ტექნოლოგიები

Mashable: თურქეთის სასამართლომ Twitter–ის აღდგენის გადაწყვეტილება გამოიტანა

26 მარტი, 2014 • • 1121
Mashable: თურქეთის სასამართლომ Twitter–ის აღდგენის გადაწყვეტილება გამოიტანა

მათივე ინფორმაციით, საქმეზე ანკარას ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ იმსჯელა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თურქეთის სატელეკომუნიკაციო ორგანომ Twitter–ზე ხელმისაწვდომობა უნდა აღადგინოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს სოციალური ქსელის გამოყენება.

 

Twitter–ის გენერალური საბჭოს წევრმა თურქეთში სოციალური ქსელის დაბლოკვას ბლოგპოსტი მიუძღვნა, სადაც იგი წერს:

 

“არ არსებობს თურქეთში ჩვენი მომსახურების დაბლოკვის სამართლებრივი საფუძველი. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება დაუყოვნებლივ აღადგენს Twitter–ზე ხელმისაწვდომობას”

 

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ Reuters–მა შეკითხვა დაუსვა თურქეთის ვიცე–პრემიერს, ბულენტ არინკს, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან:

 

“ჩვენ ვემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს არის ის, რასაც კონსტიტუცია გვავალდებულებს. შეიძლება არ მოგვწონდეს ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ ვემორჩილებით”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და აღნიშნა, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც დაემორჩილებიან სასამართლოს, თუ ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად არსებობს.

 

თურქეთში ტვიტერი 21 მარტს დაიბლოკა. Twitter–ის დაბლოკვის მიზეზი თურქეთის პრემიერ–მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრძანება გახდა. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და დოკუმენტები კორუფციული სქემის შესახებ, რომელშიც პრემიერ–მინისტრიც იყო დადანაშაულებული.


თურქეთში Twitter–ს დაახლოებით 10 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. alexa.com–ის მონაცემებით, twitter-ი ქვეყნის რეიტინგში 2014 წლის მარტში  მე–8 ადგილზეა.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი