ახალი ამბები

თათუხაშვილის საქმეზე პროკურორის მოადგილე პარლამენტარების კითხვებს უპასუხებს

3 აპრილი, 2014 • • 1289
თათუხაშვილის საქმეზე პროკურორის მოადგილე პარლამენტარების კითხვებს უპასუხებს

კომიტეტის რიგგარეშე სხდომა დღეს, სამ საათზეა დანიშნული, სადაც პროკურატურის წარმომადგენლები აჩვენებენ ვიდეოკადრებს, ისაუბრებენ საქმეში არსებულ დეტალებზე.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პროკურატურის წარმოადგენლების დაბარება პარლამენტში მიუთითებს იმაზე, რომ ეს უწყება არ არის საპარლამენტო ზედამხედველობის მიღმა. 

 

“ფაქტი, რომ საგანგებოდ ეს სხდომა დაინიშნა იმისთვის, რომ პროკურატურის თანამშრომლებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. არა ისე დამახინჯებულად, როგორც ამას აცხადებენ, არამედ რეალურად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ბესელიამ. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებები მას კიდევ უფრო მეტ კითხვას უჩენს. 

 

“იყო საუბარი, რომ დააახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა შანტაჟი, მიდიოდა ზეწოლა ამ ადამიანზე. ადამიანმა მოითხოვა მოწმეთა დაცვის ინსტიტუტი და მერე ამ მოწმეთა დაცვის ინსტიტუტს გაეპარა. ეს კიდევ ერთი პრობლემა არის. როგორც ჩანს, არის ამ საკითხში პრობლემები და გუშინდელმა პრესკონფერენციამ დაგვარწმუნა, რომ აქ კიდევ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი”,- ამბობს მიხეილ მაჭავარიანი. 

 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი იყო მომწე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში დათა ახალაიას, ლევან ქარდასავა და შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხირდან ძალის გადამეტების ფატქზე.

 

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს მამამისი, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი:

 

“მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა (24 მარტს გაუჩერდა გული). პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას”, – წერს “ფეისბუქზე” შალვა თათუხაშვილის მამა.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება დაწყებულია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შალვა თათუხაშვილი გატაცებული იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება და მიზნად საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაციას ისახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი