ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი დაიწყო

23 თებერვალი, 2014 • • 1343
ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით ესტუმრა. პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს თეთრ სახლში, ასევე მოლაპარაკებები გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას გახსნიან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი და ჯონ კერი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. 

პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” აღმასრულებელ დირექტორ დანიელ იოჰანესთან, ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელებთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, ამერიკის სავაჭრო პალატის პირველ პირებთან, აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო ცენტრის მკვლევარებთან, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან (NDI), ასევე, ამერიკელ ბიზნესმენებთან. 

“დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში და კოლუმბიის უნივერსიტეტში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუს მისცემს მსოფლიოს და ამერიკის წამყვან მედიასაშუალებებს, მათ შორის Foreign Policy-ს, Reuters-ს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უცხოელ ჟურნალისტებს მრგვალი მაგიდის ფორმატშიც შეხვდება”. – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. 

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აშშ-ში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, მთავრობის საბჭოს ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი რომან ჩხენკელი, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 თებერვალს დასრულდება. დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი