საზოგადოება

შეძლებენ თუ არა მოქალაქეები ვაკის პარკის გადარჩენას?

10 იანვარი, 2014 • 1068
შეძლებენ თუ არა მოქალაქეები ვაკის პარკის გადარჩენას?

ვაკის პარკში, ყოფილ სასტუმრო “ბუდაპეშტის” ადგილას ინვესტორმა მშენებლობა განაახლა. მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ ამ ტერიტორიაზე 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკანონია, სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ.

 

“ჩვენ სარჩელს ვამზადებთ სასამართლოში შესატანად. ადმინისტრაციული წესითაც გავასაჩივრეთ მერიაში. ჩვენი მიზანია, რომ ვიდრე სასამართლო განიხილავს, ეს სასტუმრო არ აშენდეს. ამიტომ ვთხოვთ მერიას, რომ დროებით მაინც შეაჩეროს ეს მშენებლობა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა ერეკლე ურუშაძემ.

 

დღეს გამართული აქციაც ამ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მერიის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ, ჯერ პასუხი ვერ მიიღეს.

 

აქციის შემდეგ მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მერიის გადაწყვეტილება მოქალაქეების ადმინისტრაციულ საჩივარზე რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თუმცა მერია ასევე აცხადებს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ტერიტორია, რომელზეც სასტუმრო შენდება, კერძო საკუთრებაა.

 

ერეკლე ურუშაძე ამბობს, კერძო საკუთრება არაფერ შუაშია, იმის მიუხედავად, რომ მერია სწორედ ამაზე ცდილობს ყურადღების გადატანას:

 

“ეს ტერიტორია სარეკრეაციო ზონაშია და  სტატუსი არის სარეკრეაციო ზონა 2. აქ მშენებლობაზე არის დაწესებული მკაცრი რეგულაციები, ამ ზონაში სასტუმროს მშენებლობა დაშვებულია მხოლოდ გამონაკლისი სახით”.

ურუშაძე ამბობს, რომ ამ მშენებლობის ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავს მიერ დაშვებული გამონაკლისია:

 

“ამას კანონის ენაზე ქვია სპეციალური ზონალური შეთანხმება. კანონი ზღუდავს ასეთ ზონაში მშენებლობას, მაგრამ მერს აქვს უფლებამოსილება, რომ დაუშვას გამონაკლისი. კანონით დადგენილია, რა შემთხვევებში შეიძლება გამონაკლისის დაშვება. გიგი უგულავამ კანონის ეს მოთხოვნები არ შეასრულა, მისი განკარგულება საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას, ამიტომ კანონს არღვევს”.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ამ შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში სასტუმრო ვერ აშენდება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება პოსტ ფაქტუმ რომ არ დადგეს, ამიტომაც თხოვენ მერიას მშენებლობის შეჩერებას.

 

მერიის ოფიციალური პასუხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ  სასტუმრო აუცილებლად აშენდება, რადგან თბილისს ჭირდება ” განვითარება, სასტუმროები და საწოლები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი