ახალი ამბები

მარგველაშვილი: ივანიშვილის კრიტიკის შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ მქონია

28 მარტი, 2014 • • 887
მარგველაშვილი: ივანიშვილის კრიტიკის შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ მქონია

“არაფერი იმ დღის შემდეგ არ შეცვლილა, რაც იყო ურთიერთობა მანამდე, იგივე დარჩა. ჩემი და ბიძინას ურთიერთობის დეტალების გარკვევას მე მედიასთან არ ვაპირებ, არა იმიტომ, რომ რაიმეს დამალვას ვცდილობ, არამედ მე უფრო სწორად მიმაჩნია, რომ ორი ადამიანის ურთიერთობა რჩებოდეს ორ ადამიანს შორის. ბიძინას კრიტიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ვარ, გამომდინარე ჩვენი ურთერთობიდან და არა მარტო. ბიძინა მართლა განსაკუთრებული ადამიანია, თავისი ბიოგრაფიით, თავისი საქველმოქმედო საქმიანობით, იმით, რაც გააკეთა ქართული პოლიტიკისთვის, რომ ჩვენ შევძელით დემოკრატიული პროცესის შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანია და მისი კრიტიკა ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა “პოზიციაში”.

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლიტიკის თვალსაზრისით ისინი კვლავ თანამოაზრეები არიან:

 

“ის ღირებულებები, რა ღირებულებებითაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, არის ის, რასაც მე ბოლომდე ვიზიარებ. ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელიც, ჩემი აზრით, ჯანსაღ ეკონომიკას ქმნის, ჯანდაცვის პროგრამა, ის, რომ გლობალურ პოლიტიკაში ჩვენ უნდა ვითამაშოთ არა კონფრონტაციული როლი, არამედ რეგიონის მასშტაბით ვითამაშოთ იმ ქვეყნის როლი, რომელიც საინტერესოა საერთაშორისო პროექტებით და არა აგრესიით. ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად ერთიან პოზიციაზე ვართ და ვიყავით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი