ხელოვნება

“გუდიაშვილის სკვერში მდებარე შენობები თვითმმართველობას უნდა გადაეცეს”

24 მარტი, 2014 • • 1751
“გუდიაშვილის სკვერში მდებარე შენობები თვითმმართველობას უნდა გადაეცეს”

ორგანიზაციების განცხადებით, საკითხით დაინტერსებულ ჯგუფებს არ ეძლევათ საშუალება იყვნენ ჩართული და თვალი მიადევნონ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესს, რომლის დროსაც შესაბამისი ორგანოების მიერ არ გადადგმულა ეფექტური ნაბიჯები გუდიაშვილის მოედანზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადო წესების დაცვისათვის.

 

23 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობები ,,თბილისის განვითარების ფონდმა’’ საკუთრებაში გადასცეს თბილისის თვითმმართველობას.

 

საკითხის გამჭვირვალობისთვის გამოცხადდეს საერთაშორისო ღია კონკურსი მოედნის განვითარების კონცეფციაზე და სარესტავრაციო პროექტების შექმნაზე. საკონკურსო პირობების შექმნაში და გამარჯვებული პროექტების გამოვლენაში ჩართული იყოს  პროფესიონალთა ფართო სპექტრი. 

 

“საიასა” და “ტფილისის ჰამქარს” მიაჩნიათ, რომ ობიექტების გასხვისებისას თბილისის თვითმმართველობამ  პირობებიანი აუქციონის საშუალებით ყოველ ობიექტს დაურთოს კონკურსის ფარგლებში შექმნილი კონცეფცია და სარესტავრაციო დოკუმენტაცია, სადაც მკაცრად და მკაფიოდ განისაზღვრება შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ვადები, წესები, პირობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ინვესტორზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შექმნილ ჯგუფს დაევალოს.

 

დღევანდელი მდგომარეობით გუდიაშვილის მოედანი თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაა. ხოლო მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობები – “თბილისის განვითარების ფონდის”.

 

ორგანიზაციებსი განცხადებით, დღეისთვის არც თბილისის მერიას, არც თბილისის განვითარების ფონდს და არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მოხდება ტერიტორიის რეაბილიტაცია და რა ბედი ელის გუდიაშვილის მოედანზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი