ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

3 აპრილი, 2014 • 1034
პრემიერ-მინისტრი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

 

 

შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:


„მინდა აღვნიშნო რომ ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ბატონ გიორგისთან და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და დავადასტურო ის, რაც ადრეც ვთქვი, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი და მთავარი მიდგომა არის შემდეგი:  უნდა მოხდეს ინსტიტუციების გაძლიერება და უნდა უზრუნველვყოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასე ვთქვათ, თავისუფლება. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და გავცვალეთ მოსაზრებები. ვფიქრობ რომ ასეთი მიდგომა არის ერთადერთი სწორი და ჯანსაღი მიდგომა ხელისუფლების“.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერთან სასამართლო საქმეებში ჩაურევლობასა და გარანტიებზე ისაუბრა.

 

„ჩვენ მოხარული ვართ, რადგან პიროვნულად პირველად შევხვდით და გავიცანით ერთმანეთი. ვისაუბრეთ სასამართლოს ფუნქციებზე და გარანტიებზე, რადგან ეს საკმაოდ ავტორიტეტული სასამართლოა, მათ შორის საერთაშორისო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ პრემიერი პატივს სცემს სასამართლო ინსტიტუციებს, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს საკანონდებლო აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებებთან,  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს შორის კონფლიქტები იქნება“.

 

დღეს იწურება ვადა რომელიც პროკურატურამ მისცა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით, „ბათუმელების“ კითხვაზე, რა იქნება ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯი, თუკი ყოფილი პრეზიდენტი არ დათანხმდება პროკურატურის შემოთავაზებას? ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „პროკურატურასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიმართეთ პროკურატურას, მე ნაკლებად ვარ ჩართული“.

 

პრემიერმა გამოძიებასთან დაკავშირებულ არც სხვა კითხვებს უპასუხა.

 

12 საათისთვის პრემიერი ბათუმის საზღვაო აკადემიაში მიდის. შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. დღის სამი საათისთვის კი დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ვიზიტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი