ახალი ამბები

ეკა ბესელია: ვფიქრობ, რომ ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას უნდა დავუჭიროთ მხარი

20 იანვარი, 2014 • • 1078
ეკა ბესელია: ვფიქრობ, რომ ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას უნდა დავუჭიროთ მხარი

როგორც “ნეტგაზეთს” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა, ამ საკითხზე უმრავლესობაში გარკვეული კონსულტაციები გაიმართა.

 

რაც შეეხება დარჩენილ ორ კანდიდატურას, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ გენო მგელაძესა და საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებულ ნინია კაკაბაძეს, ბესელია ამბობს, რომ მათზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საპარლემენტო უმრავლესობის პოზიცია უცნობია:

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

 

“სახახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატურა არის მხარდასაჭერი. მნიშვნელოვანია ომბუდსმენის ინსტიტუტისადმი ნდობისა და პატივისცემის განსაზღვრა. ეს ერთი, და მეორე- ქალბატონი ლელას (გაფრინდაშვილი) მიმართ მაქვს პიროვნულად  და გუნდსაც იგივე პოზიცია აქვს, ძალიან პოზიტიური განწყობა. ვფიქრობ, რომ ამ კანდიდატურას ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი” –ამბობს ეკა ბესელია.   

 

პარლამენტში ხმების საჭირო რაოდენობა (76 ხმა) საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა ნინია კაკაბაძემ, სახალხო დამცველის მიერ დასახელებულმა ლელა გაფრინდაშვილმა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კანდიდატმა გენო გელაძემ ვერ მიიღეს. 2013 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. 

 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პარლამენტმა მეურვეობის კანდიდატები საკონკურსო კომისიის მიერ მათი შერჩევიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.

 

მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.

 

თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი

მასალების გადაბეჭდვის წესი