცირესობა მოიქცა უპასუხისმგებლოდ. ეს იყო სრული დემაგოგია. მათ არ აინტერესებდათ პასუხები, არ აინტერესებდათ ინფორმაცია, სპექტაკლის დადგმა უნდოდათ, ამას მიჩვეულები არიან, სულ ასე იქცეოდნენ. ესაა ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება და ადამიანის ტრაგედიაზე აგებენ თავიანთ პოლიტიკურ ტრიუკებს. ეს უმსგავსობაა. ჩვენ პროკურატურასთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რომ ინფორმაცია მივიღოთ ნორმალურ რეჟიმში, მაგრამ შოუს დადგმის საშუალებას უმცირესობას ნამდვილად ვერ მივცემთ.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ უმრავლესობამ ყველაფერი სცადა, რათა კომიტეტის სხდომაზე კითხვები არ დასმულიყო. 

 

“ჩვენ მოვასწარით ორი კითხვის დასმა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ თათუხაშვილი გადაძვრა ფანჯრებიდან, და ეს არის ტყუილი, რადგან ყველა ფანჯარას აქვს გისოსი. მეორე კითხვა ეხებოდა ოქმზე ხელმოწერას, სადაც თათუხაშვილი ითხოვს დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩასმას, ამ ოქმზე არ არის ხელმოწერა და პროკურორის მოადგილემ განაცხადა, რომ ადვოკატებიც აწერენ ხელს. ჩვენ ორივე კითხვაზე მივიღეთ ტყული, რის შემდეგაც სხდომა დაიხურა. რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია არის შესაქმნელი.”

 

“ნაციონალური მოძრაობა” იმ კითხვებს აქვეყნებს, რომლებზეც, მათივე თქმით, პასუხებს ვერ ღებულობენ:

“წინასწარი კითხვები პროკურატურის მიერ 2014 წლის 3 აპრილს ოფიცერ თათუხაშვილის საქმეზე გასაჯაროებულ მასალებთან დაკავშირებით

  1. რატომ იქნა ნაჩვენები არასრული ვიდეო, რომელზეც არ ჩანს თარიღი/დრო? საიდან ვიცით, რომ რაც ვიდეოზე ჩანს, მართლა პროკურატურის მიერ მითითებულ დღეს და დროს ხდებოდა?
  2. 25 თებერვალს პროკურატურიდან შალვა თათუხაშვილი გამოვიდა ღამის 3.30-ზე. თუ დაკითხვა დამთავრდა 8 საათზე, როგორც პროკურატურა ამბობს, რას აკეთებდა შალვა შიგნით ღამის 3.30-მდე?
  3. გამოქვეყნებულ ვიდეოზე არ ჩანს, რა ხდებოდა დაკითხვის შუაში, როდესაც ადვოკატებს დაატოვებინეს დაკითხვის პროცესი. რატომ?
  4. თუ ზეწოლა არ იყო, რატომ დაწერეს ადვოკატებმა, რომ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, როცა მათ აქვთ უფლება არ მიეცათ ჩვენება? და რატომ იმალებიან დღეს ეს ადვოკატები, მით უმეტეს, თუ ოჯახის ახლობლები არიან?
  5. პროკურატურა ამბობს, რომ 25 თებერვალს შალვა თათუხაშვილი დაცვამ მიიყვანა სახლში, საიდანაც ის გაიქცა, გადახტა ფანჯრიდან. ოჯახი აცხადებს, რომ სახლის ფანჯრებზე გისოსებია და გადახტომა შეუძლებელია. რასთან გვაქვს საქმე?
  6. ვინ ახორციელებდა დაცვას? მათი სახელები და გვარები? ამოიღო თუ არა პროკურატურამ საკომუნიკაციო ანძების მონაცემები, სად გადაადგილდებოდნენ ეს ადამიანები 25 თებერვალს, დაკითხვიდან თათუხაშვილის გამოყვანის შემდეგ?
  7. პროკურატურა აცხადებს, რომ ძებნა არ გამოცხადდა, რადგან თათუხაშვილის ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ ასეთი თხოვნით პროკურატურისთვის. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ლილოში აღმოაჩინა პოლიციამ თათუხაშვილი და რადგან იძებნებოდა, დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს. თან არ იძებნებოდა და თან იძებნებოდა?
  8. პროკურატურა აცხადებს, რომ ძებნა არ გამოცხადდა, რადგან თათუხაშვილის ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ ასეთი თხოვნით პროკურატურისთვის. პროკურატურა ასევე აცხადებს რომ თათუხაშვილი გაექცა მისთვის გამოყოფილ დაცვას. თუ ის იყო სპეციალური დაცვის ქვეშ და თუ პროკურატურა ამტკიცებს, რომ მას ეშინოდა ახალაიების შურისძიების, ლოგიკური არ იყო, რომ ავტომატურად დაწყებულიყო მისი ძებნა? იქნებ მართლა ახალაიებმა მოიტაცეს?
  9. დაკითხვის დროს უნდა ჩანდეს პროკურორი და კითხვა – პასუხი, კითხვა  – პასუხი. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს რაღაც პრესკონფერენციის მსგავსი. რატომ?
  10. სხვა მოწმეებსაც ეკითხება პროკურატურა და იღებს მოწმის ჩვენებებს კითხვით, ხომ არ ქონდა ადგილი მათ წამებას და მათზე ზეწოლას? მხოლოდ თათუხაშვილს კითხეს ეს კონკრეტული კითხვა, თუ სხვა მოწმეებსაც? რატომ? თავს ხომ არ იზღვევდა პროკურატურა, რადგან იცოდა, რომ წამების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროებულიყო და ალიბი სჭირდებოდა?
  11.  თუკი რეალურად აინტერესებდათ, იყო თუ არა თათუხაშვილი ნაწამები, თუკი პროკურატურას ეშინოდა, რომ ცილს დასწამებდნენ და დააბრალებდნენ წამებას და ამიტომ  გადაუღეს ეს ვიდეო, თუნდაც იმ ვიდეოზე რატომ არ გადაიღეს ის, რომ სხეულზე არ ქონდა წამების კვალი? არ დანიშნეს სამედიცინო ექსპერტიცა და მხოლოდ სიტყვიერი ჩვენებით შემოიფარგლენ?
  12. რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება იმ ორ პროკურორს, ძნელაშვილს და გილაურს, რომლებზეც ოჯახის წევრებს აქვთ ეჭვი, რომ ისინი აწამებდნენ  შალვა თათუხაშვილს? რატომ აგრძელებნ ისინი დღემდე ამ საქმის წარმოებას?
  13. პროკურატურა ამბობს, რომ ლილოში თათუხაშვილის დაკავების შემდეგ ის აღმოჩნდა არაადეკვატურ მდგომარეობაში (შესაძლოა ალკოჰოლის მოგმედების ქვეშ). ამის შემდეგ მოხდა მისი დაკითხვა და ვიდეოზე ეს კადრები ჩანს. რამდენად ნორმალურია ადამიანის დაკითხვა, როდესაც ის არ არის ნორმალურ მდგომარეობაში? შესაძლოა ნასვამია?
  14. რატომ არ გაასაჯაროვა პროკურატურამ პირველი დაკითხვის ვიდეო, სადაც თათუხაშვილმა პირველად გააკეთა ‘აღიარება’?
  15. რატომ არ არის დაცვის პროგრამაში ჩასმის მოთხოვნაზე, ოქმზე, თათუხაშვილის ხელმოწერა? ის, რომ სხვა დოკუმენტები კონფიდენციალურია, როგორ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ამ ოქმზე არ არის თათუხაშვილის ხელმოწერა? ანუ, თქვენ რომ მოინდომოთ, შეგიძლიათ მეც ჩამსვათ დაცვის პროგრამაში ჩემი ფორმალური თანხმობის, ხემოწერის გარეშე?
  16. რატომ არ არსებობს ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ თათუხაშვილი გაექცა მისთვის დაცვის სპეციალური პროგრამით გამოყოფილ დაცვას? რატომ აცხადებს პროკურატურა, რომ თათუხაშვილის გაქცევა ჩაითვალა მისგან დაცვის პროგრამაზე უარის თქმად? რამდენად ნორმალურია ეს? რაღაც სახის ოფიციალური დოკუმენტი ხომ უნდა არსებობდეს, რომ სახელმწიფო აღარ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანის დაცვაზე?
  17. რამდენად ლოგიკურია, რომ ადამიანი ამბობდეს ზეწოლის გარეშე, კამერების წინ, რომ მას ეშინია ახალაიების შურისძიების, ითხოვდეს სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩასმას, და რამდენიმე საათის შემდეგ გარბოდეს ამ დაცვისგან, ემალებოდეს სახელმწიფო სტრუქტურებს და ამავე დროს დროს ატარებდეს ლილოში, გასართობ კლუბებში?
  18. პროკურატურა აცხადებს, რომ თათუხაშვილის ოჯახის წევრები არიან ახალაიების გავლენის ქვეშ. თუ შალვა თათუხაშვილი ღიად აცხადებდა, რომ მას ეშინოდა ახალაიების შურისძიების და ითხოვდა სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩასმას, რატომ არ უთხრა ეს ყველაფერი საკუთარ ოჯახს? და რატომ აცხადებს ოჯახი, რომ შალვამ მათ მოუყვა როგორ აწამეს, კონკრეტული გვარების მითითებით?”

მასალების გადაბეჭდვის წესი