ახალი ამბები

სახალხო დამცველი: 2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა

31 მარტი, 2014 • • 1631
სახალხო დამცველი: 2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა, მათ შორის ქმრის მიერ ცოლის – 8, შვილის მიერ დედის – 1.


“პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის ეფექტური ღონისძიებების განხორციელება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა კოორდინირებული ქმედებები ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირებისა და დამცავი/შემაკავებელი ორდერების შესრულების მონიტორინგის პროცესში ისეთი დაუცველი ჯგუფების მიმართ, როგორიც შშმ, ხანდაზმული და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები არიან”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს სახალხო დამცველს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქემ, ე.მ.-მ, მიმართა. განმცხადებლის ინფორმაციით, ის განიცდიდა სისტემატიური ხასიათის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ძმის, მისი მეუღლისა და ძმისშვილებისაგან.

 

“ჩაკეტილი იყო ოთახში, სადაც არ იყო ცხოვრებისათვის ადეკვატური პირობები. კერძოდ, არ მიეწოდებოდა წყალი, ელექტროენერგია და დაზიანებული იყო კიბის საფეხურები. აღნიშნულ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული იყო დამცავი ორდერი, თუმცა, განმცხადებლის ინფორმაციით, ოჯახის წევრები არღვევდნენ დამცავი ორდერით განსაზღვრულ პირობებს და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა.

 

აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისათვის სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალური მომსახურების ცენტრს მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეკემბერში მოინახულეს ე.მ. და მის მიმართ ძალადობის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, დეკემბერში მათი ვიზიტის დროს ე.მ.-სთან შესვლა გართულებული იყო ოჯახური კონფლიქტის გამო. მასთან შესვლა სოციალურმა მუშაკმა მხოლოდ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ შეძლო.

 

მოცემულ შემთხვევაში დროის ერთსა და იგმავე მონაკვეთში მოწოდებული ინფორმაცია განსხვავებულ სურათს იძლეოდა, რაც მიუთითებს სერვისის მიმწოდებელთა არაკოორდინირებულ ქმედებებზე. სახალხო დამცველის მიერ გაიცა წინადადება ოჯახში ძალადობის ფაქტზე დამტკიცებული დამცავი ორდერის შესრულების შემდგომი მონიტორინგისათვის”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

ანგარიშში ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე არასათანადო რეაგირების სხვა კონკრეტული ფაქტებიც არის აღწერილი. მათ შორის, ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალის შემთხვევა, რომლის თქმით, მისი პარტნიორი აიძულებდა ეცხოვრა მძიმე პირობებში, პირუტყვთან ერთად, ექსპლუატაციას უწევდა მას და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნულ ფაქტზე “ნეტგაზეთმა” სტატია რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.

 

შსს-ს მონაცემებითვე, სსიპ – „112“-ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში 2013 წლის 1 იანვრიდან 30 დეკემბრამდე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით არსებული გამოძახებების საერთო რაოდენობა არის 5 447, აქედან 358 შემთხვევა იდენტიფიცირდა, როგორც ოჯახში ძალადობა, ხოლო 212 შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

რეგისტრირებული შემთხვევებიდან დაფიქსირდა ძალადობის შემდეგი მონაცემები: ფიზიკური – 139; ფსიქოლოგიური – 188; ეკონომიკური – 18 და იძულება – 13. სექსუალური ძალადობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 

2013 წელს საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებულმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა განიხილა 30 შემთხვევა. მათგან 27 პირს (25 ქალი, 2 მამაკაცი) მიენიჭა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი.

 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ადმინისტრირებას უწევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებს (თბილისი, გორი და ქუთაისი) და სხვა სერვისებს. ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა 34-მა სრულწლოვანმა და 53-მა არასრულწლოვანმა პირმა.

 

სახალხო დამცველი ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით შემდეგ რეკომედაციებს იძლევა:

 

– ხელი შეეწყოს უწყებათაშორის კოორდინაციას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის, განსაკუთრებით- დაუცველი ჯგუფების მიმართ არსებულ ძალადობის შემთხვევებში (ხანდაზმულები, შშმ პირები);

 

– მოხდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტური და სიტუაციის შესაბამისი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა ოჯახში ძალადობის განმეორებით შემთხვევებში, საჭიროების შემთხვევაში შემუშავდეს სახელმძღვანელო პრინციპები;

 

– გაძლიერდეს დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი, განისაზღვროს სოციალურ მუშაკთა როლი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი