ეკონომიკა

თბილისში საქართველო–ყატარის ბიზნეს–ფორუმი გაიმართება

31 მარტი, 2014 • • 1049
თბილისში საქართველო–ყატარის ბიზნეს–ფორუმი გაიმართება

1-4 აპრილს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო საქართველოში უმასპინძლებს ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებს.


დელეგაციას ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და ყატარში ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, Al Baida Group-ის თავმჯდმომარე, ალი ალ მისნადი უხელმძღვანელებს.

დელეგაცია 20 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლისაგან შედგება ისეთი ბიზნესსექტორებიდან როგორებიცაა ტურიზმი და უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, საბანკო-საფინანსო და სხვა. საქართველოში ისინი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობათა შესწავლის მიზნით ჩამოდიან.


1 აპრილს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან. შემდგომ დელეგაციის წევრებს ექნებათ საქმიანი შეხვედრები ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან. ყატარელ ბიზნესმენებს ასევე შეხვდებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია. ვიზიტის ფარგლებში 2 აპრილს, 09:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება საქართველო-ყატარის ბიზნესფორუმი.


ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს ორმხრივ B2B შეხვედრებს, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას. დელეგაციის წევრები ასევე მოინახულებენ სხვადასხვა ქართულ საწარმოებს, როგორებიცაა ბარამბო და კულა, სადაც გაეცნობიან საქართველოში საკვების წარმოება/გადამუშავების სექტორში წარმატებულ კომპანიებს.


ვიზიტის დასრულებისას დელეგაციის წევრები გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც ადგილზე გაეცნობიან საქართველოს მთავარ საზღვაო კურორტზე ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი