ახალი ამბები

ზღუდავს თუ არა მთავრობის კანონპროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილებას

24 მარტი, 2014 • • 983
ზღუდავს თუ არა მთავრობის კანონპროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილებას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე გიორგი კვერენჩხილაძე ამბობს, რომ ინიცირებული ცვლილებებით პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები [პირის მიერ] მოქალაქეობის მიღებასა და აღდგენაზე პრემიერ–მინისტრის კონტრასიგნაციას [ხელმოწერას ძალაში შესასვლელად] ექვემდებარება, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის დისკრეციაა:

 

“ჩვენ გვაქვს შემდეგი დამოკიდებულება მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის პროექტთან დაკავშირებით: საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეობის საკითხებს წყვეტს პრეზიდენტი. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით კი, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები მოქალაქეობის მინიჭების და მოქალაქეობის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე არ ექვემდებარება კონტრასიგნაციას, ხოლო პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები მოქალაქეობის მიღებასა და აღდგენაზე ექვემდბარება კონტრასიგნაციას. ჩვენ ვთვლით, რომ მოქალაქეობის მიცემასთან დაკავშირებული საკითხები არის პრეზიდენტის დისკრეცია, შესაბამისად, კანონმდებლების ნება იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ მოქალაქეობის საკითხებს პრეზიდენტი დამოუკიდებლად წყვეტდეს და მის სამართლებრივ აქტებს მოქალაქეობის როგორც მიღებაზე, მინიჭებაზე, აღდგენასა და აღდგენის თაობაზე უარის თქმაზე არ უნდა ესაჭიროებოდეს კონტრასიგნაცია”,  – აცხადებს კვერენჩხილაძე და დასძენს: ნაკლებად ლოგიკურია, რომ მოქალაქეობის მინიჭებისა და და მოქალაქეობის აღდგენაზე უარის თქმის სამართლებრივ აქტებს  არ ესაჭიროებოდეს კონტრასიგნაცია, ხოლო მოქალაქეობის მიღებას და აღდგენას – ესაჭიროებოდეს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტისთვის კონსტიტუციური უფლებამოსილებების შეკვეცის საკითხი ბიძინა ივანიშვილთან მარგველაშვილის უთანხმოებას უკავშირდება, თუმცა კვერენჩხილაძე ასეთ ინტერპრეტაციებს არ იზიარებს:

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია იგივე მედიასაშუალებების მხრიდან. ეს არის ჩვეულებრივი, კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, შესაბამისად, ამაში დიდ ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ხელისუფლების დანაწილებისთვის, გაწონასწორებისთვის და დაბალანსებისთვის საკამოდ კარგი, ნორმალური და მისასალმებელი პროცესია, რომ ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში”.

მისივე თქმით, ზემოხსენებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო სამსახურმა კი თავისი მოსაზრებები საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადაუგზავნა:

 

“მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საპარლამენტო მდივნის სამსახურის წინასწარი შენიშვნები თითქმის ერთ თვის წინ იქნა გაგზავნილი პარლამენტში. ამ საკითხზე ძალიან ნაყოფიერი და მუშა პროცესი მიმდინარეობს როგორც მთავრობის, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი მოსაზრებების გარკვეული ნაწილი გაზიარებული იქნა, მიმდინარეობს მოსაზრებების და პოზიციების შეჯერება. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის პროცესი ჯერ არც კი დაწყებულა და მიდის ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მუშა პროცესი. გარკევულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და სხვა საკითხებზეც მოხდება ალბათ”.

 

ამ საკითხს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ახალ კონსტიტუციურ რეალობას დაუკავშირა:

 

“ჩვენ ცვლილებები 170–მდე კანონში შევიტანეთ საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე. დღეს საუბარია ახალ კანონზე მოქალაქეობის შესახებ, ეს არ არის ცვლილებები ძველ კანონში, აქ არის საუბარი ახალ კანონზე, რომელიც შემოვიდა პარლამენტში მთავრობის ინიცირებით. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული, პროდუქტიული, კოსნტრუქციული კონსულტაციები შედგა პარლამენტის შიგნით, რომელშიც მონაწილეობდნენ მთავრობის საპარლამენტო, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც, მეც მივიღე თავად მონაწილეობა ორ–სამ ასეთ შეხვედრაში და მე ვთვვლი, რომ პრაქტიკულად ყველა საკითხზე ჩვენ მივაღწიეთ ძალიან სწორ შეთანხმებას, მათ შორის ამ თემაზეც.

ძალიან კარგია, რომ აქტიურად არის ჩართული პრეზიდენტი და მისი აპარატი საკანონმდებლო საქმიანობის ადრეულ ეტაპზე და ეს მხოლოდ და მხოლოდ გაგვიადვილებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას”,  – ამბობს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი