ახალი ამბები

გოგოლაშვილი: ობამამ ეს განცხადება ჩვენივე უსაფრთხოების დასაცავად გააკეთა

27 მარტი, 2014 • • 1166
გოგოლაშვილი: ობამამ ეს განცხადება ჩვენივე  უსაფრთხოების დასაცავად გააკეთა

როგორც გოგოლაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, აშშ–ის ლიდერის განცხადება შეეხებოდა მხოლოდ იმას, რომ 2014 წლის სამიტზე ნატოს გაფართოების საკითხი არ დადგება:

 

კახაბერ გოგოლაშვილი
კახაბერ გოგოლაშვილი

“ეს განცხადება ნიშნავდა იმას, რომ ახალი წევრების მიღება არ მოხდება 2014 წლის ბრიტანეთის სამიტზე და ამერიკა არ აპირებს ამ საკითხის დაყენებას და მის განხილვას. რაც შეეხება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თემას,  ეს არ არის წევრობა და გაფართოება, ეს სხვა რამეა. ამიტომ [ობამას განცხადება] წინაღმდეგებოაში არ მოდის იმ აზრთან, რომ შესაძლოა MAP–ი მოგვანიჭონ. სამოქმედო გეგმა ნატოსთან ინსტიტუციური სახის კავშირი არ არის, ეს უბრალოდ გაწევრიანების კანდიდატობაა”, – აცხადებს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ ობამამ განცხადება იმის თაობაზე, რომ ალიანსის გაფართოების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას, საქართველოს და უკრიანის უსაფრთხოების დასაცავად გააკეთა:

 

“ამ თემაზე სპეუკულაციები იყო, რომ შესაძლოა რუსეთის ქმედებების გამო უკრაინა და საქართველო ნატოში ახლავე მიიღონ. [ობამას] ეს განცხადება სწორი და დროული იყო, რადგან რუსეთი ჯარს აგროვებს უკრაინის საზღვართან და კრემლმა თავის მოსახლეობაში გასასამართლებელ საბუთად შეიძლება სწორედ ეს გამოიყენოს, რომ აი, ახლა ჩვენ თუ უკრაინას აღმოსავლეთ რეგიონები არ წავართვით, ნატოში შევლენ და ვერაფერს ვუზამთ. ანუ რუსეთს ამ ჭორების გამოყენება შიდა მოხმარებისთვის შეეძლო. ასეთი სეპეკულაციები, რომ არ წავიდეს და რუსეთმა პროვოკაციების გამართლება არ შეძლოს, სწორედ ამიტომ, ეს გარკვეულწილად ჩვენ დასაცავად გაკეთებული პოლიტიკური განცხადებაა, რომ ახლა ჩვენ ნატოში არ შევდივართ და ამიტომ რუსეთის აგრესია ჩვენ მიმართ არ იქნება გამართლებული”, – აცხადებს პოლიტიოლოგი.

 

ნეტგაზეთის რეპლიკას, ამ ლოგიკით რუსეთს სულ შეუძლია საზღვრებთან ახლოს საფრთხეებზე აპელირება თუ ქვეყნის შიდა ძალების მობილიზაცია, და ნიშნავს თუ არა ეს, რომ დასავლეთი “საქართველოს დაცვის მოტივით’ ამ უკანსკნელს ნატოში გაწევრიანებაზე ყოველთვის უარს ეტყვის, პოლიტოლოგი პასუხობს:

 

“შევხედოთ, რაღაც მომენტი დადგება.  ცივი ომის დროს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთი კვავ შეეცადა ვითარების დაძაბვას, მაგრამ დასუსტებული იყო და ზოგიერთი ქვეყნის ნატოში შეყვანა მოასწრეს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მაშინაც ეშინოდათ ბალტიის ქვეყნების ნატოში შეყვანა და სხვადასხვა სახის მოდელს იგონებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც მიიღეს ნატოში მათი შეყვანის გადაწყვეტილება, რომელიც მარტივი არ იყო. ახლა ზუსტად ასეთივე მომენტი არსებობს და, სამწუხაროდ, ეს აჩერებს მათ [დასავლეთს] სარისკო ნაბიჯებისგან. ნატო შექმნილია იმისთვის, რომ უსაფრთხოების დონე აამაღლოს, ისინი ისეთ ნაბიჯს არ გადადგამენ, რომელიც ამ უსაფრთხოების დონეს შეამცირებს. საქართველოს ნატოში შეყვანა საქართველოს უსაფრთხოების დონეს გაზრდის, მაგამ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების დონეს შეამცირებს. ამიტომ კონსენსუსის მიღწევა იქნება ძალიან რთული, თუმცა სიტუაციას გააჩნია. თუ რუსეთი აბსოლუტურად გათავხედდება, ასევე ის ფაქტი, რომ რუსეთი შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებას და შავ ზღვაზე ჰეგემონიის დამყარებას აპირებს, ამან შეიძლება ნატოს ქვეყნები დააფიქროს, რომ მხოლოდ თურქეთი საკმარისი არ არის და საჭირო გახდეს საქართველოს შეყვანაც… ჩვენ შანსები გვაქვს. ასეთი მაღალი კონფრონტაციის ფონზეც კი, შესაძლებელია ისეთი სიტუაციის ჩამოყალიბება, როცა ნატო ისევ გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს. ახლა კი [ობამას] საფრთხის არიდება უნდა. გაფართოების საკითხი რომ ახლა დასვას, მანამ, სანამ სამიტი მოვა, იქამდე რუსეთი რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. თვითონ სამიტზე რა მოხდება და იქნება თუ არა კონსენსუსი წევრ–სახელმწიფოებს შორის, არც ეს იცის ვინმემ, ამიტომ ახლა ამ განცხადების გაკეთება ყველაზე სწორი იყო, რათა რუსეთს არავითარი მიზეზი აღარ ჰქონდეს იმისა, რომ გააგრძელოს უკრაინის ოკუპაცია და საქართველოს მოუბრუნდეს. ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით გაკეთებული განცხადებაა. MAP-ზე კი შეიძლება სამიტამდე არავინ არაფერი თქვას და ასე მოგვცენ 2014 წელს”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი