ახალი ამბები

თამთა მიქელაძე: სამოქალაქო კოდექსით ოჯახში მხოლოდ ქალი და კაცი არ მოიაზრება

28 მარტი, 2014 • • 1724
თამთა მიქელაძე: სამოქალაქო კოდექსით ოჯახში მხოლოდ ქალი და კაცი არ მოიაზრება

“მნიშვნელოვანია ტექსტი როგორი ფორმულირებით იქნება, ალბათ ტერმინი ქორწინება უნდა გამოიყენონ, რადგან სამოქალაქო კოდექსი ოჯახის უფრო განმარტებას იძლევა, მასში მხოლოდ დედა, მამა, ანუ მხოლოდ ქალი და კაცი არ მოიაზრება, ეს უფრო ფართო წრეა, შვილები, ბებია, ბაბუა და ა.შ. ამიტომ ეს ალბათ იურიდიული ტექნიკის და დაზუსტების საკითხი უნდა გახდეს”, – ამბობს თამთა მიქელაძე.

 

რაც შეეხება ქორწინების განმარტებას, მისი თქმით, სამოქალაქო კოდექსის თანახმად ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, ხოლო კონსტიტუციაში ეს განმარტება აქამდე არ ყოფილა:

 

“კონსტიტუციური წესრიგი, პრინციპში, დღეს უშვებს ერთსქესიან წყვილთა პარტნიორობას და ქორწინებასაც. დღეს ამ განმარტების ჩაწერა კონსტიტუციაში პირდაპირი აკრძალვაა ერთსქესიანი წყვილებისთვის საოჯახო, მემკვიდრეობითი და სხვა ტიპის უფლებების მოპოვებისთვის”, – აცხადებს თამთა მიქელაძე. 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მიიჩნევენ, რომ ამგვარი ცვლილებები უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, ვიდრე სამართლებრივი, და ეს ნაბიჯი ადამიანის უფლებების განვითარებას ხელს შეუშლის:

 

“პირველი საკითხი არის პოლიტიკური კონტექსტი, წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი მგრძნობიარე თემის გამოყენება საკმაოდ სპეკულაციურია, მით უმეტეს, 17 მაისის შემდეგ განვითარებული მოვლენების კონტექსტში, როცა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის გარკვეული კონფრონტაცია დაფიქსირდა. პრინციპში, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების მხრიდან იყო ერთგვარი ღირებულებითი არჩევანი. როცა ვსაუბრობთ სეკულარიზმის კრიზისზე, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართებაზე და ეკლესიის გავლენაზე პოლიტიკურ პროცესებში და ინდოქტრინაციის მცდელობებზე, ეს სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან”, – აცხადებს თამთა მიქელაძე. მისივე თქმით, შემთხვევითი არ იყო ამ ინიციატივის ანტიდისკრიმინაციულ კანონთან ერთად გაჟღერება:

 

“შემთხვევითი არ არის, რომ ეს ინიციატივა პრემიერმა გააჟღერა ანტიდისკრიმინაციული კანონის კონტექსტში, რათა დაებალანსებინა საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესები, თუმცა იმ პირობებში, როცა ანტიდისკრიმინაციული კოდექსი, ჩვენ როგორც ვიცით, საკმაოდ შესუსტებულია მექანიზმის დონეზე, რადგან, როგორც ჩვენ ვიცით, თანასწორობის ინსტიტუტზე ხელისუფლებამ უარი თქვა, ამ პირობებში დაბალანსების საჭიროებაც კი არ არსებობდა”, – აცხადებს თამთა მიქელაძე. მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები ანტიდისკრიმინაციულ კანონთან პირდაპირ წინააღმდეგობაში არ მოდის:


“წინააღმდეგობაში იქნება თუ არა ეს ანტიდისკრიმინაციულ კანონთან, ამის თქმა ცოტა რთულია, რადგან ევროპული კონსესუსიც არ არსებობს ერთსქესიან ქორწინებაზე. თვითონ ევროკავშირის მოთხოვნაც არ არის იმპერატიული, რომ ეს ასე იყოს. რიგ ქვეყნებში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის წევრები გახდნენ, რეფერენდუმები ჩატარდა ამ საკითხზე და უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.”


შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერი გამოვიდა ინიციატივით კონსტიტუციაში შევიდეს ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

თამთა მიქელაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება
თამთა მიქელაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი