ახალი ამბები

“იდენტობა”: მოქალაქეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება

25 მარტი, 2014 • • 1154
“იდენტობა”: მოქალაქეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება

“უსახლკარო გელა, რომელიც 15 წელია ქუჩაში ცხოვრობს,  უახლოეს ხანებში შეიძლება განგრენით  გამოწვეული შოკით დაიღუპოს, თუ სასწრაფოდ მისი მკურნალობის დაწყება არ გახდება შესაძლებელი.

2014 წლის 25 მარტს “იდენტობას” მიმართა მოქალაქემ, რომელიც საკუთარი ძალით ცდილობს დაეხმაროს სხვა მოქალაქეს, გელა სიხარულიძეს, რომელიც განსაცდელშია. კერძოდ, ის არის უსახლკარო და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. ბოლო დღეების განმავლობაში მას ძალიან გაუსივდა ქვედა კიდური, რის გამოც ის ფეხზე დგომას საერთოდ ვერ ახერხებს. გელას მდგომარეობა სწრაფად უარესდება.

თამარ მეფის გამზირზე, ქუჩაში, სადაც გელა იმყოფებოდა, მოხალისემ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გელას წინასწარ დიაგნოზად განგრენა დაუდგინა და განაცხადა, რომ ის სასწრაფოდ სეფსისის ცენტრშია გადასაყვანი. თუმცა თავად უარი თქვა მის საავადმყოფოში გადაყვანაზე. მიზეზად კი დასახელდა ის, რომ მისი მდგომარეობა არ საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას.

შემდეგ მოქალაქემ გამოიძახა პატრული, რომლის თანამშრომლებმაც თქვეს, რომ გადაიყვანდნენ გელას თავშასაფარში, სადაც ავადმყოფს ექიმი შეამოწმებდა მხოლოდ მომდევნო დღეს. შედეგად, გელა ცოტა ხნის წინ მოსკოვის გამზირზე, ე.წ. კარვების თავშესაფარში გადაიყვანეს.

გელას მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ყოველი წუთი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თავშესაფარში ექიმის მოსვლამდე კი ძალიან დიდი დროა. გარდა ამისა, თავშესაფარში ექიმი ვერაფერს გააკეთებს ადგილზე. ჩვენი აზრით, მას სტაციონარული და სასწრაფო დახმარება ესაჭიროება.

გელა უსახლკარო ადამიანია, ის ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას 15 წელია აფარებს თავს, “იდენტობის” დახმარებით მისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობის აღება მოხერხდა, მაგრამ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება შეუძლებელია. ამ სტატუსის მისაღებად კანონი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ითხოვს. შესაბამისად, მას ფაქტობრივად ეკუთვნის სოციალურად დაუცველის სტატუსი, თუმცა ფორმალურად მას ვერ იღებს.

სამწუხაროდ, საკუთარი რესურსებით ჩვენ ვერ შევძლებთ მისთვის გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებას. სხვა შემთხვევებში ვეცდებოდით თანხების მობილიზებას, მაგრამ შემთხვევის გადაუდებლობიდან გამომდინარე მხოლოდ სახელმწიფოს ეფექტურმა ჩარევამ შეიძლება იხსნას გელა სიხარულიძე მტკივნეული და გარდაუვალი სიკვდილისგან. “იდენტობა” მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს, სასწრაფოდ, უახლოეს საათებში იმოქმედონ გელა სიხარულიძის სიცოცხლის გადასარჩენად”, – აცხადებს “იდენტობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი