ხელოვნება

ინსტიტუციური ცვლილებები კულტურის სამინისტროში

25 მარტი, 2014 • • 949
ინსტიტუციური ცვლილებები კულტურის სამინისტროში

კულტურის სამინისტროში დღეს, 4 საათზე მემორანდუმს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა და აშშ-ის საერთაშორისოს განვითრების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა მოაწერეს ხელი. 

 

მემორანდუმი გაფორმდა USAID-ის “ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების” პროექტის (HICD PLUS) ფარგლებში და ითვალისწინებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესებას, განაცხადების დამუშავების პროცესის სისტემატიზაციას, სამინისტროს შიდა ოპერაციების ფორმალიზებასა და ოპტიმიზაციას. 

 

კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ მემორანდუმის დასრულების შემდეგ სამინისტროს მუშაობა “ევროპულ სტანდარტებს” მიუახლოვდება. 

 

ალექსანდრე მარგიშვილი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობის შედეგად სამინისტროს მუშაობა ეფექტური გახდება. მისი თქმით, პროექტი მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. მარგიშვილის თქმით, ცოდნის გადაცემა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მოხდება ტრენინგების სახით, ამავე დროს სამინისტრო მიიღებს კონსულტაციას USAID -ისგან. 

 

“შემოგვთავაზებენ ცვლილებებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო თანამედროვე და როგორ შეიძლება ნაკლები დროის ხარჯვით მიღება გადაწყვეტილებების და ასევე ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარება”,- განაცხადა მარგიშვილმა.  

 

მარგიშვილის თქმით, სამინისტროში დღეს მოქმედი ყველა პროცედურა იქნება განხილული და ამის შემდეგ USAID-ის კონსულტანტები შესთავაზენ ცვლილების საუკეთესო ვარიანტს, შემდეგ ეს ყველაფერი გაიწერება და დაწესდება, თუმცა მას ნორმატიული რეგულაციის ფუნქცია არ ექნება.

 

ლევან ხარატიშვილი, მინისტრის აპარატის უფროსი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ფიქრი ინსტიტუციურ ცვლილებებზე სამინისტროში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ დაიწყეს, რადგან “სამინისტროს კარი გაიღო” ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც დღეში 50-70 განაცხადი შეაქვთ, სამინისტრო კი ამ ტემპით მუშაობას შეჩვეული არ იყო. 

 

ხარატიშვილის თქმით, მომავალი თვიდან შეუდგებიან მუშაობას. პირველ ეტაპზე USAID შეისწავლის სამინისტროს მუშაობას, მის სუსტ მხარეებს და დასახავს მიზანს, თუ რა უნდა გამოსწორდეს. ამის შემდეგ კი დაიწყება კონკრეტული ღონისძიებების გატარება, თუ რა უნდა გაკეთდეს დასახული ამოცანების შესარულებლად. 

 

“ჩვენი მიზანი ის არის, რომ კულტურის სამინისტროში შევქმანათ ისეთი ბაზისი, რომელიც ნებისმიერ მენეჯმენტს გაუადვილებს შემდეგში მუშაობას, რაც აქამდე არ ხდებოდა”,- ამბობს ლევან ხარატიშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი