სამართალი

ევროინტეგრაცია: იტყვის თუ არა საქართველო უარს აზრის პოლიციაზე

26 მარტი, 2014 • 1934
ევროინტეგრაცია: იტყვის თუ არა საქართველო უარს აზრის პოლიციაზე

საქართველოს “აზრის პოლიცია”


“არაიდენტიფიცირებადი ფორმით, სწრაფი გადახვევის რეჟიმში სამიოდე ჩანაწერის თითო წუთის ნახვაც კი საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, თუ რამდენად უსუსური, უუფლებო და დაუცველია ადამიანი, როცა “აზრის პოლიციას შეუძლია ყველა კაბელს მიურთდეს”, ფარული კამერები დაამონტაჟოს საცხოვრებელ სახლსა თუ სასტუმროს ოთახში, სამსახურსა თუ რესტორანში, უხეშად ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში”, – ეს სიტყვები საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანს ეკუთვნის. ის იმ დროებითი კომისიის წევრი იყო, რომელიც უკანონო მიყურადების და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მუშაობდა. კომისიის წევრებმა  2005-2012 წლებში შექმნილი ათასობით ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების ნაწილი არაიდენტიფიცირებადი სახით ნახეს.


ოფიციალური ინფორმაციით, იმ ფარული აუდიო, ფოტო  და ვიდეოჩანაწერების საერთო მოცულობა, რომლებზეც პოლიტიკოსების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პირადი ცხოვრება იყო ასახული, 260 678 მეგაბაიტი იყო და 1760 საათს აჭარბებდა.  


კომისიამ  ინტიმური ცხოვრების მასალების აღრიცხვის, უსაფრთხოების და განადგურების მეთოდოლოგია შეიმუშავა. განადგურდა 112 ელექტრონული ინფორმაცია, ხოლო 633 გამოძიების მიზნით გადაეცა მთავარ პროკურატურას.


საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის კურსს უჭერს მხარს და აპირებს ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ვალდებულია გაატაროს რეფორმები პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში და უარი თქვას “აზრის პოლიციაზე” – მოქალაქეების უკანონო თვალთვალზე, მიყურადებაზე, გადაღებაზე და შექმნას გარემო, რომელიც  მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის დაცულობას უზრუნველყოფს.

რა არის პერსონალური მონაცემები?


პერსონალური მონაცემები არ არის მხოლოდ სქესობრივი ან სხვა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეული მოქალაქე სხვადასხვა საჯარო თუ კერძო, საფინანსო თუ ჯანდაცვის დაწესებულებას არაერთ საკუთარ პერსონალურ მონაცემს უზიარებს. საუბარია ტელეფონის პირად ნომერზე, საცხოვრებელ მისამართზე, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების პირად მისამართზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემზე, ინფორმაციას სამუშაოს შესახებ, შემოსავლების ოდენობას და ასე შემდეგ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, არის პერსონალური მონაცემი.  


ესა თუ ის ორგანიზაცია შემდგომში, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, მოქალაქეებისაგან მიღებულ მონაცემებს ამუშავებს, რაც გულისხმობს ინფორმაციის დახარისხებას, შენახვას, გამოყენებას, დაბლოკვას თუ წაშლას. პერსონალური მონაცმების დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფორმაციის დამმუშავებელთა რაოდენობა ათეულობით ათასს აღემატება. პერსონალური მონაცემების დაცვის კონცეფცია ამ პროცესში სწორედ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვაზეა ორიენტირებული: ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს ვინ, რატომ, როგორ და რამდენი ხნით ინახავს მის პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დაუდევრობით ან სხვა მიზეზის გამო გამჟღავნებამ, შესაძლოა, მომავალში დისკომფორტული სიტუაცია შეუქმნას.


საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები

“მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა წინამდებარე შეთანხმების I დანართში მითითებული ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად”, – ნათქვამია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოსაწერად გამზადებული შეთანხმების მე-14 თავში. ხელშეკრულების ზემოხსენებულ დანართში ვკითხულობთ, რომ თითოეული მხარე, წინამდებარე ან სხვა შეთანხმებების იმპლემენტაციის კონტექსტში, უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სამართლებრივ დონეს, რომელიც მინიმუმ შეესაბამება ევროპარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ასეთი ტიპის მონაცემთა თავისუფალ გადაადგილებასთან მიმართებით ინდივიდების დაცვის თაობაზე 95/46/EC დირექტივით გათვალისწინებულ დაცვის სტანდარტებს, ასევე, 1981 წლის 28 იანვარს ხელმოწერილ „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ” ევროსაბჭოს კონვენციას (ETS N108) და დამატებით ოქმს “ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებით”, რომელიც ხელმოწერილია 2001 წლის 8 ნოემბერს (ETS N181). მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს ზემოხსენებული (ETS N108) კონვეცნია ჯერ კიდევ 1981 წელს არის ხელმოწერილი, საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიკაცია მხოლოდ 2005 წელს განახორციელა, ხოლო დამატებითი ოქმი, რაც პერსონალური მონაცმების დაცვაზე საზედამხედველო ორგანოს, ინსპექტორის აპარატის შექმნას ითვალისწინებს – 2013 წელს.


ხარვეზები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონში


გარდა ზემოხსენებული ევროპული კანონმდებლობისა, შეთანხმების ტექსტში კიდევ ორ დოკუმენტზეა მითითება, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებას არეგულირებს:


“საჭიროებისამებრ, თითოეული მხარე გაითვალისწინებს 2008 წლის 27 ნოემბრის “სისხლის სამართლებრივ საკითხებზე პოლიციასა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილებას 2008/977/JHA, ასევე, 1987 წლის 17 სექტემბრის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის N R (87)15 რეკომენდაციას, რომელიც არეგულირებს პოლიციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა გამოყენებას”, – ვკითუხლობთ დოკუმენტში.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი გიორგი გოცირიძე, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ საქართველომ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა- ქვეყანაში მოქმედებს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, ამოქმედდა ინსპექტორის ინსტიტუტიც, თუმცა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება არ ვრცელდება ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონზე, რომლის შესაბამისადაც საგამოძიებო უწყებები ფარულ საგამოძიებო საქმიანობას (ფარულ ვიდეოთვალთვალს, მიყურადებას და ასე შემდეგ) ახორციელებენ. ეს ნორმა ამ დრომდე არც წინა და არც ახალმა ხელისუფლებამ არ შეცვალა, რომლის ქვეყნის სათავეში მოსვლიდან უკვე წელიწადზე მეტი გავიდა.

“დანაშაულის გახსნის მიზნით საგამოძიებო ორგნოებს უფლება აქვთ მოუსმინონ ადამიანის სატელეფონო საუბრებს, დააკვირდნენ მის ინტერნეტ–ურთიერთობებს, განახორციელონ ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა. ამ ყველაფერს არეგულირებს ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი. აქ საუბარია, თუ როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს ბრძანების გაცემა ამ საქმიანობისთვის, თუმცა კანონი არაფერს ამბობს, თუ რა ვადით უნდა იყოს შენახული ეს მონაცემი, რა მიზნით შეიძლება მისი გამოყენება და როდის უნდა მოხდეს მისი განადგურება”, – ამბობს იურისტი “ნეტგაზეთთან” საუბარში და დასძენს, რომ დღეის მდგომარეობით ეს კანონი არ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს, საითკენაც მიმავალი კურსი საქართველოს დეკლარირებული აქვს:

“ამ კანონის მიხედვით, ნებისმიერი დანაშაულზე, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით, მოსმენა დასაშვებია. ამ ფორმულაში  ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებების აბსოლუტური უმრავლესობა ხვდება, მაშინ, როცა ევროპული სტანადარტით ასეთი ტიპის ფარული მიყურადებები უნდა ვრცელდებოდეს დანაშაულთა ძალიან ვიწრო წრეზე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. თვით ყველაზე ტრივიალურ დანაშაულიც კი, მაგალითად, ბუჩქნარის გაჩეხვა 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და, შესაბამისად, ამ დანაშაულისთვისაც დასაშვებია მოსმენის განხორციელება”, – აღნიშნავს იურისტი.


გარდა ამისა, საქართველოს კანონი არ განსაზღვარვს, თუ ვის შეიძლება სამართალდამცავი უწყება ფარულად უსმენდეს საგამოძიებო მოქმედებების დროს, რაც იურისტის განმარტებით, ასევე, არ მოდის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან:


“კანონი არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეიძლება მოუსმინო, ეს უნდა იყოს ბრალდებული, თუ რა სტატუსი უნდა ჰქონდეს ადამიანს. ევროპული სტანდარტი არის ის, რომ მხოლოდ ბრალდებულს ან ეჭვმიტანილს შეიძლება უსმენდე. ასევე, შეიძლება უსმენდე ისეთი ადამიანის კომუნიკაციებს, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ბრალდებულს მიაწვდის, ან მისგან მიიღებს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ან ასევე, თუკი არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დანაშაულებრივი მიზნებისთვის სხვის ტელეფონს გამოიყენებს. ეს სტანდარტი და მიდგომა ჩვენს კანონმდებლობაში საერთოდ არ არის გაწერილი”, – აცხადებს გოცირიძე.


მისივე თქმით, მოქმედ კანონში ასევე არ არის გაწერილი ზუსტი ვადები, ანუ ის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება, რომ ადამიანის პირადი საკომუნიკაციო საშუალებები მოსმენის ობიექტს წარმოადგენდეს. კანონი ამ თვალსაზრისით მხოლოდ ზედა ზღვარს აწესებს და ამბობს:


“განსაკუთრებულ შემთხვევაში, ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით, რომელიც სანქცირებული უნდა იყოს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვისა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება”.


“კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, ერთი თვეა, ორი თვე თუ რამდენი”, – აცხადებს საიას იურისტი.


ამასთან, კანონი არ ითვალისწინებს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა და დასრულდა, ამის შესახებ ეს ადამიანი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ. ამ პრინციპის დანერგვის თაობაზე ყოფილი ევროკომისარი  და საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამერბერგიც საუბრობს თავის ანგარიშში – “საქართველო გარდამავალ პერიოდში”:


“ჩვენს კანონში არ არსებობს შეტყობინების პრინციპი. თუ, მაგალითად, მე მისმენენ და ტელეფონში ვიტყვი, რომ ჩავიდინე რაღაც კონკრეტული დანაშაული, ამას, რა თქმა უნდა, ჩაიწერენ, გადასცემენ პროკურორს და პროკურორი ვალდებულია, რომ მაცნობოს ამის თაობაზე, ანუ გამიცვალოს ეს მტკიცებულება და შემატყობინოს, რომ სასამართლოში ამის ჩემ წინაააღმდეგ გამოყენებას აპირებს, მაგრამ თუკი მე 1 ან 2 წლის განმავლობაში ტელეფონზე არანაირ დანაშაულზე არ ვსაუბრობ, ვერასოდეს გავიგებ, რომ მისმენდნენ. ჩვენი კანონი ითვალისიწნებს იმას, რომ ადამიანს უფლება აქვს გაასაჩივროს სასამართლოში, თუკი მას უკანონოდ უსმენენენ, მაგრამ როგორ უნდა გაიგოს, რომ უსმენენ? როგორ დაამტკიცოს სასამართლოში, რომ უსმენდნენ? ის ამას ვერ შეძლებს, შესაბამისად, ეს დებულება მკვდარია. ამ თვალსაზრისით უდანაშაულო ადამიანი უფრო მეტად არის დაზარალებული, ვიდრე დამნაშავე, დამნაშავე გაიგებს, რომ მის ტელეფონს უსმენდნენ, მაგამ უდანაშაულო ადამიანი ვერასოდეს გაიგებს ამას”, – აღნიშნავს საიას იურისტი.

დღეს არსებული კანონის მიხედვით, “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს, ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს გენერალურ პროკურორს, ან მის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ მოადგილეს, აგრეთვე, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს”. საიას იურისტის თქმით კი, პრობლემურია ის, რომ არ არის დადგენილი მონაცემების განადგურების ზუსტი წესი.

“ვთქვათ, 1 თვე ვუსმინე ადამიანს, ვერაფერი ვერ აღმოვაჩინე, მერე რა ხდება? ეს ჩანაწერები ხომ რაღაც აუდიო ან ვიდეოფორმით რჩება, იმას რას ვუშვრებით? თუკი ის არ გვჭირდება დანაშაულის გამოსაძიებლად, ან ვინმეს პასუხისგებაში მისაცემად, როგორ ვანადგურებთ, ვინ ანადგურებს, როგორ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს მასალები განადგურებულია? ეს მექანიზმი კანონში არ არის გაწერილი და შესაძლოა, ძალიან დიდი ხნის მანძილზეც ინახებოდეს. იქ ერთი ჩანაწერია, რომ 25 წლის განმავლობაში მონაცემი არის საიდუმლო და მხოლოდ პირთა ვიწრო წრეს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ამ მასალებთან, მაგრამ 25 წლის შემდეგ შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისთვის მისი გამოყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ 25 წელი შეიძლება ინახებოდეს ეს მასალა და შემდეგ შენი საუბარი ვიღაცამ სამეცნიერო კვლევისთვის გამოიყენოს”.

რა იგეგმება კონტროლის მექანიზმების შესაქმნელად


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინიცირებული ხელშეკრულების ტექსტში მითითებულია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ნომერი 87–ე კონვენციის (რომელიც პოლიციის სექტორში პერსონალური მონაცემების დამუსავებას არეგულირებს) პირველივე პრინიციპი ამბობს:


“ყველა წევრ ქვეყანას უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი საზედამხედველო ხელისუფალი პოლიციის სექტორის გარეთ, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ რეკომენდაციაში მოცემული პრინციპების უზრუნვეყოფაზე”.


იმავე რეკომენდაციაში ნათქვამია: “მუდმივი ავტომატიზირებული ფაილები უნდა გადაეგზავნოს საზედამხედველო ორგანოს. შეტყობინებაში უნდა იყოს მითითებული ფაილების არსი, მიზნები, რის გამოც მისი დამუშავება ხდება”.


პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ამბობს, რომ კონკრეტულად ამ კონვენციის რეკომენდაციების ქართულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზურნველყოფა არა მის უწყებას, არამედ საგამოძიებო ორგანოებს ეხებათ.


პარლამენტში ზვიად ქორიძის, ლაშა ტუღუშის, ლიკა საჯაიას და დეპუტატ შალვა შავგულიძის ავტორობით ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას სამართალდამცავი უწყებების კონტროლს ითვალისწინებს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა შემდგომში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დაამუშავა და მისი ინიცირება განახორციელა. ამ კომიტეტის საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ცვლილებები  4 კანონში უნდა შევიდეს: პერსონალური მონაცმების დაცვის შესახებ კანონში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე ამბობს, რომ თუ ეს ცვლილებები კანონმდებლობაში აისახება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის თვალსაზრისით საქართველო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს მაქსიმალურად მიუხალოვდება:

 

“დღეის მდგომარეობით მეტად სავალალო სიტუაცია გვაქვს. მარტივად რომ ვთქვათ, სამართალდამცავებსა და ტელესაკომუნიკაციო საშუალებებს შორის მუდმივი მიერთება არსებობს და ამ პროცესის  გასაღები თავად სამართალდამცავებს გააჩნიათ. მათ ამ კომპანიის აბონენტის მიერ განხორციელბული კონტაქტების მეშვეობით ნებისმიერი ინფორმაციის გადაქაჩვა შეუძლიათ ისე, რომ ამის თაობაზე არც კი იცის თვითონ ამ კომპანიამ, რომელსაც ადამიანმა, გახდა რა მისი აბონენტი, თავისი პერსონალური ინფორმაციაც მიანდო”, –  აცხადებს იგი და დასძენს, რომ ამ საკითხზე მუშაობის პროცესში იგი საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა სატელეკომუნიკაციო კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. მისი თქმით, ის ტექნიკური მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც საგამოძიებო უწყებებს მათ ქსელთან მიერთების შესაძლებლობა აქვთ, წინა ხელისუფლების დროს თვითონ ამ კომპანიებს აყიდინეს, ეს სისტემები  უშუალოდ კომპანიების ტერიტორიაზეა დამონტაჟებული, თუმცა მათი მეშვეობით ოპერირების უფლება მხოლოდ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს აქვთ:

 

“[მოქმედი კანონის მიხედვით] მოსამართლის ნებართვა [მოსმენის კანონიერების თაობაზე] არ მიდის ტელეკომუნიკაციების კომპანიაში. ეს მიდის უშუალოდ სამართალდამცავ უწყებაში და მხოლოდ მათ კეთილსინდისიერებაზე ანუ თვითკონტროლზე რჩება დამოკიდებული აბონენტი, ისინი ზუსტად იმ მოცულობით და იმ პირთა შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რაზეც მოსამართლის ნებართვა არსებობს, თუ დამატებით კიდევ მრავალს, და სწორედ ამ მანკიერი რეგულაციების შედეგი იყო ის, რომ წინა წლებში აურაცხელი პერსონალური სახის ინფორმაცია დაგროვდა”, – აცხადებს შავგულიძე და დასძენს, რომ ასეთი მუდმივი მიერთების პრაქტიკა ტექნიკური თვალსაზრისით საერთაშორისო სტანდარტებითაცაა დაშვებული, რათა საჭირო არ იყოს, რომ ოპერატიულმა მუშაკმა კომპანიაში იაროს დისკებზე იმ მონაცემების ჩაწერის მოთხოვნით, რაზეც მას ნებართვა გააჩნია, რაც საგამოძიებო მოქმედებების პროცესს გაართულებს:


“მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ამის კონტროლის მექანიზმიც უნდა არსებობდეს”.


შავგულიძის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატავა უზრუნველყოფს ამ პროცესის რამდენიმესაფეხურიან ეფექტურ კონტროლს:


“1. უნდა გაიზარდოს იმ კომპანიის პასუხისმგებლობა, რომელსაც აბონენტმა თავისი პერსონალური მონაცემები მიანდო, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიამ უნდა გამოყოს სპეციალური სამსახური, სადაც სასამართლოს განჩინება მივა იმის თაობაზე, კომპანიის რომელი აბონენტის და რა მოცულობის ინფორმაციის მიღების თაობაზეა გაცემული ნებართვა.


2.  ეს მონაცემები უშუალოდ სამართალდამცავ სტრუქტურაში უნდა აღირიცხოს.


3. პარალელურად რეალურ დროში უნდა აისახოს (შეიძლება ეს მოხდეს კოდირებულად, რათა საგამოძიებო და და კონსპირაციული ინტერესი არ იქნას დარღვეული) პერსონალური მონაცმების დაცვის ინსპექტორთან, რომელსაც შემდგომში გადამოწმების საშუალება ექნება.

4. ასევე, შესაძლოა, აისახოს იმ სასამართლოშიც, რომელმაც თანხმობა გასცა ფარული მიყურადების კანონიერების თაობაზე”.

შალვა შავგულიძეს სჯერა, რომ კონტროლის პარალელური რამდენიმე წყაროს არსებობა მომავალში შესაძლებელს გახდის გადამოწმების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბებას, რომლის მეშვეობითაც დადგინდება: რამდენად კანონიერად მოხდა ამა თუ იმ ფარული საგამოძიებო მოქმედბების ჩატარება.

როგორ გაკონტროლდება ფარული საგამოძიებო მოქმედებები პროექტის მიხედვით
როგორ გაკონტროლდება ფარული საგამოძიებო მოქმედებები პროექტის მიხედვით

რას აპირებს მთავრობა? – შსს-ს შენიშვნები 


ზემოხსენებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს შსს–ს. “ნეტგაზეთმა” უწყების პრესსამსახურთან რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა ინტერვიუს ჩაწერა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიასთან, რომელიც ამ საკითხზე მედიასთან სამინისტროს სახელით საუბრობს. თვითონ იზორიამ ჩვენთან პირად საუბარში განაცხადა, რიმ ინტერვიუს არ მოგვცემს, რადგან პრესსამსახურის თანხმობა არ აქვს, სამაგიეროდ მან ზემოხსენებული საკითხის შესახებ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, იმ კანონპროექტში, რომელსაც შავგულიძე და არასამთავრობო სეტქორი ლობირებენ, არის პრინციპული საკითხები, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე:


“კანონპროექტის ავტორებს სურთ საიდუმლო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს მობილური ოპერატორებისთვის. მაგალითად, ოფიციალურმა ორგანომ ინფორმაცია მიიღო ტერორისტების მოქმედებაზე. მათი ლოგიკით, ეს წინასწარ უნდა შევატყობინოთ პროვაიდერებს, გავანდოთ საიდუმლო ინფორმაცია და შემდგომ გვექნება მოსმენის საშუალება. ვინ არის დაზღვეული, რომ ამ ინფორმაციას არ გაყიდიან ან შემთხვევით არ გაახმაურებენ კერძო კომპანიები?” – აცხადებს იზორია.


შალვა შავგულიძე კი ამბობს, რომ გასული თვეების განმავლობაში კანონპროქტის საპარლამენტო განხილვებზე გატანა იმიტომ არ მოხდა, რომ მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის შსს–სთან, არასამთავრობო სექტორთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, უცხოელ ექსპერტებთან. მისივე თქმით, მათ შსს–ს შენიშვნებზე პასუხები წერილობითაც გადაუგზავნეს. შავგულიძის მტკიცებით, მათ მიერ შემუშავებული კანონპორექტი უკვე მოიწონა ევროსაბჭომ და რამდენიმე გერმანელმა დამოუკიდებელმა სამართლის ექსპერტმა, რომელთაც დოკუმენტი ანალიზისთვის გადაეგზავნათ. დეპუტატი აცხადებს, რომ მოცემული საკანონმდებლო ინიციატივა საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის წინასწარ პროვაიდერისთვის განდობაზე არაფერს ამბობს. მისივე თქმით, სატელეკომუნიკაციო კომპანიებში სულ რამდენიმე ადამიანი იქნება ამ თემაზე პასუხისმგებელი და თუ იმის საფრთხე არსებობს, რომ მათ საიდუმლო მონაცემები გაასაჯაროონ გარკვეული მიზნებით, ასეთივე საფრთხე ოპერატიული მუშაკების მხრიდანაც მოდის პოტენციურად:


“თუ კომპანიას სურვილი აქვს, მას ყოველთვის შეუძლია, რომ მისი აბონენტის ინფორმაციის შინაარსი მოიპოვოს. ევროპული სტანდარტით კომპანიებში მოქმედებს შესაბამისი განყოფილება, სადაც მუშაობენ სპეციალურად ამ უფლებამოსილებით აღჭურვილი სულ რამდენიმე თანამშრომელი, რომელთათვის ცნობილი ხდება სასამართლოს ნებართვა, რომელი აბონენტის პერსონალურ მონაცემების ხელმისაწვდომობაზეა გაცემული. ვთქვათ, არსებობს ვარაუდი, ხომ შეიძლება კომპანიის ამ თანამშრომელმა ეს გაახმაუროსო, მაგრამ სამაგიეროდ ამას აქვს ის განსაკუთრებული ეფექტი, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელსაც ადამიანმა თავისი პერსონალური მონაცემები მიანდო და გახდა მისი აბონენტი, პასუხისმგებელი ხდება იმაზე, რომ სწორედ იმ მოცულობის ინფორმაცია გახდება სამართალდამცველებისათვის ხელმისაწვდომი, რაზეც ლეგიტიმური მიზნების შესაბამისად სასამართლოს ნებართვაა გაცემული. გარდა ამისა, იგივე წამრტებით [შეგვიძლია ვივარაუდოთ] რომ ოპერთანამშრომელსაც შეუძლია ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება [პოტენციურად, მაშინ, რაშია აქ განსხვავება?”.


პერსონალური მონაცემების დაცვის ინპექტორი თამარ ქალდანი იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, თუმცა, მისი თქმით, საჭიროა გამოიძებნოს ბალანსი, რათა ზოგადად არც ადამიანის უფლებები დაზარალდეს და არც საზოგადოების საჯარო ანუ გამოძიების ინტერესი. მისი თქმით, თუ, საბოლოო ჯამში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო სტრუქტურების ფარული საქმიანობა ინსპექტორმა უნდა გააკონტროლოს, საჭირო იქნება ინსტიტუტის რესურსების გაძლიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მხოლოდ 14-თანამშრომლიანი გუნდით ასეთი ფართო მასშტაბის საქმიანობას ვერ შეასრულებს. მისივე თქმით, აუცილებელი იქნება საერთაშორისო გამოცდილებისა და მეთოდოლოგიის ათვისება, რადგან საქმე ძალიან რთულ პროცესთან გვაქვს – “ყველაზე რთულია უყურო იმას, ვინც შენ გიყურებს”.


“როგორი კონტროლის მექანიზმი იქნება და სად იქნება ეს კონტროლი, აქ თუ სხვაგან, ამაზე მე ვფიქრობ, რომ მსჯელობა კიდევ გასაგრძელებელია, რადგან გასთვალსიწინებელია რესურსი, რაც ასეთი ტიპის კონტროლისვის არის საჭირო, გასათვალისწებელია მაკონტროლებლების ლეგიტიმაცია. ეს ყველაფერი უნდა მოვიფიქროთ. განსხვევბული მიდგომები არსებობს დასავლეთში: არის ქვეყნები, სადაც ასეთი ტიპის კონტროლი ხორციელდება ინსპექტორის მიერ, არის მეორე მიდგომა, როცა ცალკე მაკონტროლებელი ორგანო მოქმედებს. ასევე არსებობს რამდენიმე უწყების წარმომადგენლების მეშვეობით შექმნილი საბჭოების პრაქტიკაც”, – ამბობს ქალდანი.

შალვა შავგულიძის განცხადებით კი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ჩამოყალიბებული საკანონმდებლო პროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლის გაძლიერებას ითვალისწინებს. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დღეს მოქმედი კანონით, “ინსპექტორი ვალდებულია დაგეგმილი შემოწმებისა და მისი ფარგლების შესახებ წინასწარ, არანაკლებ 3 დღით ადრე აცნობოს იმ დაწესებულებას, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან, ან რომელიც ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას”. შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ეს ნორმა კონკრეტულად ოპერატიულ-სამძებრო სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვაზე არაეფექტურად აისახება, ამიტომ კანონპროექტი ამ საკითხსაც დაარეგულირებს:


“მისი უფლებამოსილება იზრდება კონტროლის სფეროში. დღეს ფაქტობრივად უუფლებოა, თუ რამე შემოწმებას აპირებს, წინასწარ უნდა აცნობოს 3 დღით ადრე და, ფაქტობრივად, იმის შემოწმების უფლება აქვს, რასაც შესამოწმებლად მიაწვდიან. ეს არის არაეფექტური კონტროლი”.

გარდა ამისა, დღეისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ღია კონკურსის წესით, თუმცა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება. შავგულიძე ამბობს, რომ კანონპროექტი ამ ნორმასაც ცვლის და ინსპექტორის დანიშვნის საკითხში პარლამენტი ჩაერთვება:


“აღარ მოხდება ის, რომ მთავრობა ნიშნავდეს ინსპექტორს, ვინაიდან არ შეიძლება, რომ მთავრობის მაკონტროლებელი მთავრობამ უნდა დანიშნოს”.


მისივე თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს უწყებათაშორისი კომისიის შექმნას, რომელშიც პარლამენტიც ჩაერთვება. ეს კომისია ფარული საგამოძიებო საქმიანობისას მოპოვებული პერსონლაური მონაცემების განადგურებაზე იქნება პასუხისმგებელი:


‘ანუ ჩვენ გვექნება მრავალხმრივ კონტროლირებადი სიტუაცია როგორც მონაცემების მოპოვების, შემდეგ შენახვის და ისე მათი განადგურების თაობაზე”.


კიდევ ერთი სადავო საკითხი

კანონპროექტის იმ რედაქციაში, რომელიც დღეისათვის პარლამენტში არსებობს პერსონალური მონაცემების საკითხზე, წერია, რომ ფარული მიყურადება და თვალთვალი შესაძლებელია ყველა ისეთ დანაშაულზე, რომელიც განზრახ არის ჩადენილი. შალვა შავგულიძე ნეტგაზეთთან საუბარში აღიარებს, რომ ეს ჩანაწერი აფართოებს იმ დანაშაულთა წრეს, რომელზეც სამართალდამცველებმა შესაძლოა, მსგავსი სახის საგამოძიებო მოქმედებები გამოიყენონ, მაშინ, როცა გიორგი გოცირიძის თქმით, ევროპული სტანდარტი ასეთი ტიპის დანაშაულებების მკაცრ ლიმიტირებას ითვალისწინებს მისი სიმძიმის შესაბამისად. დეპუტატის არგუმენტაცია ასეთია:

“თუ კონკრეტულად დანაშაულის სიმძიმის მიხედვით იქნება მხოლოდ [შესაძლებელი ფარული საგამოძიებო ქმედება], ანუ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში, ვშიშობთ, არ მივიღოთ ისეთი სურათი, რომ კონკრეტული საქმის გამოძიებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩაითვალოს ფარული მოსმენა ან თვალთვალი, მაგრამ რადგან დანაშაულის კვალიფიკაცია არის მსუბუქი, ეს გახდება ხელშემშლელი გარემოება, და არ მოხდეს ისე, რომ სამართალდამცველებმა ხელოვნურად დაამძიმონ კვალიფიკაცია და უფრო მძიმე მუხლით დააკვალიფიცირონ ქმედება, ვიდრე ეს რეალურად არის, მხოლოდ იმ მიზნით, რომ განახორციელონ ფარული საგამოძიებო მოქმედება”.


ნეტგაზეთის რეპლიკას, ხომ არსებობს გამომძიებლების საზედამხედველო ორგანო, გენერალური ინსპექცია ან პროკურატურა, რომელსაც ევალება შეისწავლოს, ხომ არ ამეტებს უფლებამოსილებას ესა თუ ის გამომძიებელი, იგი პასუხობს:


“ადვილი სათქმელი არ არის. ამას ასე ადვილად ვერ გამოიძიებენ. არ გვინდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ასეთი სიტუაცია მივიღოთ. თუმცა იმდენად ინტენსიურია [არასამთავრობო სექტორის] მოთხოვნა, რომ რაღაც დანაშუალებათა კატეგორიებზე ან სიმძიმის მიხედვით მოხდეს შევიწროვება ამ წრის, მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო განხილვების პროცესში ჩვენ მაინც შევიწროება მოგვიწევს. ალბათ მოგვიწევს ამაზე წასვლა”.


რატომ გაჭიანურდა კანონპროექტის განხილვა? – “ეს შენ გეხება”

გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში ზემოხსენებული კანონპროექტის ინიცირებიდან უკვე ერთი წელი გავიდა და საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა ჯერაც არ დაწყებულა, უკმაყოფილოები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ამის გამო “ეს შენ გეხებას” კამპანია განაახლეს სლოგანით – ‘ისევ გვისმენენ”. შალვა შავგულიძე კი აცხადებს, ეს დრო სხვადასხვა უწყებებთან, NGO-ებთან და ევროპელ ექსპერტებთან კონსულტაციებში დაიხარჯა. მას სჯერა,  რომ კანონპროექტის განხილვა აპრილის პირველი რიცხვებიდან დაიწყება, მას შემდეგ, რაც საქართველოში შესაბამის თემაზე მომუშავე ევროსაბჭოს ექსპერტები ჩამოვლენ და თბილისში 2–დღიანი კონფერენცია ჩატარდება ფარული მოსმენების საკითხზე

საქართველოს მთავრობა ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპს, რაც ქართული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს, ზაფხულამდე დაასრულებს. შალვა შავგულიძეს კი სჯერა, რომ დეპუტატების სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს ცვლილებები კანონმდებლობაში შეიძლება აპრილის ბოლომდეც აისახოს.


მისივე თქმით, ოპერატიულ-სამძებრო სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვაზე ზრუნვა ამ საქმის მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდგომი საკნონმდებლო ცვლილებები კი, რომელზეც კომიტეტს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, უშიშროების და სასჯელაღსრულების სისტემებში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი