ახალი ამბები

ავტობანთან აღმართულ “საზღვრის” აღმნიშვნელ ტრაფარეტს კასპელებმა საღებავი შეასხეს [ფოტო]

2 აპრილი, 2014 • • 1368
ავტობანთან აღმართულ “საზღვრის” აღმნიშვნელ ტრაფარეტს კასპელებმა საღებავი შეასხეს [ფოტო]

როგორც ნეტგაზეთს არასამთავრობო ორგანიზციის წარმომადგენელმა ლევან მამულაშვილმა განუცხადა, მათ ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს, ე.წ. მცოცავი საზღვრის წინააღმდეგ, რომელიც ცენტრალური მაგისტრალისაკენ მოიწევს. 

 

“სამწუხაროდ, ყურადღება მხოლოდ ამ ბანერის გადაადგილებაზე მახვილდება, ბანერის გარდა, ორჭოსანის იმ მონაკვეთზე, სადაც ეს ამბავი მოხდა, ნავთობსადენი [ბაქო–სუფსა] გადის. მართალია, ეს ბანერი ჯერ ნავთობსადენის უკან დგას დაახლოებით 100 მეტრში, მაგრამ ეს 100 მეტრი გადმოზომილია და მიწა–თხრილია გაკეთებული, ანუ ამ ტერიტორიის იქით გადასვლას მოსახლეობას უკრძალავენ. მიახლოებაც კი პრობლემატური თემაა”, – ამბობს მამულაშვილი.

 

მისივე თქმით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტის გადაღებვას ინციდენტი არ მოჰყოლია, რადგან ტერიტორიაზე იმდენი ხნის განმავლობაში არ გაჩერებულან, რომ რუს მესაზღვრეებს საგუშაგო პოსტიდან მისვლა მოესწროთ:

 

“როცა ეს მოხდა, არავინ მოსულა, მცირედი უხერხულობა შეგვექმნა იმ კუთხით, რომ იქ ჩვენი საგუშაგო პოსტიც არის და გვთხოვეს, ახლოს ნუ მიხვალთო, მაგრამ ბიჭებმა ვერ მოითმინეს, მივედით და საღებავიც შევასხით”.

 

28 მარტს ტელეკომპანია “თრიალეთმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორჭოსანში მისასვლელ გზაზე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალიდან 300 მეტრის მოშორებით განათავსეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი, რომელიც მოსახლეობას აუწყებს, რომ იქით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა და გადაადგილება აკრძალულია. თრიალეთის ინფორმაციით, აღნიშნული ტრაფარეტის დანახვა ავტობანის ორჭოსანის მონაკვეთზე მიმავალი ავტომობილიდანაც თავისუფლად შეიძლება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორჭოსანთან, ავტობანის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი  რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების მტკიცებით, ბოლო 3–4 თვის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობა არ დაფიქსირებული, ხოლო ხსენებული ტრაფარეტი არა ახლა, არამედ რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟეს. ამ საკთხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი