სამართალი

გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 3 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო დევნა

26 მარტი, 2014 • • 1321
გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 3 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო დევნა

გამოძიების ცნობით, 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, სად-ის N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს – შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის არსებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

“შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან  გონება  დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო.  მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ მის მიმართ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ თავს. აღნიშნული ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, რა დროსაც გიგა ფარტენაძე გადაყვანილი იქნა №14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად იგი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

 

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, გიგა ფარტენაძის გარდაცვლების მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით.

 

აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შოთა შანიძისა და ლევან მოისწრაფიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მერვე ნაწილით, ხოლო გიორგი სეხნიაშვილის მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მერვე ნაწილით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი